4 ოქტომბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-12 ტომი გამოვა
ერთი წელია, რაც ქართველი მკითხველი ყოველთვიურად ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოცემას "ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ ეცნობა. პროექტის თანაავტორი, ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია აღნიშნავს, რომ მრავალტომეულზე მუშაობის განმავლობაში არაერთ ისეთ ინფორმაციას მიაკვლია, რომელიც გვიჩვენებს, რომ ქართველების კვალი მსოფლიოში იმაზე ღრმად მიდის, ვიდრე აქამდე იყო ისტორიკოსებისთვის ცნობილი.
ახალი და საინტერესო მასალები მკითხველს გამოცემის მე-12 ტომშიც ელოდება, რომელიც 4 ოქტომბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. ამ ტომში ქართველების კვალს ექვს ქვეყანაში გავყვებით, ესენია: პორტუგალია, ირლანდია, შვეიცარია, ნიდერლანდი, ესპანეთი და ბელგია. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15.50 ლარი.
გიორგი კალანდია დასახელებული ქვეყნებიდან ესპანეთს გამოარჩევს: "ბასკებისა და ქართველების ნათესაობასთან დაკავშირებით ბევრი რამ მოგვისმენია, მაგრამ ჩვენ ქართველებისა და ესპანელების ურთიერთობა სხვა კუთხით ვაჩვენეთ: რა წვლილი შეიტანეს ქართველებმა ესპანეთის ისტორიაში, რა საერთო თუ განმასხვავებელია ჩვენს ფოლკლორში, ტრადიციებში. განსაკუთრებით საინტერესო პარალელის გავლება შეიძლება ესპანულ კორიდასა და ქართულ კურულს შორის,“ - აღნიშნავს გიორგი კალანდია.
გამოცემის "ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-12 ტომში ვკითხულობთ, რომ ესპანური კორიდის მსგავსი ხარების ფალავნობის ქართული ტრადიცია კავკასორის ფესტივალის სახით, დღეს მხოლოდ ტაო-კლარჯეთში, ართვინის ქართველებშია შემორჩენილი. შეჯიბრების დაწყების წინ ართვინის მთავარ ქუჩაზე პატრონებს შესახედად ერთმანეთზე უკეთესი ხარები გამოჰყავთ. მათ უამრავი ხალხი ეხვევა გარს. ხარები თითქოს გრძნობენ, რომ დღესასწაულის მთავარი გმირები არიან, ამიტომ დინჯად, გონიერი მზერით, ნამდვილი ფალავნებივით მოაბიჯებენ... ხალხი მათ ყიჟინითა და დაფაზურნის ხმაურით ეგებება.
ხარების გარშემო, მამაპაპათა ჩვეულებისამებრ, ართვინელები ხორუმის ცეკვას იწყებენ... ყველაფერი ეს ძალაუნებურად გაგონებს ბასკეთში, ქალაქ პამპლონაში გავრცელებულ ხარების ქუჩებში რბოლის ტრადიციას. ხარების ამ შერკინებას ჩვენებურები "ხარების დაჭედვას“ ეძახიან. ამ წესჩვეულების შესახებ საინტერესო ამბავს გვიყვება ცნობილი ქართველი მომღერალი ბაიარ შაჰინგუნდარიძე:
"ეს ტრადიცია ტაოკლარჯეთისთვინ, ართვინისთვინ ძაან ძველია და მე მგონია, რომ ეს წესი საქართველოში უკვე აღარ შემორჩენილა! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ, აქაურმა ქართველებმა ეს ადათი სხვისგან გადმოვიღეთ, არა! ეს აქ, ქართველებიდან დაწყებული წესია და ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ“. ამასვე ადასტურებს ეთნოლოგი, პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი: "დიახ, ამ კუთხის უძველესი და, რაღა თქმა უნდა, ქართული ტრადიცია იყო - საჭიდაოდ გამოსაწრთობად ერთი წლის ასაკის ხბო საგანგებოდ შეირჩეოდა. იგი უნდა ყოფილიყო უნაკლო, განსაკუთრებული გარეგნული თვისებებით გამორჩეული. სამ წლამდე სპეციალური საკვებით ზრდიდნენ. შავ ცერცვს უხარშავდნენ და თაფლნარევ წყალს ასმევდნენ. უვლიდნენ და ასუფთავებდნენ გამორჩეულად, სახრეს არაფრით გადაუჭერდნენ. პირველად სამი წლისას გამოიყვანდნენ შესარკინებლად და რვა წლამდე "აომებდნენ“. გამარჯვებული ხარის პატრონი, ბუნებრივია, გამორჩეული პატივით სარგებლობდა“.
