5 თვითმმართველი ქალაქიდან - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ყველა მათგანში, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება - კვირის პალიტრა

5 თვითმმართველი ქალაქიდან - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ყველა მათგანში, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 5 თვითთმმართველი ქალაქიდან - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ყველა მათგანში, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ამასთან, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 3-ში - რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ოპოზიციის - "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლიდერობს.

თბილისში 769 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 320 უბნის მონაცემები. პირველ ადგილზეა "ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე 45,5 %-ით, მეორეზე კი "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია 34,13 %-ით. ხმების 8,97 % აქვს პარტია "საქართველოსთვის“ კანდიდატ გიორგი გახარიას.

რუსთავში ამ დროისთვის 88 უბნიდან 42 უბანშია მონაცემები დათვლილი. 42 უბნის მონაცემებით, აღნიშნულ თვითმმართველ ქალაქში "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით კირკიტაძე იმარჯვებს. მას 44,53 %-იანი მხარდაჭერა აქვს. მეორე ადგილზეა "ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე - 44,34 %-ით.

ქუთაისში 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 51 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის ამ ქალაქშიც ლიდერობს "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე 43,75 %-ით. მეორე ადგილზეა "ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 41,86 %-ით.

ფოთში 33 უბნიდან დათვლილია 18 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის ლიდერობს "ქართული ოცნების“ კანდიდატი ბექა ვაჭარაძე 47,73 %-ით, მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიგი უგულავა 37,44 %-ით.

ბათუმში 105 უბნის მონაცემებიდან დათვლილია 34 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის აღნიშნულ ქალაქში "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე იმარჯვებს 42, 35 %-ით, მეორე ადგილზეა "ქართული ოცნებიდან“ არჩილ ჩიქოვანი 41,49 %-ით.