"რატომ უნდა წავიდე სააკაშვილის დასახვედრად? არანაირი კოალიცია არ არსებობს" - კვირის პალიტრა

"რატომ უნდა წავიდე სააკაშვილის დასახვედრად? არანაირი კოალიცია არ არსებობს"

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, საქართველოში ჩამოსვლაზე მამობილიზებელი ეფექტი ექნება "ნაციონალურ მოძრაობის“ ელექტორატში - წინა წლების განმავლობაში ივანიშვილი კარგად ახერხებდა სააკაშვილის ხატის გამოყენებას, საფრთხე დაეხატა, რომ "ახლა ჩამოვა ბოროტი კაცი და ამის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ“ ,- ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა მის გეგმებს პოლიტიკურ ველზე ვერ შეცვლის.

ამასთან, დასძენს, რომ "ქართული ოცნება“ არჩევნებზე 43%-ს ვერ აიღებს და დასძენს: "მომავალ წელს ახალ არჩევნებზე გავალთ, სადაც ხელისუფლება შეიცვლება და კოალიციური მთავრობა მოვა“.

"კარგი იქნებოდა რომელიმე სოციოლოგიურ კვლევას გაეზომა და ეთქვა, სააკაშვილი რომ ჩამოვა, რა გავლენა ექნება. როგორც მე ვხედავ, არავის გაუზომავს. მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების მობილიზებას მოახდენს, თუნდაც, მის განცხადებას, რომ საქართველოში ჩამოვა მამობილიზებელი ეფექტი ექნება "ნაციონალურ მოძრაობის“ ელექტორატში. ამავე დროს ისტორიული გამოცდილება რასაც აჩვენებს, არის ის, რომ წინა წლების განმავლობაში ივანიშვილი კარგად ახერხებდა სააკაშვილის ხატის გამოყენებას, საფრთხე დაეხატა, რომ ახლა ჩამოვა ბოროტი კაცი და ამის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ. ასე ამობილიზებდა "ქართული ოცნება“ ელექტორატს. საბოლოო ჯამში, რომელი გადაწონის, არ ვიცი“,- აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად მათ კოალიციაში შემავალი პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად წავიდა, მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სად იქნება ზურაბ ჯაფარიძე, ის დასძენს, რომ ოფისში იქნება, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა წავიდეს სააკაშვილის დასახვედრად

"რატომ უნდა წავიდე სააკაშვილის დასახვედრად? არანაირი კოალიცია არ არსებობს. არსებობს შეთანხმება, თბილისში 4 პარტიას შორის, სადაც "ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა მაჟორიტარებს არ დავაყენებთ, მაგრამ იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი. ჩვენ ამაზე შევთანხმდით, მერობის კანდიდატი არის "ნაციონალური მოძრაობიდან“ და საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები გვყავს. ეს არის შეთანხმება, აეროპორტში დახვედრაზე შეთანხმება არ არის“, - აღნიშნავს ჯაფარიძე და დასძენს, რომ "სააკაშვილთან 6 წელია არ ჰქონია კომუნიკაცია".