"თუ პოლიტიკური პარტია სათავეში უმრავლესობით მოდის, ეს ქვეყნისთვის დამღუპველია"
რა გავლენა იქონია წინასაარჩევნოდ გამოვლენილმა დარღვევებმა არჩევნების შედეგებზე, "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე გვესაუბრა.
- წინასაარჩევნო გარემო პოლიტიკური პარტიებისთვის კონკურენტუნარიანი იყო. მათ შეეძლოთ ეწარმოებინათ კამპანია და თავიანთი პროგრამები საზოგადოებამდე მიეტანათ. თუმცა იყო პრობლემური ფაქტებიც, რამაც ჩრდილი მიაყენა დემოკრატიულ წინასაარჩევნო გარემოს. კერძოდ, ხშირი იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები, ზეწოლა კანდიდატებზე და ცემა-ტყეპა დმანისსა და რუსთავში. როდესაც წინასაარჩევნო გარემოზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციაზეც ვისაუბროთ. მაგალითად, როგორ იმუშავეს წინასაარჩევნო პერიოდში და არიან თუ არა მზად არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად. ვაკვირდებოდით ცესკოსა და საოლქო კომისიის წევრების დაკომპლექტების პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ ამაში ბევრი პარტია იყო ჩართული, მაინც არის კითხვის ნიშნები დამოუკიდებლობის შესახებ.
- ამ დარღვევებმა რამდენად იქონია გავლენა არჩევნების შედეგებზე? - ამ კონკრეტულ შემთხვევაში გავლენა იქონია ამა თუ იმ კანდიდატზე, რომლებმაც კანდიდატურა მოხსნეს. თუმცა პროცენტებში ამის ასახვა რთულია, რადგან ჩვენ ვერ გავიგეთ, ამა თუ იმ მოქალაქემ ზეწოლის შედეგად ვის მისცა ხმა. როდესაც სამართლიან არჩევნებზე ვსაუბრობთ, დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს.
- თუმცა წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ეთნიკურად დასახლებულ რეგიონში სიწყნარე იყო, მაგალითად, მარნეულში.... - დმანისსა და რუსთავში იყო ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები. თუმცა მასშტაბური ცემა-ტყეპა ამ არჩევნებზე არ ყოფილა, რადგან კანდიდატები, ძირითადად, რეგიონებიდან იყვნენ და შესაბამისად ზეწოლაც ქვედა დონეზე ხდებოდა, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობით.
- მაინც რით განსხვავდებოდა ეს არჩევნები წინასგან? - ეს არჩევნები განსხვავდებოდა ადგილობრივი არჩევნების ხასიათისგან. თვითმმართველობის არჩევნების დროს პარტიები ადგილზე ცდილობენ მობილიზებას და რეგიონულ პრობლემებზე საუბარს, მაგრამ ეს არჩევნები პოლიტიკურ პროცესად გადაიქცა, როდესაც პროპორციული შედეგები აინტერესებს ყველას. ვფიქრობ, ეს მიშელის დოკუმენტმაც განაპირობა, რომელშიც ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 43%-ზე ნაკლებს თუ აიღებდა, ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებდა.
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტს მმართველი პარტია გამოეთიშა, ოპოზიციური ძალებისთვის ეს არჩევნები რეფერენდუმად გადაიქცა. ამიტომ პარტიები მაჟორიტარებისა და მერების დონეზე არ ცდილობდნენ რესურსის ხარჯვას, უფრო ეროვნული მასშტაბით ატარებდნენ კამპანიას.
ამიტომ ამ არჩევნებზე ნაკლებად იყო საუბარი მოსახლეობის საჭიროებებზე და ერთმანეთის დისკრედიტაციით იყვნენ დაკავებული.
- ამ არჩევნების ლაიტმოტივი იყო სიძულვილი და სისხლიანი ბანერები... - "სამართლიანმა არჩევნებმა" სარჩელი შეიტანა სასამართლოში ამ ბანერების გამო. ჩვენი საარჩევნო კოდექსით სიძულვილისა და ძალადობის წახალისება აკრძალულია. ასევე ყველა საარჩევნო ბანერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მითითებული პარტიის ნომერი. თუმცა ცესკოს თავმჯდომარემ გამოგვიცხადა, ეს არ არის საარჩევნო აგიტაციის მასალაო. ცხადია, ამას არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ. მსგავსი ტიპის ბანერები, რომლებიც 2018 წელს განთავსდა, აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ეს სწორედ სააგიტაციო მასალაა და დეკლარაციაში შეატანინა.
- რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსს, ვინ უფრო მეტს ხარჯავდა, "ოცნება" თუ "ნაცმოძრაობა"? - "ნაცმოძრაობის" დროსაც ბევრი პრობლემა იყო არჩევნების დროს. ისინიც იყენებდნენ ამ ხერხებს, როგორსაც "ოცნება". ასე რომ, რთულია შედარება. მაგრამ ერთს ვხედავ - თუ პოლიტიკური პარტია სათავეში უმრავლესობით მოდის, ეს ქვეყნისთვის დამღუპველია, რადგან მათ ხელშია სახელმწიფო ინსტიტუტები.
ალბათ, გამოსავალი კოალიციური მთავრობაა, რათა ერთმა პარტიამ ვერ შეძლოს გაყალბება და თუ იქნება დარღვევები, თავისუფალ სასამართლოში შეგვეძლოს სიმართლის დამტკიცება.
- ყველაზე მშვიდი არჩევნები რომელ წელს გახსენდებათ? - 2012 წლის შემდეგ ჩატარებული არჩევნები 2018 წლამდე მშვიდი იყო. მაშინ ამდენი დარღვევა და დაპირისპირება არ ყოფილა. მწვავე ვითარება იყო 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე. დაძაბული იყო წინა არჩევნებიც. ეს, ალბათ, იმას უკავშირდება, რომ ორი ვადის შემდეგ ხალხს ცვლილებები სურს, მმართველ პარტიას კი არა და ხელისუფლების შესანარჩუნებლად უფრო მეტ დარღვევაზე მიდის.