ქართველი მოდელები მსოფლიოს მაღალი მოდის პოდიუმს იპყრობენ
მაკო მაჭავარიანი, ზინი ქაჯაია, ლიზა კობერიძე - LOOK MODELS MANAGMENT-ის ქართველი მოდელები მილანის მაღალი მოდის კვირეულზე გამოჩნდნენ. არმანის მოდის სახლის საიუბილეო 40 წლის ჩვენება 16 წლის მაკო მაჭავარიანმა გახსნა და ჯორჯო არმანის ფავორიტი კაბაც მოირგო. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მოდელმა განაცხადა, მან ჯორჯო არმანის ქათინაურიც დაიმსახურა.
ზინი ქაჯაია, 17 წლის მოდელი, არმანის ჩვენებაზე უკვე მეორე წელია, მონაწილეობს. "ყველაზე მნიშვნელოვანი შოუ" - ასე იხსენებს მოდელი ემპორიო არმანის ჩვენებას. ლიზა კობერიძის დებიუტი "დოლჩე და გაბანას" 2022 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე შედგა. დაუვიწყარი ემოცია" - ასეთია მისთვის "დოლჩე და გაბანას" ჩვენება.
ქართველი მოდელებით ცნობილი ბრენდების დაინტერესება ახალი არ არის. ქართველი ლამაზმანები 2020 წლის მილანის მოდის კვირეულშიც მონაწილეობდნენ - "დოლჩე და გაბანას" ჩვენებაზე მატილდა გვარლიანმა და თათია ახალაიამ ბრენდის 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინეს. ანა გავვა და ლიკა რიგვავა "გუჩის" ჩვენებაზე გამოჩნდნენ. თათია ახალია 2018 წელსაც იღებდა "დოლჩე და გაბანას" ჩვენებაზე მონაწილეობას, რომელიც კომოს ტბაზე გაიმართა. 2018 წელს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მოდელი ამბობდა: "დოლჩე და გაბანას" უკანასკნელი ალტა მოდას ჩვენება ყველაზე ლამაზი ჩვენება იყო, სადაც გამოვსულვარ, რაც კომოს ტბის, ულამაზესი ბუნებისა და ზღაპრული კოლექციის სინთეზმა განაპირობა.
მგონია, რომ ეს ყველაფერი სანახაობა უფრო იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ჩვენება. რაც შეეხება მოდელებს, ახალი თაობის ტოპმოდელებთან ერთად, მოწვეული ჰყავდათ ნაომი ქემპბელი, ევა ჰერციგოვა, ჰელენა კრისტენსენი... რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა და პატივია მათთან ერთად პოდიუმზე გავლა. როგორები არიან ვარსკვლავები? მათთან ურთიერთობა იოლია, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, არ იგრძნობა, რომ თავზე განსაკუთრებული წარმოდგენა აქვთ, თუმცა ნაომი მაინც გამონაკლისია და ეს ბუნებრივიც არის. ის სხვა მოდელებისგან განცალკევებით იყო და მასთან პირისპირ ურთიერთობა არ გვქონია.