"შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართაა" - კვირის პალიტრა

"შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართაა"

შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებობს,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში, გარდა 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმებისა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა მედიის წარმომადგენელთა მისამართით განხორციელებული 24 შესაძლო დანაშაულის შესახებ.

"სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ინციდენტების მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ არის დაკავშირებული საგამოძიებო უწყებების მხრიდან, რიგ შემთხვევებში არასათანადო რეაგირებასთან, რაც ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს აძლიერებს. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს პროკურატურას დღემდე არ დაუწყია სისხლისსამართლებრივი დევნა 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, სულ მცირე, 2 პირის მიმართ შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აღწევს. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს დასაბუთებული წინადადებებით მიმართა.

ამავდროულად, ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური/აგდებული დამოკიდებულება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები. ასეთი შემთხვევები ახალისებს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობას.

სამწუხაროდ, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისკენ მიმართული რამდენიმე განცხადებაც გააჟღერეს. ასეთი ფაქტები არაერთხელ გაგვიკრიტიკებია და კიდევ ერთხელ განმარტავთ, რომ საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან თავი შეიკავონ უფლებადამცველებისა და მათი საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანიის წარმოებისგან, საჯაროდ აღიარონ მათი დაცულობის საჭიროება და აღნიშნონ უფლებადამცველთა საქმიანობის მნიშვნელობა მაშინაც კი, როდესაც ის კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ",- აღნიშნავს სახალხო დამცველი.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში დასაქმებულთა უფლებებს, ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ყურადსაღებია მედიით გავრცელებული ინფორმაცია, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში დასაქმებულთა შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების თაობაზე.

"დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლების შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება, რომელიც მაღალი ალბათობით მათი პოლიტიკური ნიშნით შევიწროების მიზნით გამოიყენება. აღნიშნულ ვარაუდს ამყარებს მანამდე არსებული პრაქტიკაც. კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატის მიერ წარსულში შესწავლილი საქმეებიდან იკვეთება საარჩევნო პერიოდში ბაღის და სკოლის დირექტორების სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების პრობლემა. ასევე, ერთ-ერთი საქმის შესწავლისას სახალხო დამცველმა დაადგინა დისკრიმინაცია, რადგან გამოიკვეთა რომ განმცხადებლისთვის საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციაზე ხელმეორედ დანიშვნაზე უარი მისი ოჯახის წევრების პოლიტიკური საქმიანობით იყო განპირობებული.

წინასაარჩევნო პერიოდში სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა ოთხი შემთხვევა, როდესაც საჯარო სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს შრომითი ხელშეკრულება შესაძლო პოლიტიკური მოტივით არ გაუგრძელეს. მათგან, ორი ფაქტის შესახებ აპარატმა საგამოძიებო უწყებებს აცნობა",- აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს:

დროულად გამოიკვლიონ სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილებსა და საჯარო წყაროებში მითითებული ყველა შესაძლო ზეწოლის, მუქარის, დევნის, ფიზიკური ძალადობის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და დანაშაულის ნიშნების მქონე სხვა ფაქტები;

ჩატარდეს ყველა ეფექტიანი ღონისძიება თითოეულ შემთხვევაში პასუხისმგებელ პირთა გამოვლენისა და მათ მიმართ კანონისმიერი ღონისძიებების დროულად გატარების მიზნით უზრუნველყონ ფართო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის აპარატის ინფორმირებულობა ყველა დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე.

ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს:

არ დაუშვან პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამშრომელთა დისკრიმინაცია და სამსახურიდან გათავისუფლება;

განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემასა და საბავშვო ბაღებში დასაქმებული პირების დაცვას პოლიტიკური ზეწოლის, დისკრიმინაციისა და შევიწროებისგან.

ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს პოლიტიკური თანამდებობის პირებს: თავი შეიკავონ ჟურნალისტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართვისგან. უფლებადამცველებთან მიმართებით იხელმძღვანელონ საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებით.

"ინტერპრესნიუსი"