"ოცნებასა" და სააკაშვილს შორის ყველანაირ გარიგებას გამოვრიცხავ... მიშას ჩამოსვლა აიხსნება სხვა ფაქტორებითაც.­.." - კვირის პალიტრა

"ოცნებასა" და სააკაშვილს შორის ყველანაირ გარიგებას გამოვრიცხავ... მიშას ჩამოსვლა აიხსნება სხვა ფაქტორებითაც.­.."

რას ელოდა და როგორ აფასებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს? რა შეცვალა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ და მისმა დაპატიმრებამ? "კვირის პალიტრას" ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ესაუბრება:

- საქართველოს კვალობაზე, არჩევნები ნორმალურად ჩატარდა. არ იყო დიდი აყალმაყალი. სააკაშვილის ჩამოსვლამ, ბუნებრივია, რაღაცები შეცვალა. მან თავისი მომხრეების მობილიზაცია შეძლო...

რაც მთავარია, თბილისში მეორე ტურს მაინც "ოცნება" მოიგებს, რადგან თბილისში "ნაცმოძრაობის" მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება კვლავაც განსაკუთრებულია. დასავლეთ საქართველოში არის შანსი, რომ მეორე ტურში "ოცნება" დამარცხდეს, რადგან იქ ყოფილი სახელისუფლებო ძალის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ არის და ეს სერიოზულად ცვლის ძალთა ბალანსს. ცხადია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება, მაგრამ თუ თვალს გადავავლებთ ბოლოდროინდელ მოვლენებს, თუნდაც ფარულ მოსმენასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, არ არის გამორიცხული, ასეთი სკანდალი განმეორდეს და ამან ხელისუფლება ისე შეარყიოს, რომ 2024 წლამდე რაღაც დიდი ცვლილება მოხდეს, თუნდაც კოალიციური მთავრობა შეიქმნას. წარმოუდგენელია, ბოლომდე მესამე ვადით დარჩეს ის ხელისუფლება, რომელსაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს.

აქამდე ეს ხელისუფლება იმის ხარჯზე მოვიდა, რომ ოპოზიციის მთავარი ფრთის, "ნაცმოძრაობის" მიმართ საზოგადოებას განსაკუთრებულად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. მაგრამ გამოჩნდა, რომ ამ ხელისუფლებით უკმაყოფილებაც იზრდება. ვის მიმართ უფრო უარყოფითად არის განწყობილი ამომრჩეველი, ამას დავინახავთ. "ოცნების" სტრატეგია ჭკვიანური არ არის. პრინციპით: "მე ცუდი ვარ, მაგრამ ის ჩემზე ცუდია", ფონს ნამდვილად ვერ გავლენ.

- სააკაშვილის გამოჩენამ ძალიან დააზარალა პატარა პარტიები და ძალები ისევ ამ ორ პარტიას შორის განაწილდა. ლაპარაკობენ "ქართული ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" გარიგებაზეც. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო? - "ქართულ ოცნებასა" და მიხეილ სააკაშვილს შორის ყველანაირ გარიგებას გამოვრიცხავ.

ბუნებრივია, მიშას ჩამოსვლა პოლარიზაციას გამოიწვევდა და, რა თქმა უნდა, ეს იყო კიდეც მისი გეგმა, იმიტომ, რომ მას ურჩევნია, ისევ ამ ორმა პარტიამ აიღოს ხმები, ვიდრე სხვამ, თუნდაც გახარიამ. მისი ჩამოსვლა აიხსნება სხვა ფაქტორებითაც. ჯერ ერთი, ფიქრობდა, რომ ოდესმე ხომ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში! თანაც ამდენი მუქარა, ჩამოვალ, ჩამოვალო და მერე ჩამოუსვლელობა მის რეპუტაციას ძალიან აზიანებდა - უკვე აშკარად დასცინოდნენ. მეორე, თუ არ ჩამოვიდოდა, არჩევნები ჩაივლიდა ისე, როგორც ტარდებოდა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, ანუ "ოცნება" მეორე ტურში მაინც გაიმარჯვებდა. მან, ბოლოს და ბოლოს, მართლაც მოინდომა "ოცნებისთვის" მაგიდის აყირავება და ეს შეიძლებოდა გამოსვლოდა კიდეც, რომ არ დაეჭირათ. რადგან დაიჭირეს, ასე ადვილად აყირავებაც აღარ გამოვიდა.

