2 ოქტომბერს აფეთქების ტალღამ თბილისი შეაზანზარა...
2 ოქტომბერს, დილის 9 სთ-სა და 15 წთ-ზე ათი ათასობით თბილისელი გამაყრუებელი აფეთქებების ხმამ დაზაფრა - ნუთუ დაიწყო?
სწორედ ეს საშინელი კითხვა გაგვიჩნდა, როდესაც კორპუსის სახურავზე სასწრაფოდ ასულებმა დედაქალაქის ერთ რაიონში აფეთქებებისგან წარმოქმნილი უზარმაზარი შავი ღრუბელი ვიხილეთ... ნუთუ დაიწყო ის, რისიც ასე გვეშინოდა - ქართველმა ქართველს ესროლა?
ნუთუ პოლიტიკური უთანხმოებისა თუ სკამების ვერ გაყოფის გამო ერთმანეთს ავტომატების შემდეგ უკვე ქვემეხებიდანაც ესროლეს და საქართველოს სამოქალაქო ომში ითრევენ?
1991 წლის 2 ოქტომბერი იდგა.
დამოუკიდებლობა ახალაღდგენილ საქართველოში ხელისუფლება და შეირაღებული ოპოზიცია ერთმანეთს მამასისხლად გადაეკიდა. ერთი თვით ადრე, 2 სექტემბერს, თბილისში კინოს სახლთან ხელისუფლების ბრძანებით მიტინგი დაარბიეს. თბილისის ზღვაზე გასული გვარდიის ნაწილი ტელევიზიის შენობასთან იყო ჩამოსული და გუშინდელი თანამებრძოლები, ქვეყნისთვის საუბედუროდ, უკვე "კალაშნიკოვის" სამიზნიდან უყურებდნენ ერთმანეთს და ყველაფერი სისხლისღვრის დაწყებისკენ მიდიოდა...
მაგრამ 1991 წლის 2 ოქტომბერს ძმათამკვლელი ომის დაწყებას, საბედნიეროდ, გადავურჩით - თბილისის უბნები დიდუბის სარკინიგზო სადგურში ჩამომდგარი საბჭოთა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის კუთვნილი სამხედრო ეშელონის აფეთქებების სერიამ შეაზანზარა.
საბჭოთა სამხედროებს უნდოდათ, მაშინ ეს ქართული მხარისთვის დაებრალებინათ, თითქოს რადიკალებმა სპეციალურად ცეცხლი წაუკიდეს დიდუბეში შესულ სამხედრო ეშელონს, მაგრამ საქმე, ეტყობა, ჩვეულებრივ "სალდაფონურ" დაუდევრობასთან გვქონდა.
სამხედრო ეშელონზე გაჩენილი ხანძრის შედეგად აფეთქებები დაიწყო მისმა საშიშმა ტვირთმა, მათ შორის - რაკეტებმაც. ხანძრის შედეგად ზოგიერთი რაკეტის ძრავა ამუშავდა, რის გამოც რაკეტების ნამსხვრევები დიდუბის სადგურიდან მოშორებითაც გაიტყორცნა.
ამ ბლოგის ავტორი მაშინ სამხედრო ჟურნალისტიკიდან ძალიან შორს იდგა, თუმცა მაგნიტოგორსკის ქუჩაზე, დეიდის სახლის სახურავის აფეთქებული რაკეტის ნამსხვრევით გახვრეტის შემდეგ, რაკეტის ფრაგმენტის "დაპატრონებისა" და დეტალურად შესწავლის (დიამეტრის გაზომვის) შედეგად მივიდა იმ აზრამდე, რომ ის უფრო საავიაციო რაკეტას განეკუთვნებოდა.
დაჭრილი და შეშინებული ადამიანები, დაზიანებული შენობები - ბევრი ვერაფერი ნუგეში გახლდათ, მაგრამ მაინც გვიხაროდა, რომ მთავარი უბედურება არ მოხდა და თბილისის ქუჩებში სამოქალაქო ომი არ დაწყებულა...
მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი შვებით ამოსუნთქვა, თურმე, დროებითი ყოფილა - თითქმის სამი თვის შემდეგ, 1991 წლის 21 დეკემბერს, მაინც გავარდა ტყვია და თბილისის დამანგრეველ ომს სამარცხვინო სამოქალაქო ომიც მოჰყვა...
არ მინდა პარალელების გატარება, მაგრამ ზუსტად 30 წლის შემდეგ, 2021 წლის 2 ოქტომბერს, მორიგი არჩევნების წინ, თითქმის ისეთივე ურთულესი დაპირისპირება გვაქვს ხელისუფლება-ოპოზიციას შორის, რაც საზოგადობის დიდ ნაწილსაც ორ ბანაკად ჰყოფს.
ერთი ისაა სანუგეშო, რომ ოპოზიცია მაშინდელივით ავტომატებითა და ყუმბარსატყორცნებით არაა შეირაღებული და ჩვენც, საზოგადოებაც, მიუხედავად ყველაფრისა, პოლიტიკურად უფრო გავიზარდეთ, მათ შორის - თბილისისა და სამოქალაქო ომების მწარე გამოცდილებისა და შედეგების ხარჯზეც და იმედია, ყველა ხვდება, იარაღის გასროლა საქართველოს ერთიანობას საბოლოოდ დაასამარებს...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს