"თუ გამსახურდიას ან კოსტავას მსგავსი ადამიანი გამოჩნდება, შეიძლება თავიც შევწირო, მაგრამ ახლა ვის უნდა შევწირო თავი, არ ვიცი" - კვირის პალიტრა

"თუ გამსახურდიას ან კოსტავას მსგავსი ადამიანი გამოჩნდება, შეიძლება თავიც შევწირო, მაგრამ ახლა ვის უნდა შევწირო თავი, არ ვიცი"

"ერთ ოჯახს ბავშვი კერძო სკოლაში რომ დაჰყავს და არაფერს აკლებს, მეორეს შვილისთვის წიგნებიც ვერ უყიდია - სწორედ ასე ჩნდება საზოგადოების წევრებს შორის ღრმა უფსკრული, რასაც პოლიტიკური დაპირისპირებაც ემატება"

"მეც ექიმი ვარ და გული მწყდება, როცა ექიმებზე ცუდს ამბობენ" - საოცრად ენერგიული და პოზიტიური - ასეთია პოეტი და ექიმი ნანა ცინცაძე, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის მრავალ საჭირბოროტო საკითხზე ვესაუბრეთ:

- ქალბატონო ნანა, რატომ ხდება, რომ ქართველებმა ერთმანეთის მტრობა და შუღლი 21-ე საუკუნეშიც ვერ მოვიშალეთ?

- ნათქვამია, ციხე შიგნიდან ტყდებაო. როგორც ჩანს, შუღლი და მტრობა ქართველებს ისტორიულად მოგვდგამს. ძალიან კარგად თქვა კ. გამსახურდიამ: "ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით... მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები"-ო. ეს ცუდი თვისება უფრო გაგვიმძაფრდა ახლა, როცა ურთიერთობები საზოგადოებაში კი არა, ოჯახის შიგნითაც გაცივდა. თუ ადამიანმა სიყვარული თავის ოჯახშივე არ ისწავლა, არაფერი გამოუვა. ადრე ამბობდნენ, ადამიანმა ეს თვისება დედის რძესთან ერთად შეითვისაო - ახლანდელ დედებს შვილები დაბადებიდანვე ხელოვნურ კვებაზე გადაჰყავთ, აღზრდაში დაშვებულ შეცდომებზე რომ არაფერი ვთქვათ... დღეს ყველაფერი მატერიალური მდგომარეობით განისაზღვრება: ერთ ოჯახს ბავშვი კერძო სკოლაში რომ დაჰყავს და არაფერს აკლებს, მეორეს შვილისთვის წიგნებიც ვერ უყიდია - სწორედ ასე ჩნდება საზოგადოების წევრებს შორის ღრმა უფსკრული, რასაც პოლიტიკური დაპირისპირებაც ემატება და ასე ვღებულობთ გახლეჩილ, სიძულვილით გამსჭვალულ საზოგადოებას.

- თქვენ როგორ ექცევით განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს?

- თუ დამიჯერებთ, პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით არავის ვარჩევ და ჩემს სიცოცხლეში არავინ დამიკარგავს პოლიტიკის გამო. არ მინდა იმაზე ვინერვიულო, რასაც ვერ შევცვლი, ამიტომ, როცა პოლიტიკაზე კამათობენ, ან სულ გავეცლები, ან - ჩუმად ვარ. რა თქმა უნდა, ჩემი აზრი ყველაფერზე მაქვს, მაგრამ არ ვკამათობ. თუ ზვიად გამსახურდიას ან მერაბ კოსტავას მსგავსი ადამიანი გამოჩნდება, შეიძლება თავიც შევწირო, მაგრამ ახლა ვის უნდა შევწირო თავი, არ ვიცი.

- 2 ოქტომბრის არჩევნები მოგვიახლოვდა, ბევრი ფიქრობს, რომ ცვლილებები საჭირო და აუცილებელია, თქვენ როგორი განწყობით ხვდებით ამ არჩევნებს?

- გულწრფელად გეტყვით: არაფერს ველოდები - ხომ არ შეიძლება ადამიანი სულ რაღაცას ელოდეს? ყველა არჩევნების წინ რომ მეფიქრა - ახლა გვეშველება-მეთქი, ალბათ, ინფარქტს მივიღებდი. მირჩევნია, თუ რაიმე სასიკეთოდ შეიცვლება, მერე გავიკვირვო და გავიხარო. კიდევ ერთ იმედგაცრუებას ასე მირჩევნია. რასაკვირველია, ყველა უნდა მივიდეს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს, მაგრამ წინასწარ არაფერს ველოდები.

- მოსახლეობის უმეტესობა იმ პარტიებს უჭერს მხარს, ვისაც უფრო კარგი ეკონომიკური პროგრამა აქვს, როგორ ფიქრობთ, ეს სწორი მიდგომაა?

