"რომ არ შეგეშინდეთ „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის, ამისთვის ვართ ჩვენ, მაგათ მოვუჭერთ "ოჟებს" - კვირის პალიტრა

"რომ არ შეგეშინდეთ „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის, ამისთვის ვართ ჩვენ, მაგათ მოვუჭერთ "ოჟებს"

გიორგი ვაშაძე - რომ არ შეგეშინდეთ "ნაცმოძრაობის" და სააკაშვილის, ამისთვის ვართ ჩვენ, მაგათ მოვუჭერთ "ოჟებს"

"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ყავაში მკითხაობასავით" არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა - არჩამოსვლის საკითხი.

როგორც მან "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" აღნიშნა, მათი პარტია ყველას თავის ადგილს მიუჩენს, მათ შორის "მიშასაც".

"ქართულ ოცნებას" უნდა, რაც შეიძლება მეტი ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე. ერთ-ერთ მთავარ დამაშინებელ ფაქტორად, ის ხომ ამას იყენებს? – "დაბრუნდება სააკაშვილი და მთელი ამბავი მოხდება ქვეყანაში". ყავაში მკითხაობასავით არის ჩამოვა, თუ არ ჩამოვა. თუ არ გინდათ პოლიტიკური კრიზისი და გინდათ სიმშვიდე, ნომერი ერთი შემოხაზეთ. ყველას თავის ადგილს მივუჩენთ, მიშასაც, იმასაც და ამასაც. არაფერი არ იქნება განსაკუთრებული. ჩვენ დასავლელ მეგობრებთან ერთად მშვიდად და წყნარად დავიწყებთ ქვეყნის აღმშენებლობას. რა გავაგრძელოთ, როდესაც არაფერი არ შენდება და კეთდება?!",- აღნიშნავს ვაშაძე.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" "ოჟებს მოუჭერენ" იმისთვის, რომ ქვეყანა წყნარად განვითარდეს.

"ხალხს ყველა არჩევნებზე "ნაცმოძრაობით" და მიხეილ სააკაშვილით აშინებენ. რომ არ შეგეშინდეთ "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის, ამისთვის ვართ ჩვენ. ჩვენ უნდა დაგვიჭიროთ მხარი. ჩვენ მაგათ მოვუჭერთ ოჟებს, გავაკონტროლებთ, რომ მშვიდად და წყნარად განვითარდეს ყველაფერი", - განმარტავს ვაშაძე.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ პირობა დადო, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხალხის ნებას დაემორჩილება.

"შემოხაზეთ პირველი ნომერი და ნამდვილად, ადამიანურ არჩევნებს ჩავატარებთ. არ იქნება პრობლემა. რა გახდა, ცივილურ ადამიანებად ხომ უნდა ვიქცეთ, ხომ არ შეიძლება პაპუასებად იქცეოდეს ნებისმიერი ხელისუფლება არჩევნებამდე. ჩემთვის მიუღებელია ამ ხელისუფლების და წინა ხელისუფლების მართვის სტილი და შინაარსი. გვინდა მთლიანად შევცვალოთ ეს ყველაფერი. დემოკრატიული არჩევნები უნდა იყოს. ყველა პოლიტიკურმა ძალამ ჩაატაროს კამპანია, ადამიანები მივიდნენ არჩევნებზე და თავისი არჩევანი გააკეთონ. ხან ერთი მოიგებს, ხან მეორე, ვისაც ხალხი დაუჭერს მხარს. მე პირობას ვდებ ყველას წინაშე, რომ რაც იქნება ხალხის ნება ამ არჩევნებზე, მე იმ ნებას დავემორჩილები. ასე მოვუწოდებ სხვასაც",-აღნიშანვს ვაშაძე.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს იძულებულს გახდიან, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩაატარებინონ.

"როგორც 19 აპრილს არ უნდოდა "ქართულ ოცნებას", რომ ხელი მოეწერა შარლ მიშელის შეთანხმებაზე და იძულებული გავხადეთ, ხელი მოეწერა, ზუსტად ასე ვაპირებთ იძულებული გავხადოთ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ჯერი არის ქართველ ხალხზე. ყველას მინდა ვთხოვო არჩევნებზე მოვიდნენ და ამ ქვეყანაში ცვლილებები დავიწყოთ",- აღნიშნავს ვაშაძე.

გიორგი ვაშაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაც შეაფასა, სადაც აღნიშნული იყო რომ "სისხლიანი ბანერების" დამკვეთი პირის მიერ თბილისსა და სხვა რეგიონებში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. მისი თქმით, აღნიშნული განცხადებით ცესკომ პირველი ტესტი ვერ ჩააბარა.

"სამწუხაროდ, პირველი ტესტი, რომელიც უნდა ჩაებარებინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ვერ ჩააბარა, როდესაც ამ ბანერებზე თქვა, რომ არაფერ შუაშია არჩევნებთან და მე რა ვქნაო. აბა რასთან არის შუაში?! ეს ბანერები რისთვის იყო? რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანიის ნაწილია. თვალს ხომ არ დავიბრმავებთ და ყურებს ხომ არ დავიყრუებთ?", - აღნიშნავს ვაშაძე.