"ოპოზიციური ერთობა ყველაზე მეტად "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააზარალა" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციური ერთობა ყველაზე მეტად "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააზარალა"

"ჩვენ პატრიოტიზმი სხვაგვარად გვესმის - თითქოს კრწანისის ველზე ვართ და ყველანაირი ხერხი უნდა გამოიყენო მოწინააღმდეგის გასანადგურებლად. მეტოქე პოლიტიკოსს ვუყურებთ როგორც პირად მტერს"

ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ქართველ პოლიტიკოს ლიდერებს წინასაარჩევნო პერიოდში დაპირისპირების თავიდან არიდებისკენ მოუწოდებდნენ. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერდა, რომ პოლარიზებულ საქართველოში, სადაც დაპირისპირება და ძალადობა ისედაც უკიდურეს საშიშ დონეს აღწევს, არც ერთ პოლიტიკოსს არ უნდა შეეწყო ხელი უფრო მეტი პოლარიზებისთვის. "მე პატივს ვცემ ბატონი სააკაშვილის სურვილს, იმყოფებოდეს თავის ქვეყანაში, მაგრამ ახლა ეს არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. ამგვარი ნაბიჯი უფრო გააღრმავებს კრიზისს, შექმნის არასაჭირო დაძაბულობას და დააზიანებს როგორც არამდგრად პოლიტიკურ პროცესებს, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. ამ უკანასკნელმა ბოლო დროს უკვე განიცადა სერიოზული დარტყმა "ქართული ოცნების" საზიანო გადაწყვეტილებების შედეგად", - წერდა ევროპარლამენტარი.

სააკაშვილის უპასუხისმგებლობად ჩათვალა საქართველოში ჩასვლა ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში კენეტ იალოვიცმაც. "ძალიან სამწუხარო მოვლენებია. ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს თავისი თავი გახადოს საარჩევნო დებატების ცენტრად, ნაცვლად იმისა, ფოკუსირება მოხდეს ქართველების ყოველდღიურ პრობლემებზე. მისი დრო მოვიდა და უკვე წავიდა კიდეც და ძალიან უპასუხისმგებლოა ასეთი საქციელი. ეს საქართველოსთვის დემოკრატიისგან უკან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. იმედია, ქართველები ამ ჩარევას ყურადღებას არ მიაქცევენ", - აღნიშნა იალოვიცმა.

როგორ იმოქმედებს საქართველოს იმიჯზე სააკაშვილის სკანდალური ნაბიჯი, რა გამოხმაურება მოჰყვება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს დასავლეთიდან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საერთაშორისო საკითხების ექსპერტი კახა გოგოლაშვილი გვესაუბრება:

- სამწუხაროდ, აგრესიული და სახიფათო პოლიტიკური ძალები გვყავს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უკვე დიდი ხანია შეშფოთებული არიან საქართველოში არასტაბილური ვითარების გამო და იმედოვნებენ, რომ არჩევნები რეალობას შეცვლის. მათ არც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ახარებთ და არც მისი დაკავება.

- რა გათვლა შეიძლება ჰქონოდა სააკაშვილს, როდესაც საქართველოში მოდიოდა? - არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა, ეს აშკარაა. სავარაუდოდ, მისი გათვლით, ოპოზიციას დამარცხების შემთხვევაში მეტი მუხტი ექნებოდა, თუ თავად ციხეში იქნებოდა.

- ემსახურებოდა თუ არა პროვოკაციას და წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვას ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს? გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ამ ამბავს ფეიკნიუსი უწოდა. - არა, არ იყო ფეიკნიუსი. გერმანიის პრეზიდენტმა ეს ინფორმაცია უარყო, მაგრამ არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეიკრიბნენ და იმსჯელეს რიგი ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებაზე. ეს არაფრით არ იყო დაკავშირებული საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან, როგორც ამის წარმოჩენა "ნაციონალებს" სურდათ. სინამდვილეში ევროკავშირის წარმომადგენლები წუხდნენ იმის გამო, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა საქართველოდან წასულ თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი. ეს უვიზო რეჟიმის სწრაფი შეჩერების საფუძველს იძლევა.

- მივყავართ თუ არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ? - ყველა ის მოქმედება და განცხადება, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ნამდვილად სარისკოა. ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებაა.

