"სააკაშვილი ჩამოვა, ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა, მაინც დასაცინი გახდება - ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ჩამოვა, ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა, მაინც დასაცინი გახდება - ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება"

"სააკაშვილი ჩამოვა ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა მაინც დასაცინი გახდება - ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ის გუნდის წევრებმა დაარწმუნეს, რომ საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გაეკეთებინა, თორემ არჩევნებში აგებდნენ ისე, როგორც არასდროს.

"ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო მუშაობა არ ჩაუტარებიათ და ახლა რაღაც მუხტის აწევას ცდილობენ, რომ თითქოს მიშა ჩამოდის, ბილეთი დადო, რაღაცებს იტყუება, წლებია იტყუება. ჩამოვა ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა მაინც დასაცინი გახდება - ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება. რატომ გაიხადა თავი დასაცინად არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, გუნდის წევრებმა დაარწმუნეს, რომ ეს განცხადება უნდა გაეკეთებინათ, თორემ აგებდნენ ისე, როგორც არასდროს წაუგიათ. მეტი ახსნა არ მაქვს ამ ხალხის მოქმედების არც მისი პარტიის ლიდერების და არც თავად ამ პარტიის თავმჯდომარის. ერთადერთი ახსნა არის ის, რომ რამენაირად მუხტი უნდა აწიონ თავის მხარდამჭერებში. ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც, დასაცინი გახდება ეს კაცი. ან მოხვდება ციხეში ამდენი ბაქი-ბუქის შემდეგ, ან ვერ ჩამოვა და კიდევ უფრო დასაცინი გახდება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ჩემთვის მთავარი არის ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ამ ქვეყნის ღალატი აქვს ჩადენილი იმ რეზოლუციაზე ხელმოწერით, სადაც წერია, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და კასეტური ბომბებით დაბომბეს ცხინვალი", - როგორც მდინარაძე ამბობს, დღეს "ნაციონალური მოძრაობა" პროდასავლურობას ქადაგებს და ოკუპაციის თემაზე მოჩვენებითად ღიზიანდება.

"ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა ამ ქვეყანაში, რის გამოც "ნაცმოძრაობას" ერთი მხარდამჭერიც არ უნდა ჰყავდეს. ხალხი, რომელიც ვითომ პროდასავლურობას ქადაგებს, ხალხი, რომელიც ვითომ მოჩვენებითად ღიზიანდება ოკუპაციის თემაზე, "ნაცმოძრაობის" "ბაბლს" ვგულისხმობ, არის ავტორი, რომელმაც თავის დროზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და კასეტური ბომბებით დაბომბეს ცხინვალი. ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. დღეს ამ დოკუმენტს "კომპრომისულს" უწოდებენ და "გამარჯვებად" ნათლავენ. მეორე მხარეს კი ამბობენ, რომ სიტყვა "ოკუპაცია" ჩაიწერაო. ეს სიტყვა რომ არ ჩაწერილიყო, რა უნდა ჩაეწერა ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს, მათ შორის, ევროპელ ჩვენს კოლეგებს, რომ ტურისტებად არიან ჩამოსულები და ცხინვალს გადმოსცდნენ ტურისტული მიზნებითო? რა უნდა ჩაწერილიყო, თუ არა ის, რომ ტერიტორიების ოკუპაცია რუსებმა განახორციელეს?! რის სანაცვლოდ გააკეთეს ეს? მთელი მათი ტელევიზიები წლების განმავლობაში დერეფნებში დასდევენ ჩვენს დეპუტატებს, რომ ომის დაწყებაზე რამე წამოაცდენინონ, მერე ამოჭრან და ამით სპეკულირება მოახდინონ. სინამდვილეში, მათ მხარი აქვთ დაჭერილი მოღალატეობრივ რეზოლუციაზე, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ომი თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს, ეს საკუთარ ჯარისკაცებს დააბრალეს და თითქოს რუსეთმა საპასუხო შეტევა განახორციელა. იმ ფონზეც, როდესაც ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, კლავდნენ, ვინც მათი მომხრე არ იყო ზეწოლას ახორციელებდნენ, ახლა უნდათ პირიქით დაატრიალონ ეს ყველაფერი. მაგრამ მთავარი თემა არის ის, რომ "ღალატი აქვს "ნაცმოძრაობას" ჩადენილი რეზოლუციის ამ პუნქტზე ხელმოწერით და ეს არსად მიდის", - განაცხადა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"