"ჩვენი მიზანი ღვინის ხარისხზე რაც შეიძლება მეტი ზრუნვაა" - კვირის პალიტრა

"ჩვენი მიზანი ღვინის ხარისხზე რაც შეიძლება მეტი ზრუნვაა"

მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება. შესაბამისად, იზრდება გაყიდვებიც, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც საამაყოა: ჩვენს ქვეყანაში ვაზზე საუკუნოვანი ზრუნვა გრძელდება. სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის 8 თვეში საქართველოდან 65 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის ექსპორტს, ხოლო 18%-ით, 2019 წლისას (ანუ პანდემიამდელი პერიოდისას). რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო ქართული ღვინის მეტი პოპულარობისა და მსოფლიო ბაზარზე უფრო მეტი ნიშის მოპოვებისთვის, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ოთარ შამუგიას ვესაუბრეთ:

- ბატონო ოთარ, სასიამოვნოა, რომ ბევრ სფეროში პანდემიური კრიზისის ფონზე ქართული ღვინის ექსპორტი წინ წარმატებით წავიდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ სფეროში დიდი შესაძლებლობები ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ვიცით, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დიდი გეგმები აქვს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.

- მოლოდინი პოზიტიურია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შევიმუშავეთ ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების ათწლიანი გეგმა, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ქართული ღვინის ექსპორტის განვითარებას ეთმობა.A ამ საკმაოდ ამბიციური გეგმით 2030 წელს ქართული ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა მილიარდ დოლარს უნდა გადააჭარბოს, რაც, რასაკვირველია, კონკრეტულ ქმედებებს მოითხოვს.M ამ მიზნის მისაღწევად უკვე შევადგინეთ და მთავრობას წარვუდგინეთ ქართული ღვინის განვითარების ახალი პროგრამა, რომელიც ღვინის ექსპორტის განსავითარებლად მნიშვნელოვან ღონისძიებებს ითვალისწინებს, კერძოდ, ღვინის კომპანიებისთვის მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას.

- თანადაფინანსება სოფლის მეურნეობის შესანიშნავი მონაპოვარია. მეღვინეების მარკეტინგულ ხარჯებს ეს პროგრამა არასოდეს შეხებია, არადა, ღვინის ექსპორტის პოპულარიზაციისთვის ყველაზე ძვირადღირებული სწორედ მარკეტინგული ხარჯებია. - სწორედ ამისთვის გამოყო სახელმწიფომ თანადაფინანსების თანხები, გამოვიყენებთ ღვინის მარკეტინგულ ხარჯებს ინვესტირებისთვის, პარტნიორებთან ურთიერთობის გაფართოებისა და უმნიშვნელოვანესი საექსპორტო ბაზრის მოპოვებისათვის. დღეს ჩვენ უკვე გავდივართ აშშ-ის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ბაზრებზე, მაგრამ ამ ბაზრების უფრო მეტად გაფართოებაა საჭირო.

