"თუ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, ადამიანის უფლებები არ დაირღვევა"
"თუ აცრა სავალდებულო არ გახდება, პანდემია არ დასრულდება"
არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" ხელისუფლებას მოუწოდებს ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს, რაც ადამიანის უფლებებს არ დაარღვევს. რატომ უნდა გახდეს ვაქცინაცია სავალდებულო, ამ საკითხზე "კვირის პალიტრას" "უფლებები საქართველოს" გამგეობის თავმჯდომარე კარლო ნიკოლეიშვილი ესაუბრა.
- უნდა იყოს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო, ეს უნდა შეფასდეს როგორც სამედიცინო, ისე სამართლებრივი კუთხით. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ჩვენმა ორგანიზაციამ შეისწავლა ეს საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით და შეიძლება ითქვას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, ადამიანის უფლებები არ დაირღვევა.
როცა ვხედავთ, რომ ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობა აქტიურად არ არის ჩართული, ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით სახელმწიფოს შეუძლია განსაზღვრული ასპექტების დაცვით ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს.
- მაგრამ ამით ხომ ადამიანს არ ეძლევა არჩევნის საშუალება? - ადამიანს შეიძლება შეეზღუდოს ესა თუ ის უფლება, როცა არსებობს ლეგიტიმური მიზანი, როგორიც არის ადამიანის სიცოცხლის დაცვა, რაც გადაწონის ამ შეზღუდვას. როდესაც ყოველდღიურად "კოვიდით" ათეულობით ჩვენი მოქალაქე იღუპება, ვფიქრობ, სავალდებულო ვაქცინაცია სამართლიანი იქნება. თუკი საზოგადოებრივი იმუნიტეტი არ გაძლიერდება და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება, რისკ-ჯგუფებს საფრთხე შეექმნებათ. ევროპული სასამართლო სწორედ ამაზე მიუთითებს - შეიძლება შეიზღუდოს ადამიანის უფლებები, მაგრამ მეორე მხარეს დგას აღმატებული ლეგიტიმური მიზანი - ადამიანის სიცოცხლის დაცვა. ამიტომ ეს უკანასკნელი გადაწონის პირველ საკითხს.
- თუ ასეა, ევროპა რატომ არ აცხადებს ვაქცინაციას სავალდებულოდ? - ევროპაში ადამიანთა ზოგიერთი ჯგუფისთვის ვაქცინაცია სავალდებულოც არის. მაგრამ სანამ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, ეს განსაზღვრული კრიტერიუმების დაცვით უნდა მოხდეს. თუნდაც პრეპარატი უნდა იყოს აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. ასევე საჭიროა დამცავი მექანიზმების შემუშავება იძულების ფაქტორის დასაბალანსებლად. მნიშვნელოვანია ცალკეული სამიზნე ჯგუფისთვის მაინც გახდეს აცრა სავალდებულო.
- ეს ხომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება? - არა. სწორედ ეს არის შეფასებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ვიმეორებ, უბრალოდ, ზოგი რამ შეიზღუდება, როგორც, მაგალითად, იზღუდება ჩვენი გადაადგილების უფლებები, როდესაც შუქნიშნების გამო ვერ ახერხებ გადაადგილებას ნებისმიერი ადგილიდან.
- ანუ სავალდებულო ვაქცინაციით იზღუდება ადამიანის ზოგიერთი უფლება, მაგრამ არ ირღვევა? - დიახ, სწორედ ასეა. სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, რადგან უკვე 9 ათასამდე კაცია გარდაცვლილი. თუ აცრა სავალდებულო არ გახდება, პანდემია არ დასრულდება.
- მაგრამ თუ აცრა სავალდებულო გახდა, ეს ხომ სხვა აცრებსაც შეეხება, თუნდაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას? - არა. ასეთი მოცემულობის მიღება არსებული ვითარების შეფასებით ხდება. თავის დროზე გრიპი ან თუნდაც სხვა დაავადებები მართვადი იყო, "კოვიდ 19"-ის მართვა კი ვერ ხერხდება. გრიპით ამდენი ადამიანი არ დაღუპულა.
- სამართლებრივი მხარე გასაგებია, მაგრამ არის მეორე მხარეც - მოსახლეობის ნაწილი არ ენდობა სახელდახელოდ შექმნილ ვაქცინებს. - ეს შეიძლება იმ დეზინფორმაციის ბრალია, რაც ვრცელდება.
უარყოფითი სტატისტიკის რისკი არსებობს, შესაძლებელია იყოს გართულებებიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, სავალდებულო ვაქცინაცია აუცილებელია. სხვაგვარად ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
როდესაც ვლაპარაკობთ სავალდებულო ვაქცინაციაზე, ვგულისხმობთ დამცავ ფაქტორებსაც, მაგალითად, აცრამდე ჩატარდეს ადამიანის ჯანმრთელობის გამოკვლევა და შემდეგ აიცრას.
- ჩვენს ჯანდაცვას აქვს ამის რესურსი?
- აქვს. ჯანდაცვის სისტემის რესურსის დიდი ნაწილი უკვე ინფიცირებულთა მკურნალობაზე იხარჯება. უმჯობესია ეს რესურსი დაიხარჯოს პრევენციაზე, რათა ავიცილოთ ინფიცირების ახალი შემთხვევები.