პოლიტიკოსების ერთი ნაწილი არაფერს ერიდება ხელისუფლების შესანარჩუნებლად, მეორე კი არაფერს ერიდება ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. რადიკალიზმით გამოირჩევა "ნაცმოძრაობა". თუმცა ასევე ძალიან სარისკოა მმართველი გუნდის საგარეო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

- რას გულისხმობთ? - თუნდაც 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლას და ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ ფინანსურ დახმარებაზე უარს. ცალკე თემაა ფარული მოსმენები, რაც ძალაუფლების შენარჩუნების არალეგიტიმური გზაა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები გამუდმებით იმის ცდაში არიან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური ბრძოლა როგორმე სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციონ. ცხადად ხედავენ, რომ პოლიტიკური ძალები წესების გარეშე იბრძვიან. არიან გამონაკლისებიც, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად კორექტული იყვნენ პოლიტიკურ ბრძოლაში, მაგრამ მათ არა აქვთ ელექტორატის შესაბამისი მხარდაჭერა.

- ასეთ ძალებად ვის მიიჩნევთ? - თუნდაც "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებელს". მათი ლიდერები მწვავე განცხადებებს კი აკეთებენ, მაგრამ მათი ბრძოლის ხერხებში პროვოკაციები არ შეინიშნება.

- როგორ ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას ის, რომ ელექტორატის სიმრავლით გამოირჩევა სწორედ ის ორი პარტია, რომელიც, თქვენი შეფასებით, აგრესიული და პროვოკაციულია? - ეს მეტყველებს პოლიტიკური კულტურის დაბალ დონეზე. ჩვენი საზოგადოება არ არის მზად დემოკრატიული მოწყობისთვის. რადიკალური ძალები ყველგან არიან, მათ შორის ევროპაშიც და ამერიკაშიც, მაგრამ იქ მათი მარგინალიზაცია ხდება. არა მარტო რადიკალიზმს, პოლიტიკაში ყველა უკანონო ხერხის გამოყენებას ხალხი თავად სჯის. დასავლეთში პოლიტიკური ბრძოლა წესების დაცვით მიმდინარეობს. საქართველოში წესების დაცვას არაფრად დაგიდევენ, უფრო მეტიც, კანონზე მაღლა ისეთ იდეალიზებულ ლოზუნგებს აყენებენ, როგორიცაა პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული და ასე შემდეგ... პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული დასავლეთში მატერიალიზებულია კანონის უზენაესობაში, დემოკრატიის განვითარებაში, ადამიანის უფლებების დაცვაში, სამართლიანი პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებაში. ჩვენ პატრიოტიზმი სხვაგვარად გვესმის - თითქოს კრწანისის ველზე ვართ და ყველანაირი ხერხი უნდა გამოიყენო მოწინააღმდეგის გასანადგურებლად. მეტოქე პოლიტიკოსს ვუყურებთ როგორც პირად მტერს.

ჰკითხეთ "ნაციონალური მოძრაობის" ნებისმიერ წევრს, რას ფიქრობს, "ქართული ოცნების" წევრებზე და პირიქით და ორივესგან ისეთ პასუხს მიიღებთ, გული გაგისკდებათ.

რატომ ვერ ამჩნევს ქართველი ამომრჩეველი სხვა პოლიტიკურ ძალას "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა? იმიტომ, რომ მათი მთავარი ფაქტორი ძალაა. რისთვის სჭირდებათ ძალა? მტრის დასამარცხებლად. თითქოს პერმანენტული ომი იყოს ქვეყანაში, პატივს მხოლოდ იმას სცემენ, ვისაც ხმალი აქვს ქარქაშიდან ამოღებული. ვინც სიტყვით ცდილობს ბრძოლას, არც უსმენენ.

სიტყვამ ფასი დაკარგა, იმიტომ, რომ მმართველმა ძალამ, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას ხალხის გულის მოგებით ცდილობს, სამჯერ გატეხა სიტყვა, სამჯერ თქვა დიდი ტყუილი. საარჩევნო დაპირებებზე არაფერს ვამბობ, შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიძლება ვერ შეასრულო წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება. ეს მინუსია, მაგრამ არ არის ტრაგედია.

