"რას ნიშნავს ჩამოვიდა? თუ ჩამოვიდა, სად არის? "ოცნებამ" ჩამოიყვანა სააკაშვილი? გამოვიდეს "ოცნება და განცხადება გააკეთოს, დამალული რომ არის"
პარტია "საქართველოსთვის" წევრის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ნამდვილად ჩამოვიდა ან ჩამოვა, ამაზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.
მეზვრიშვილის თქმით, "ქართული ოცნება" დამალულია და უნდა გაბედოს, რომ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს.
"ქართული ოცნება" გამოვიდეს, გაბედოს და განცხადება გააკეთოს. დამალული რომ არის და ამ პოსტთან დაკავშირებით განცხადებას ვერ აკეთებს - ეს ერთი. მეორე - რას ნიშნავს, ჩამოვიდა? თუ ჩამოვიდა, სად არის? "ოცნებამ" ჩამოიყვანა სააკაშვილი? თუ მართლა ჩამოვიდა, ალბათ, "ოცნების" რომელიმე წარმომადგენელს ჰყავს შეფარებული და ამიტომ არ გვენახება. არასერიოზულია ეს ყველაფერი. არ მგონია, მას ჰქონდეს გამბედაობა, რომ საქართველოში მართლა ჩამოვიდეს, იმიტომ რომ მას ელოდება მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ "ოცნება" გაბედავს და მართლმსაჯულებას მისი მისამართით აღასრულებს. თუ ის მართლა ჩამოვიდა ან ჩამოვა, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება "ოცნებას", რომელსაც არ ყოფნის უნარი და კომპეტენცია. ეს საუბრები, რაც ახლა მიმდინარეობს, სააკაშვილის მხრიდან მთლიანად "ოცნების" პასუხისმგებლობაა. ეს ხელს უწყობს პოლარიზაციას, წინასაარჩევნო კონტექსტში და ძალიან დამაზიანებელია ქვეყნისთვის", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში განმარტავს, ბათუმში იმყოფება.
"ეს არის ბათუმი. 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას", - აცხადებს სააკაშვილი.