"უჩინმაჩინი რომ ვიყო, ბიძინა ივანიშვილს ვესტუმრებოდი..."
მსახიობ ნიკა ქაცარიძეს ბლიც-ინტერვიუსთვის დავურეკეთ. თეატრში რეპეტიციების შემდეგ, ღამით, ისევ რეპეტიციის მოლოდინში მყოფი მსახიობი დაუზარლად გვესაუბრა. ისიც გაგვიმხილა, რომ ფილმში - "ალექსანდრე დიუმას მოგზაურობა საქართველოში" ითამაშებს. "რეჟისორმა დამირეკა - ალექსანდრე დიუმას როლს ვინ შეასრულებს, თუ არა შენო?.. "დავგუგლე" და გარეგნობით მართლა ვგავარ..." - გვითხრა ნიკამ...
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"მართლა არ მჯეროდა, როცა ვიგებდი, რომ მსახიობებს ესიზმრებოდათ, თითქოს სცენაზე გასულებს ტექსტი ავიწყდებოდათ. მეგონა, სულ იტყუებოდნენ... საკუთარ თავზე გამოვცადე: ბოლო დროს მესიზმრება, რომ ტექსტი არ მახსოვს. სცენაზე ვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე... კოშმარული სიზმრებია..."
"კარგი მოსწავლე ვიყავი. უბრალოდ, ახლა ვხვდები, რომ მასწავლებლები იყვნენ არასწორები: ძალიან ცუდად მექცეოდნენ. შეიძლება მთები გადავდგა, თუ ტკბილად დამელაპარაკები. ისინი უხეშად, აგრესიულად მექცეოდნენ... ეგონათ, ჩემგან "ნიუტონი" გამოვიდოდა. კარგი მასწავლებლის ხელში შეიძლება ჩემგან მართლა საოცრება გამოსულიყო..."
"ძალიან კომპლექსიანი ვარ. მსახიობობაც ამიტომ მინდოდა. მსახიობი, რომელიც გეტყვის, რომ კომპლექსები არა აქვს, აბსოლუტური იდიოტია..."
"მინდა, უჩინმაჩინი ვიყო. ვაიმე, ადამიანებს საშინელებებს დავმართებდი! ალბათ ვინმე გეტყოდა, რომ ბანკს "გაიტანდა". უჩინმაჩინი რომ ვიყო, ბანკის გატანა რად მინდა?! გავერთობოდი... ბიძინა ივანიშვილს ვესტუმრებოდი. გავაგიჟებდი... წარმოგიდგენია, უჩინმაჩინი რომ ვიყო, ჩემი ფანტაზიის მქონე მსახიობი კაცი მას რას დავმართებდი?!."
"ჩემი მეუღლე - ნინო ბერიძე ულამაზესი ქალია. ვეკითხები, - საერთოდ, ჩემში რა იპოვე, ჩემგან რა გინდა, ჩემნაირ იდიოტ კაცს ცოლად რატომ გამომყევი-მეთქი? ახლაც, თეატრში რეპეტიცია მაქვს. ღამის რომელი საათია, არც ვიცი..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 30 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ეთო ყორღანაშვილი