რას აცხადებენ ცესკოში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია ე.წ. დისბალანსთან დაკავშირებით სპეციალური საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებზე არასწორია, - ამის შესახებ ცესკოს ინფორმაციის დაცულობის ცენტრის სპიკერმა თორნიკე გოგისვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ზემოაღნიშნულ უბანზე, ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ პროპორციულ ნაწილში მიეღო კენჭისყრაში მონაწილეობა. პროპორციულ ოქმში სისწორე დაცულია.
"სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება სპეციალური უბნების (ე.წ. "კოვიდ" უბანი და პენიცენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნები) შემაჯამებელი ოქმები და პირები, რომლებიც ამ ოქმებს ავრცელებენ აპელირებენ ე.წ. დისბალანსზე. წარმოგიდგენთ მაგალითებს თუ რატომ არ უნდა დაესვას კითხვის ნიშანი აღნიშნული ოქმების სისწორეს. მაგალითად N20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის N86 საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომელიც წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას, შედგა სამი სახეობის ოქმი, რომელშიც თითქოს დისბალანსია. თუმცაღა ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ზემოაღნიშნულ უბანზე, ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ პროპორციულ ნაწილში მიეღო კენჭისყრაში მონაწილეობა. პროპორციულ ოქმში სისწორე დაცულია. ცალსახაა, რომ შემაჯამებელი ოქმები, რომლებიც შედგა პენიტენციურ დაწესებულებებსა და ე.წ. კოვიდ.უბნებზე, დისბალანსი იქნება, ვინაიდან, სპეციალურ უბნებზე ამომრჩევლები არ აძლევენ ხმას მაჟორიტარული სისტემით, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. აქედან გამომდინარე გთხოვთ გავითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები და ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში; აქვე აღვნიშნავთ თუ იარსებებს ისეთი ოქმები, რომლებიც შეიცავენ ხარვეზს, ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ იქნება სათანადოდ შესწავლილი", - განაცხადა გოგისვანიძემ.
"ინტერპრესნიუსი"