- ეს პროგრამა აუცილებლად სასიკეთოდ დაეტყობა ღვინის ექსპორტს. თუმცა მილიარდი დოლარის მოპოვებაც არ არის მარტივი. ამას უამრავი ღონისძიების გატარება სჭირდება. - ამიტომ, ჩვენივე ინიციატივით საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას არა მარტო მეღვინეები, არამედ ღვინის ეროვნული სააგენტოც განახორციელებს. ამასთან, შევქმენით ქართული ღვინის ხარისხის მონიტორინგის პროგრამაც. საქმე ის არის, რომ ღვინის ბიზნესის წინ წასვლასთან ერთად იზრდება ვენახების ფართობები, იყრება ახალშენები, მეტი მოსავალი კი სულ უფრო მკაცრად და დაკვირვებით მოითხოვს ხარისხის კონტროლს. ჩვენ ამ ეტაპზეც არ მოგვყავს მცირე რაოდენობის ყურძენი. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ წელს სტიქიამ უდიდესი ზარალი მოგვაყენა და 5 ათასი ჰექტარი ვენახი დაისეტყვა, 200 000 ტონა ყურძენი გადავამუშავეთ და მევენახეებმა 220 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.Aასე რომ, ხარისხის გასაკონტროლებლად დამატებითი მექანიზმების შემოღება გახდა საჭირო. ინიციატივა კი კერძო მეწარმეებისგან წამოვიდა. მათ მოინდომეს, რომ ჩვენი ღვინის მონიტორინგში ჩართულიყვნენ ისეთი საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა SGS-ი და Bureau Veritas-ი, ავტორიტეტული კომპანიები, რომელთაც მსოფლიო ენდობა და რომელთა როლი ჩვენს შემთხვევაში ძალზე სერიოზულია. მიზანი ჩვენი ღვინის ხარისხზე რაც შეიძლება მეტი ზრუნვაა, რაც მეტ წარმატებას ნიშნავს. სხვათა შორის, უკვე გვაქვს ამ კომპანიების კვლევის შედეგები და დადასტურდა, რომ მართლაც საუკეთესო ღვინო გვაქვს.

- რადგან კერძო კომპანიებმა ასეთი ინიციატივა თავად წამოაყენეს, ესე იგი, მათ საკუთარი თავის რწმენა აქვთ. კიდევ რა კეთდება ქართული ღვინის ხარისხის ასამაღლებლად? - ბევრი რამ. მაგალითად, წელს პირველად ჩატარდა რთველი კადასტრის საფუძველზე. მთელი წლის განმავლობაში ჩვენი სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა აღწერეს კახეთში ყველა ვენახი. ასე რომ, წელს ჩვენ გვქონდა სრული ინფორმაცია, თუ რომელი ჯიშების ღვინოს მივიღებდით. წელს კახეთში არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ არის ჩაბარებული კადასტრის გარეშე. ეს არა მარტო იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ინფორმაციას ვფლობთ ღვინოზე, არამედ იმიტომაც, რომ სწორედ ასე ვითარდება ღვინის ცნობილ ქვეყანაში ხარისხიანი მეღვინეობა. ვენახების საკადასტრო აღწერამ მოგვცა საშუალება ყურძნის შაქრიანობა გაგვეკონტროლებინა, რაც ღვინის ხარისხის ერთ-ერთი მთავარი მსაზღვრელია. უმნიშვნელოვანესია, რომ დურდოზე (ჭაჭა) ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალს დაემატა. ამ დრომდე OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინო შედიოდა, ჩვენი ღვინო ჩამონათვალში მე-8 გახდა.

- სეტყვამ ძალიან დაგვაზარალა. დაზარალებულ მევენახეებს სახელმწიფომ დახმარება გაუწია. სახელმწიფომვე ჩაიბარა დასეტყვილი ყურძენიც. - ამ ზარალის მიუხედავად, ჩვენ ორგანიზებული რთველი გვქონდა. დასეტყვილი ყურძნით სპირტი დამზადდება, სეტყვის გამო მხარდაჭერა კი მეღვინეებს უსათუოდ დაეხმარება. რაც მთავარია, გვეწყება რთველი რაჭა-ლეჩხუმში, სადაც 2500 ტონა და კიდევ უფრო მეტ ძვირფასი ჯიშის ყურძენს ველით. ვენახის საკადასტრო მონაცემები, რა თქმა უნდა, რაჭა-ლეჩხუმის მეღვინეობისთვისაც მუშავდება. ჩვენი სამინისტროს საკონსულტაციო სამსახურების მუშაკები რაჭა-ლეჩხუმშიც დადიოდნენ ყოველ მევენახესთან, რათა რჩევებით დახმარებოდნენ. ეს მომავალშიც გაგრძელდება.D რაც მთავარია, ჩვენს მეღვინეობაში უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება მთელ მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.