"ფორმულას" დირექტორი: "ედისონ რისერჩის" კვლევები გახდა მთავარი მიზეზი, რომ ხელისუფლებას ასეთი დაჩქარებული ტემპით მიეტანა ახალი შეტევა "ფორმულასა" და მის დამფუძნებელზე" - კვირის პალიტრა

"ფორმულას" დირექტორი: "ედისონ რისერჩის" კვლევები გახდა მთავარი მიზეზი, რომ ხელისუფლებას ასეთი დაჩქარებული ტემპით მიეტანა ახალი შეტევა "ფორმულასა" და მის დამფუძნებელზე"

ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორის ზუკა გუმბარიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიმართვა სასამართლოსადმი თხოვნით, დაკომპენსირდეს დავით კეზერაშვილის მიერ უწყებისთვის მიყენებული ზიანი, "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებულ და გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება არჩევნებში 43%-იან ბარიერს ვერ ლახავს.

ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"დღევანდელი ჩვენი ბრიფინგის მიზეზს წარმოადგენს დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლითაც ჩვენ გავიგეთ, რომ თავდაცვის სამინისტრო მიმართავს სასამართლოს თხოვნით, რომ დაკომპენსირდეს ის ზიანი, რომელიც დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების "ქეისშია" ნახსენები. ამ სასამართლომ თვითონვე გაამართლა კეზერაშვილი ორი ინსტანციის სასამართლოში, დღეს კი ამ განაჩენის საფუძველზე ითხოვს მისგან ზიანის ანაზღაურებას. ეს ფაქტი, ბუნებრივია, უკავშირდება ტელეკომპანია "ფორმულას" და არის ნაწილი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართული იმ კამპანიისა, რომელსაც ხელისუფლება უკანასკნელ პერიოდში ახორციელებს და როგორც ჩანს, ეს ქმედებები რაღაც საფინალო ფაზაში შედის. მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ ორშაბათს ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გავიდა კომპანია "ედისონ რისერჩის" მიერ წარმოებული კვლევები, რომელშიც მაყურებელმა დაინახა რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს 43%-აინი ბარიერის გადალახვას. სწორედ ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლებას ასეთი დაჩქარებული ტემპით მიეტანა ახალი შეტევა "ფორმულასა" და მის დამფუძნებელზე. ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია "ედისონ რისერჩის" წარმომადგენლობასთან და რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სულ რომ დღეს ან ხვალ ამ კომპანიაში დაინიშნოს დროებითი მმართველი ან მოხდეს რამე სხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის ეგზიტპოლების გამოქვეყნებას, ეს ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში. ბუნებრივია, ეგზიტპოლის გარდა, ეს ყველაფერი უკავშირდება, მოახლოებული არჩევნების შემდეგ უკვე სცენარების განხილვას რა სცენარებიც შეიძლება იყოს ქვეყანაში განვითარებული", - განაცხადა გუმბარიძემ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ხელისუფლებისთვის მთავარ სამიზნეს ამ ქვეყანაში კრიტიკული მედიები და მათი გაჩუმება წარმოადგენს.

"ჩვენ ვიცით, რომ გარდა ამ "ქეისისა" ფაქტობრივად ბოლოშია გასული ნიკა გვარამიას "ქეისი". დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობდა ვატო წერეთლის მამის სასამართლო პროცესები, რაც აჩენს ბუნებრივ ეჭვს, რომ თუ არჩევნებზე ხელისუფლებისთვის არ დადგება სასურველი შედეგი, ისინი განიხილავენ სცენარს იმისა, რომ ერთდროულად მოხდეს სამივე ამ კრიტიკული მედიის მაუწყებლობის შეფერხება ან გაჩერება და ამისთვის ისინი გამოიყენებენ ე.წ. სამართლებრივ ბერკეტებს. სინამდვილეში, საქმე ბუნებრივია გვაქვს იმასთან, რომ ხელისუფლება განიხილავს სცენარს თუ როგორ შეიძლება წავიდეს ეს ქვეყანა რუსული ტიპის მმართველობისკენ, როგორ შეიძლება დაემშვიდობოს იმ დემოკრატიას, რომლის ჩანასახები ჯერ კიდევ არსებობს. შესაბამისად, რაც ძალიან აღელვებს ხელისუფლებას ეგზიპტოლებია, ის ყველა ვარიანტში ჩატარდება და ნებისმიერ შემთხვევაში გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში. აქვე მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს გაატარონ პრევენციული ზომა იმისთვის, რომ არ მოხდეს ზეწოლა ამ ეგზიტპოლის ჩამტარებელ კომპანიაზე, მათ ამერიკელ თუ ქართველ თანამშრომლებზე", - განაცხადა "ფორმულას" გენერალურმა დირექტორმა.

"ინტერპრესნიუსი"