- ის, რომ ძებნილმა მიხეილ სააკაშვილმა დაუბრკოლებლად მოახერხა ქვეყანაში ჩამოსვლა, არ აკნინებს "ქართული ოცნების" იმიჯს? - ჯერ უნდა გავიგოთ, როგორ შემოიპარა და როგორ დააკავეს. ამ დეტალებს უსათუოდ გავარკვევთ. მთავარია, დააკავეს, რამაც მისი მომხრეები შოკში ჩაყარა. ჩანდა, როგორი შოკირებული იყვნენ მისი დაკავებით. მთავარია, რომ ჩაიშალა მისი გეგმა, რომ 100 000 კაცის მობილიზაცია მოეხერხებინა რუსთაველის გამზირზე და გამოსულიყო ამ ხალხთან, რის შემდეგაც აღარ დაიჭერდნენ, თუმცა, ჩემი აზრით, 100 000 კაცი ქუჩაში მაინც არ გამოვიდოდა. როცა დააპატიმრეს, ციხესთანაც კი არ მივიდა ხალხი და არ დაირაზმა ისე, როგორც თვითონ წარმოედგინა... ასე რომ, საქმე ასე მარტივად არ არის.

- როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის საქართველოში გამოჩენის შემდეგ "ოცნების" მომხრეთა რიცხვიც ხომ არ გაიზარდა, იმის შიშით, რომ შეიძლებოდა "ნაცმოძრაობას" გაემარჯვა, ანუ მისმა ჩამოსვლამ ხელისუფლების წისქვილზეც ხომ არ დაასხა წყალი? - არა მგონია. "ოცნებას" ისედაც დარაზმული ჰყავდა თავისი აქტივი, ადმინისტრაციული რესურსი... მე მგონი, მისი ჩამოსვლით "ნაცმოძრაობის" მომხრეები უფრო დაირაზმნენ, შეგულიანდნენ და არჩევნებზე მივიდნენ.

- დღევანდელი მონაცემებით, რამდენიმე ქალაქში ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ. თუ ოპოზიციონერი კანდიდატი გახდა ქალაქის მერი, როგორ წარმოგიდგენიათ მისი თანამშრომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან? შეთანხმებულად მუშაობას შეძლებენ? დღეს მოქმედი კანონით, ყველა რაიონი დამოკიდებულია ცენტრალურ ხელისუფლებაზე და დაფინანსებას იქიდან იღებს... - არ ვიცი, ერთად მუშაობას როგორ მოახერხებენ, მაგრამ როგორმე უნდა მოახერხონ. ჯუნგლებში ხომ არ ვართ! 21-ე საუკუნეა, ისედაც პატარა ქვეყანა გვაქვს და პარტიული ნიშნით მუდმივად ერთმანეთს ხომ არ დავჭამთ?! ალბათ, პრობლემები იქნება, მაგრამ ისინი უნდა დასძლიონ.

- რამდენიმე დიდ ქალაქში "ნაცმოძრაობა" ლიდერობს. რისი მაჩვენებელია დღემდე შენარჩუნებული მათი ასეთი რეიტინგი - ხალხს მათი ნამოქმედარი დაავიწყდა თუ "ქართული ოცნება" მოჰბეზრდა? - ვინც პერიფერიებში ცხოვრობს, იმ ხალხს მიშას ხელი არ შეხებია. რაც ხდებოდა, ძირითადად, თბილისს ეხებოდა, პატარა ქალაქებს - ნაკლებად. ვფიქრობთ, მიზეზი ეს არის.

- ბევრი ელოდა, რომ გიორგი გახარია ხმებს წაიღებდა. რა შეცვალა გახარიას ფაქტორმა ამ არჩევნებში და როგორ ფიქრობთ, რომ არა მისი მონაწილეობა, კახა კალაძე პირველივე ტურში ხომ არ გაიმარჯვებდა? - გახარიას ფაქტორი მეორე ტურშიც მნიშვნელოვანია, რადგან საინტერესოა, ახლა საით წავა მისი ხმები. ისე, სააკაშვილის ჩამოსვლამ ხმები მასაც დააკარგვინა.

- რომ არა გახარია, კალაძე პირველივე ტურში შეძლებდა გამარჯვებას? - შესაძლოა გასჭირვებოდა, რადგან მიშას ჩამოსვლამაც იქონია შედეგებზე გავლენა, მაგრამ ალბათ, მაინც მოიგებდა. ვფიქრობ, კალაძისთვის მიშას ჩამოსვლა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გახარიას ფაქტორი. მიშას ჩამოსვლამ ზიანი მიაყენა პატარა პარტიებსაც, მაგალითად, "ლელოს" და სხვებს.