"საქართველოს დევნილი ექს-პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს" - რას წერენ ცნობილი უცხოური გამოცემები სააკაშვილის დაკავებაზე
ბრიტანული გაზეთი "ფაინენშელ თაიმსი" (Financial Times) სტატიაში "საქართველოს დევნილი ექს-პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს" (ავტორები - მაქს სედონი და რომან ოლაერჩიკი). პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველოში პირველ ოქტომბერს მომხდარი ამბების ქრონიკა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს უკავშირდება: მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება, ხელისუფლებისა და ოპოზიციის განცხადებები, ექს-პრეზიდენტის დაკავების ფაქტი, უკრაინის ხელისუფლების რეაქცია და ა.შ.
ავტორები ასევე წერენ მიხეილ სააკაშვილის ქართული და უკრაინული პოლიტიკური კარიერის შუქ-ჩრდილებზეც:
"მიხეილ სააკაშვილს წინააღმდეგობრივი პოლიტიკური კარიერა ჰქონდა მას შემდეგ, რაც მან თავისი წინამორბედი [ედუარდ შევარდნაძე] დაამხო კორუფციის ბრალდებით, 2003 წელს მომხდარი "ვარდების რევოლუციის" შედეგად. თავდაპირველად ახალმა ლიდერმა დასავლელი დონორებისაგან ქება დაიმსახურა კორუფციისა და მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლაში და ლიბერალური რეფორმების გატარებაში, მაგრამ მოგვიანებით ქართველი ამომრჩევლის თვალში მიხეილ სააკაშვილმა მხარდაჭერა დაკარგა. მან ასევე ნდობა და იმედი გაუცრუა დასავლელ მოკავშირეებსაც: იმ დროს, როცა საქართველომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებისაკენ ისწრაფვოდა, ქვეყანამ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით რუსეთთან 2008 წელს მომხდარ ომში კატასტროფული დამარცხება განიცადა.
"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა - მილიარდერმა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა, 2012 წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტია დაამარცხა. პრეზიდენტმა ქვეყანა ერთი წლის შემდეგ დატოვა, როცა მას უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა და უკრაინაში წავიდა, სადაც ადგილობრივ პოსტრევოლუციურ მთავრობას დახმარებას უწევდა კორუფციის მიმართ ბრძოლასა და მოსკოვის მიერ განხორციელებული ზეწოლის მოგერიებაში. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, მიხეილ სააკაშვილის თანაკურსელმა, მას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. მოგვიანებით მათ შორის უთანხმოება მოხდა, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს, თუმცა პრეზიდენტად არჩეულმა ვლადიმერ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობაც დაუბრუნა და რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ დანიშნა.
დავით საყვარელიძემ, ექს-პრეზიდენტის თანამოაზრემ, უკრაინის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ბრძოლაში ჩაბმა სურს". (წყარო)
------------------
ამერიკული გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი" (The New York Times) სტატიაში "საქართველოში ქვეყნის ყოფილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს" (ავტორი - ენდრიუ კრამერი) საკმაოდ დეტალურად აღწერს ექს-პრეზიდენტის უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნების გარემოებებს, მის დაკავებას და ა.შ.
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
"მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა იმ პირველ ანტიავტორიტარულ "ფერად" რევოლუციას, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში მოხდა და საქართველოს 2004-2013 წლებში მართავდა, პრეზიდენტის პოსტზე. მისი მმართველობის პერიოდში საქართველოს ხანმოკლე ომი მოუხდა რუსეთთან. იგი წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის გავლენას. პრეზიდენტის თანამდებობიდამ წასვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მცირე ხნის განმავლობაში ნიუ-იორკში, ბრუკლინში ცხოვრობდა, შემდეგ იგი უკრაინის პოლიტიკაში ჩაერთო, როცა კიევში პრორუსული პრეზიდენტი დაამხეს. მიხეილ სააკაშვილმა, სხვა ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობა მიიღო, ქვეყნის ბიუროკრატიის რეფორმირების მიზნით.
მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მას და უკრაინის ხელისუფლებას შორის უთანხმოება მოხდა და 2018 წელს მიხეილ სააკაშვილი კიევში შენობის სახურავზე დააკავეს, როცა პოლიციას გაურბოდა და მომხრეებისათვის მიმართვას ცდილობდა.
მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მმართველობის პერიოდში ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო, ხოლო ამჟამად, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მმართველობის დროს, ხელმძღვანელობს რეფორმების ეროვნულ საბჭოს და მის მიერ შექმნილ ორგანიზაციას სახელწოდებით "მარტივი გადაწყვეტილებებისა და შედეგების ოფისი".
საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა და 2018 წელს სასამართლომ მას დაუსწრებლად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა", - ნათქვამია სტატიაში. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