"სააკაშვილის ჩამოსვლით არაფერი იცვლება - ყველას გვაქვს ამოცანა, რომ ივანიშვილის რეჟიმი, ეს ეროვნული საფრთხე ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას"
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი შეიცვლება.
როგორც მან განმარტა, არ აქვს მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა თუ არა, მისი მხარდამჭერების ვალია არჩევნებში მოვიდნენ და "ივანიშვილის რეჟიმს საკადრისი მშვიდობიანი პასუხი გასცენ".
"ჩემი აზრით, არაფერი არ იცვლება საქართველოს მოქალაქეებისთვის. იქნება ეს მისი მომხრე, აქტიური მომხრე, აქტიური მოწინააღმდეგე თუ ზომიერი, ყველას გვაქვს ამოცანა, რომ ივანიშვილის რეჟიმი, ეს ეროვნული საფრთხე ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას. რომც არ ეთქვა ჩამოვდივარო, ან თუ გადაიფიქრა, არ ვიცი, პროგნოზს არ ვაკეთებ, რას ცვლის ეს ჩვენს მოვალეობაში ქვეყნის წინაშე? მის აქტიურ მომხრეებსაც მინდა ვუთხრა, შეიძლება არ სიამოვნებს ეს პასუხი. ისინი ხომ ამ ქვეყნის პატრიოტები და მოქალაქეები არიან.
ვინმე სხვა ჩამოვა, თუ არ ჩამოვა, ჩემი აზრით, მათი პოლიტიკური, მორალური ვალი და სამოქალაქო ძალა არის ის, რომ არჩევნებში მოვიდნენ და ივანიშვილის რეჟიმს გასცენ საკადრისი მშვიდობიანი პასუხი", - აღნიშნავს ბოკერია.