"ეს აღმოჩნდა ერთი კაცის არჩევნები" - კვირის პალიტრა

"ეს აღმოჩნდა ერთი კაცის არჩევნები"

"ასეთი მაქსიმალური პოლარიზება არასასურველია ქვეყნისთვის. როცა არ არის პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას არ აქვს პოლიტიკური კულტურის განვითარების პერსპექტივა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ადამიანებმა არჩევანი გააკეთეს ემოციების მიხედვით, მომხრეც და მოწინააღმდეგეც "დაირაზმა" მიხეილ სააკაშვილის გარშემო, მივიღეთ ერთი კაცის არჩევნები და შესაბამისი შედეგი", - ამის შესახებ პარტია "ევროპელი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, მაქსიმალურმა პოლარიზებამ, რაც მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას, დააზარალა პატარა პარტიები.

"იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი იყო პოლიტიკური პარტიების დიდი სპექტრი, არსებობდა მოლოდინი, რომ ხმები გადანაწილდებოდა სხვადასხვა პარტიებზე, მაგრამ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა და მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ მთლიანად შეცვალა სურათი. ხმები, რომელიც პატარა პარტიებზე უნდა ყოფილიყო გადანაწილებული, წავიდა პოლუსებისკენ - "ნაციონალური მოძრაობისკენ" და "ქართული ოცნებისკენ", რამაც დააზარალა ის პარტიები, რომლებიც ამ ორ პოლუსს არ განეკუთვნებოდნენ.

პატარა პარტიებმა უნდა მოვძებნოთ სხვა შესაძლებლობები. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ განლაგებით, რაც ახლა მივიღეთ, პარლამენტში შესაძლოა მოხვდეს მაქსიმუმ სამი-ოთხი პარტია, რაც არ არის კარგი. შესაძლოა მოხდეს ერთი და იგივე იდეოლოგიის, პრინციპების მქონე პარტიების ბუნებრივი გამსხვილება, რაც მეტად გააძლიერებს ამ პარტიებს და აამაღლებს პოლიტიკურ კლასს.

პატარა პარტიებს არ გვაქვს დიდი რესურსი და შესაძლებლობა ვაწარმოოთ აქტიური კამპანია. ამის მიუხედავად, ხმები, რაც მოვიპოვეთ, ეკუთვნის ჩვენს გულწრფელ ამომრჩეველს, მათ მადლობას ვუხდი პარტია "ევროპელი დემოკრატების" მხარდაჭერისთვის" , - განაცხდა მამუკა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"