ართვინის ქუჩებში გამოფენილი მორთულმოკაზმული ხარები ივნისის ბოლო შაბათ-კვირას ვილაიეთის თითქმის ყველა ქართული სოფლიდან მაღალ მთაზე აჰყავთ. ამბობენ, ამ სანახაობას ძველ საქართველოში "კურული“ ერქვაო. კურულსა და კორიდას შორის მსგავსებაც იკითხება. მკვლევართაგან ეს საკითხი შეისწავლეს ცნობილმა ეთნოლოგებმა, პროფესორებმა ვერა ბარდაველიძემ და სოსო ჭანტურიშვილმა. თუმცა "პირველმკვლევრის“ სახელი შეიძლება დიდ აკაკი წერეთელს მივანიჭოთ. მის ერთ-ერთ მოთხრობაში - "დათუნა გოცირიძე“ - შთამბეჭდავადაა ასახული კაცისა და ხარის ბრძოლა, რომელიც ბასკურესპანური კორიდის ცოცხალი ასოციაციაა. აი, ერთი მონაკვეთი ამ მოთხრობიდან: "შევიდა წრეში გოცირიძე. შემოხედა ნებიერმა, აიღო თავი, შემოაბდღიალა თვალები, შემოჰბღუილა და მიაშურა. დათუნა გაუხტა განზე, მოუმარჯვა ხმალი და სწყვიტა, წაიფორხილა გაბრაზებულმა პირუტყვმა, ჯერ წაიჩოქა წინა მუხლებზე და მერე კი გადაგორდა. თავი ისევ კისერზე ება, მაგრამ კისრის ძვლები დასჩენჩხოდა“.
ძველ ქართველურ ტომებში ცნობილი ყოფილა კურულის მაგიურ-რიტუალური სახეობები: ხარების შეჯიბრება ერთმანეთთან (სვანეთი, აჭარა); კაცის შერკინება ხართან და მისი დაჯაბნება (სამეგრელო); კაცის შეჯიბრება ხართან და მისი მოკვლა განსაზღვრული წესების დაცვით (რაჭა). დათუნა გოცირიძის შერკინება ხართან სწორედ ამ უკანასკნელს განეკუთვნება. თუმცა საქართველოში კურული კარგა ხანია დავიწყებას მიეცა და, როგორც ვხედავთ, იგი მხოლოდ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენებურებს შემოუნახავთ. ამ და სხვა საინტერესო ცნობებს მე-12 ტომში წაიკითხავთ.
შეგახსენებთ, რომ "ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ ხელოვნების სასახლის დირექ-ტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და გამომცემლობა "პალიტრა L-ის“ პროექტია. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში.
ამ მნიშვნელოვანი გამოცემისათვის გიორგი კალანდია მასალას მსოფლიოს მასშტაბით 10 წლის განმავლობაში აგროვებდა. წიგნში საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები და მოღვაწე ქართველების შესახებ მოცემული ინფორმაცია გამდიდრებულია უიშვიათესი რეპროდუქციებითა და ფოტოებით.
4 ოქტომბრიდან წიგნის შეძენა შეგიძლიათ პრესის გავრცელების ჯიხურებში, საიტზე ან "ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.