"თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, ნიშნავს, რომ საზღვარი ფაქტობრივად არ გვაქვს და შეიძლება შეხვიდე-გამოხვიდე..."
ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებია და დიახ, სახურავებსა და გზებზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმაზე, ჩამოვიდა თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანის შეფასებით, სააკაშვილმა საკუთარ საწადელს მიაღწია და დღის წესრიგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან მის სასარგებლოდ გადაიტანა.
"დღეს და ხვალ იმის გარკვევა იქნება, მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა საქართველოში, რაც ჩემთვის სამწუხაროა, რადგან რეალურად ეს პერიოდი იმ საკითხებზე საუბარს უნდა დათმობოდა, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი და რასაც აბუჩად იგდებენ, სახურავებზე და გზებზე ხომ არ ვილაპარაკებთო... თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, ნიშნავს, რომ სახელმწიფო აბსოლუტურ უსუსურობას იჩენს, საზღვარი ფაქტობრივად არ გვაქვს და შეიძლება შეხვიდე-გამოხვიდე... თუმცა არც საპირისპირო გამიკვირდება, რომ ეს იყოს ტყუილი. მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბევრი დაპირება გამიგია, რომელიც შემდეგ არ შესრულებულა", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.