"საქართველოს მოქალაქეებმა სამხრეთ ოსეთის საზღვარი დაარღვიეს, ორი დაკავებულია, ერთი პირი გაქცევისას 10-12 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა"
საქართველოს ოთხმა მოქალაქემ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა, - ინფორმაციას "სპუტნიკი" ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
"შემთხვევა 4 ოქტომბერს მოხდა. დამრღვევებმა გაქცევა სცადეს, მას შემდეგ რაც ოსმა მესაზღვრეებმა ისინი დააფიქსირეს. ერთი მათგანი უკან, საქართველოში გაიქცა, ორი - მესაზღვრეებმა დააკავეს, კიდევ ერთი კი გაქცევისას 10-12 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა. ის მოგვიანებით დააკავეს", - აცხადებენ ე.წ. "კომიტეტში".
მათი მტკიცებით, ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს.
"დაშავებულ მოქალაქეს საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,"- აცხადებენ ე.წ. უშიშროების კომიტეტში.
მათივე ინფორმაციით, ჰუმანიტარული მიზეზების გამო განიხილება დაშავებული პირის "ქართული მხარისთვის" გადაცემის საკითხი, დანარჩენ დაკავებულებთან დაკავშირებით კი გაგრძელდება "კანონით გათვალისწინებული პროცედურული ქმედებები".