"არა მგონია, დედაქალაქში "ქართული ოცნების" უმრავლესობას საფრთხე შეექმნას"
ვახუშტი მენაბდე, იურისტი: - დედაქალაქში "ოცნების"მონაცემები 40%-ის ფარგლებში მერყეობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მანდატების დაახლოებით ნახევარი მმართველი ძალის იქნება. საბოლოო ჯამში მაჟორიტარული შედეგების გათვალისწინებით, არა მგონია, დედაქალაქში "ოცნების" უმრავლესობას საფრთხე შეექმნას. პირველადი შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნება" - 19 პროპორციული და 9 მაჟორიტარული მანდატით იქნება წარმოდგენილი.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ, მხოლოდ საბურთალოზე გაიმართება, სადაც მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს ხმების მხოლოდ 38.16% აქვს მიღებული. "ნაციონალური მოძრაობას"- 13 მანდატი ექნება, "გახარია საქართველოსთვის"- 4 მანდატი, "ლელო"- 2 მანდატი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე"- 1 მანდატი, ანა დოლიძის პარტია"- 1 მანდატი.
- რაც შეეხება რეგიონებს პირველადი შედეგების მიხედვით, როგორ ძალთა ბალანსს მივიღებთ?
- ტენდენციები გასაგებია, უმრავლესობაში "ოცნება"იმარჯვებს, თუმცა საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები სამეგრელოში, აჭარაში, ქუთაისსა და რუსთავში.
- მერების და მაჟორიტარების ნაწილში მეორე ტურში თქვენი აზრით, ვისი ხმები საით წავა? - ძალიან რთულია ამის ვარაუდი. ერთი საინტერესო ტენდენცია შევნიშნე - შეთანხმებული კანდიდატების დასახელებამ არ გაამართლა, ყოველ შემთხვევაში, იმ დონეზე, რა დონეზეც ოპოზიცია იმედოვნებდა. რეგიონებშიც დიდწილად მაინც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა და არა შეთანხმებულმა კანდიდატმა. მაგრამ ახლა ძალიან რთული სათქმელია მეორე ტურში სად წავა ხმები.
- და პროპორციულ ნაწილში "ოცნების" მყარ უმრვალესობას წყალი შეუდგა? - არის რეგიონები, სადაც ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მაგალითად, ზუგდიდში, მაღალი ალბათობით უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობას" ექნება, ასევე უნდა დავაკვირდეთ ფოთს და კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტს სამეგრელოში.
საინტერესოა, რა მოხდება მეორე ტურში აჭარაში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ამ რეგიონებში თავისუფლად შესაძლებელია, რომ"ოცნებას" უმრავლესობა არ ჰქონდეს.
არ გამოვრიცხავ ისეთ შემთხვევებსაც, სადაც საკრებულოსა და მერიაში სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები იქნებიან, ესეც საინტერესო განვითარებას მოგვიტანს.
წინასწარ ბევრი რამის თქმა ნაადრევია, ამიტომ დაველოდოთ საბოლოო შედეგს.