"კობახიძე ისეთივე აგონიური გამომეტყველებით აკეთებდა განცხადებას, როგორი გამომეტყველებაც ვიხილეთ მის სახეზე ევროკავშირის ოფისის წინ"
"აუცილებლად ძალიან მალე გამოჩნდება, მესმის, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
ბოკუჩავა ასევე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გამოუკვეთავს და განმარტა, რომ უწყება არაკომპეტენტურია.
"კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები, როცა მან თქვა, რომ ის იქნებოდა ძალიან შორს, როცა რუსი ოლიგარქის პროკურატურა მას დაიბარებდა, მაგარამ იქნებოდა ძალიან ახლოს, როცა ქართველი ხალხი მას მოიხმობდა. მე ვთვლი, რომ ახლა საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იხმობს პრეზიდენტ სააკაშვილს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. კობახიძის განცხადებას რაც შეეხება, ალბათ, ისეთივე შეშინებული და აგონიური გამომეტყველებით აკეთებდა ამ განცხადებას, როგორი გამომეტყველებაც ვიხილეთ მის სახეზე ევროკავშირის ოფისის წინ, როცა მას მოუწია სიმართლის მოსმენა ნიკა მელიას მხრიდან, ახლა მოისმინა მორიგი სიმართლე პრეზიდენტი სააკაშვილის მხრიდან, რომ მან საკუთარი სიტყვა შეასრულა და როგორც აპირებდა, ის დაბრუნდა საქართველოში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენად არაკომპეტენტურია და რამდენჯერ შემოვიდნენ ადამიანები, რომლებიც მათ არ იცოდნენ, რომ შემოსული იყვნენ, ეს წარსულში ბევრჯერ გვინახავს. ამიტომ, ჩემი აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაკომპეტენტურობაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება საერთოდ არ არის საჭირო.
რაც შეეხება ევროპარლამენტარებთან შეხვედრას, ისინი ძალიან კარგად არიან ინფორმირებული წინასაარჩევნო გარემოზე და რა თქმა უნდა, ეს გარემო აუცილებლად აისახება მათ საბოლოო ანგარიშებში და საბოლოო შეფასებებში არჩევნების დღესთან დაკავშირებით. ისინი საჯაროდ აცხადებენ და შეხვედრაზეც ადასტურებენ, რომ მათი გადმოსახედიდან 19 აპრილის შეთანხმებაც ძალაში რჩება, შესაბამისად, "ქართული ოცნება" ხვალ 43%-ს ვერ აიღებს, ახლა ჩვენი ამოცანაა, ის რომ საქართველოს ყველა მოქალაქე მივიდეს საარჩევნო ყუთთან და გააკეთოს საკუთარი არჩევანი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
დარწმუნებული ვარ, დღის ბოლოს, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, ოპოზიცია ერთობლივად აღნიშნავს არა რომელიმე კონკრეტული პარტიის გამარჯვებას, არამედ ქვეყნის გამარჯვებას", - განაცხადა ბოკუჩავამ.