- ამის საპასუხოდ, სახარებიდან ერთი იგავი მახსენდება: მამამ შვილებს სთხოვა - წადით და ვენახში იმუშავეთო. უფროსმა უთხრა - მეზარება და ვერ წავალო, უმცროსმა - წავალ, აბა რას ვიზამო. ცოტა ხნის მერე, უფროსი შვილი სინდისმა შეაწუხა, წავიდა და მთელი დღე იმუშავა, უმცროსი კი - არსად წასულა და მამისთვის მიცემული პირობა სულ დაავიწყდა. ამ სიტუაციაშიც, მთავარია, ვინ რას გააკეთებს და ვის რამდენად შესტკივა გული ჩვენს ხალხზე, თორემ დაპირებების გაცემა ყველას შეუძლია.

- კიდევ ერთ მტკივნეულ საკითხზე უნდა ვისაუბროთ: ბოლო მონაცემებით, საქართველოში გაცილებით მეტი ოჯახი ინგრევა, ვიდრე იქმნება, რით აიხსნება ეს საგანგაშო მოვლენა?

- დავიწყებ იმით, რომ ეს ჩვენისთანა მცირე ერისთვის კატასტროფაა. მართალია, მეუღლეს მეც გავშორდი, მაგრამ ეს ჩემი მიზეზით არ მომხდარა: მხოლოდ ერთი შვილი გავაჩინე და აღმოჩნდა, რომ მეტი შვილი აღარ მეყოლებოდა... ჩვენი ოჯახის დანგრევის მიზეზი სწორედ ეს გახდა. თანამედროვე ოჯახების მთავარი პრობლემა გულგრილობა და ნიჰილიზმი მგონია. ოჯახის სიძლიერე ხომ მცირე ნიუანსებიდან იწყება, სიყვარულსაც ხომ წყლის დასხმა და მოფრთხილება სჭირდება? მარტივ მაგალითს მოვიშველიებ: ყველამ ვიცით, რომ სპეციალური კომპანიები არსებობს, რომლებსაც მზა კერძები სახლამდე მიაქვს. რატომ უნდა გამოიძახოს სახლში მყოფმა ახალგაზრდა ქალმა პიცა, რომლის გაკეთება ამქვეყნად ყველაზე იოლია? ხომ შეიძლება სახლში გამოაცხოს? ოჯახი ხომ ერთმანეთზე ზრუნვაა და როგორ შეიძლება, შენს ახლობლებზე სხვა კომპანიებმა იზრუნონ? მსოფლიოს დონის ვარსკვლავები აჩენენ 5 და 6 შვილს და მოდელის პარამეტრებს მაინც ინარჩუნებენ, ჩვენ, ქართველებს რა გვემართება? ახლა რაც შეეხება ქართველ კაცებს: მათ უმრავლესობას ცოლი იმიტომ მოჰყავს, რომ ლამაზია და ბევრი ფული აქვს. არ ფიქრობენ, რომ შეიძლება წლების მერე ეს ოჯახი გაღარიბდეს, რომ მატერიალური მიზნებით შექმნილი ოჯახი ყოველთვის სუსტი და მყიფეა. ხომ არ შეიძლება ქალი ოჯახში მუდმივად მთავარი შემომტანი იყოს, ან ყველაფრის ფულით შეფასება როგორ შეიძლება? - ამ შეკითხვებზე პასუხი ჩვენს ახალგაზრდებს არა აქვთ და მათი ოჯახებიც ადვილად იშლება.

- ქალბატონო ნანა, აუცილებლად უნდა გკითხოთ, როგორ გამოიარეთ პანდემიის ურთულესი პერიოდი? - ამბობდნენ, რომ კოვიდი ძალიან რთულად გადაიტანეთ...

- პირველ რიგში, უამრავი გეგმა ჩამეშალა: ჩაიშალა მიწვევები იტალიაში, ამერიკაში, საბერძნეთში, სადაც ჩემი ლექსები თარგმნეს და გამოსცეს. ისე, სერიოზული პრობლემები არ მქონია, რადგან ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ნახევრად ცარიელ ჭიქაზე მირჩევნია ვთქვა, რომ ის ნახევრად სავსეა. ეს ორი წელიც სასიკეთოდ გამოვიყენე და ჩემი რომანი დავასრულე. რაც შეეხება კოვიდს, ამ ზაფხულს შემხვდა. ვერ ვიტყოდი, რომ ეს ძალიან რთული ფორმა იყო, მაგრამ მასაც ჩემი ოპტიმიზმით ვაჯობე. ინფექციურ საავადმყოფოში ვიწექი. ჩემს პალატაში ორი არაჩვეულებრივი ქალი იწვა, რომლებსაც ლექსებს ვუკითხავდი, ვამხნევებდი და ვართობდი. ამის გამო "სიცოცხლის წყარო" დამარქვეს. უზარამაზარი მადლობა უნდა ვუთხრა მარინა ენდელაძეს და მარინა ეზუგბაიას, ქეთინო ვარდოსანიძეს, კახა ჩომახიძეს და ჩემს მკურნალ ექიმს - ეკას. მათ სიყვარულს და თანადგომას ყოველ წამს ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ. პროფესიით მეც ექიმი ვარ და გული მწყდება, როცა ექიმებზე ცუდს ამბობენ. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს კარგად ვარ, მომავლის იმედს არ ვკარგავ და მჯერა, რომ ხვალ ყველაფერი უკეთესად იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)