ნამდვილი ტრაგედიაა, როდესაც შეთანხმებას არღვევ, სიტყვის გატეხა შეგიძლია. ჯერ პროპორციულ არჩევნებზე გაცემული პირობა გატეხეს და ყველაფერი ძალიან მარტივად გადააბრალეს მაჟორიტარებს. შემდეგ 43%-იანი დათქმა გადათქვეს. შარლ მიშელის შეთანხმება არც იყო დადებული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი დამთავრებული იყო, რომ პარტიის თავმჯდომარემ ტელეეთერებიდან არაერთხელ თქვა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე 50%-ზე ნაკლებს მივიღებთ, ვადამდელ არჩევნებს დავნიშნავთო. შემდეგ 43%-ზე ჩამოვიდნენ, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს და მერე უცებ ყველაფერზე უარი თქვეს. ნორმალური პოლიტიკური კულტურის ქვეყანაში ასეთი ქმედებების გამო მმართველი ძალა აუცილებლად დაკარგავდა ამომრჩევლის დიდ ნაწილს. დემოკრატიულ სამყაროში ტყუილების ლაპარაკს არავინ გაამართლებდა. თქვენ ეს უვნებელი ტყუილი არ გეგონოთ, საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან მძიმე ზიანი მოგვაყენეს.

მესამე ტყუილი სასამართლო რეფორმების გატარებას უკავშირდება. თქვეს, ვენეციის კომისიის შენიშვნებს გავითვალისწინებთო. ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ქვეყანამ 75 მილიონი ევრო მიიღო. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, სასამართლო რეფორმის დასრულების შემდეგ 75 მილიონი კიდევ უნდა მიგვეღო. "ქართულმა ოცნებამ", იმის გამო, რომ სასამართლო რეფორმის გატარება არ უნდოდა (კონკრეტულად კი მოსამართლეების არჩევის წესის შეცვლა) ქვეყანას 75 მილიონი ევროს მიღების შესაძლებლობა დაუკარგა.

ეს ყველაფერი რატომ შეგახსენეთ? ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა რომ იყოს, ასეთ ტყუილებს პოლიტიკურ პარტიას, მმართველი ძალა იქნება თუ ოპოზიცია, ამომრჩეველი არ აპატიებდა, "ოცნების" ამომრჩეველმა კი ეს ამბავი ერთ ყურში შეუშვა და მეორიდან გაუშვა. მეორე ნაწილმა ისიც კი თქვა, ძალიანაც კარგი, თუ მოატყუესო.

ახლა "ნაციონალებზე" მოგახსენებთ. ოპოზიციაში ლიდერი პარტია კი არის, მაგრამ ყველაზე მეტად მან დააზარალა ოპოზიციური ერთობა, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტზე დროულად არ მოაწერა ხელი. თუ მართლა უნდოდათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მარტო 43%-იანი ბარიერის დათქმის გამო უნდა მოეწერათ ხელი ხელშეკრულებისთვის და "ქართული ოცნებისთვის" უკანდასახევი გზა არ დაეტოვებინათ. არც ვიცი, "ნაციონალების" მიერ "ოცნებისთვის" მიცემულ შანსს რა დავარქვა.

- დღეს რასთან გვაქვს საქმე, კიდევ ერთხელ ხომ არ აღმოვჩნდებით უხერხულ მდგომარეობაში საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე? - დიახ, რა თქმა უნდა. გასაგებია, რომ სააკაშვილმა არასახელმწიფოებრივად, პროვოკაციულად იმოქმედა. წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩამოსვლით მხოლოდ პოლარიზების გაზრდას კი არ შეუწყო ხელი, უკრაინასთანაც უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაგდო, ჩვენი ურთიერთობა კიდევ ერთხელ დააყენა რისკის ქვეშ, მაგრამ მმართველი გუნდიც არ მოიქცა მართებულად. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ექსპრეზიდენტს ასეთი სასჯელები დააკისრეს. ვიცი, ბევრი იტყვის, სააკაშვილი მეტის ღირსიც იყოო, მმართველი გუნდი რა შუაშია, სააკაშვილს სასამართლომ გამოუტანა განაჩენიო. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ქეისები პოლიტიკურად მოტივირებულია?! ერთია დანაშაული, მაგრამ მეორე მისი დამტკიცება. ახლა სააკაშვილს შესაძლებლობა მიეცემა პატიმრობა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს და კიდევ უფრო დაძაბოს სიტუაცია ქვეყანაში.

ხათუნა ბახტურიძე