"ახვეული თვალები და სახვევზე გაჩენილი სისხლი მიანიშნებს, თუ რა შედეგი მოჰყვება იმ ადამიანების ქმედებებს, რომლებიც ამბობენ - რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართო"
შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი - ბოლო დროა, ქართული პოეზია გრაფიკულ ილუსტრაციებსა და ანიმაციებში ცოცხლდება. "ბედნიერი ერი" ერთ-ერთი ბოლო ანიმაციაა, რომელიც ილუსტრატორმა და ანიმატორმა გიორგი გაგლოშვილმა სრულიად დამოუკიდებლად შექმნა და რომელმაც სოციალურ ქსელებში საკმაოდ დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. "გაგლოს" თქმით, ამ ანიმაციაზე მუშაობა იმის გამო გადაწყვიტა, რომ ის ყველა დროში აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ განათლება სამხატვრო აკადემიაში აქვს მიღებული, ანიმატორი საკუთარ თავს თვითნასწავლად თვლის. შემოქმედებაზე, თავის პროფესიაზე, ანიმაციების შექმნის პროცესზე გიორგი გაგლოშვილი AMBEBI.GE-ს დეტალურად ესაუბრა.
- გიორგი, პირველ რიგში, როგორც სოციალურ ქსელში შენს გვერდზე წერია, შენ ხარ ანიმატორი, მხატვარი, დიზაინერი, ილუსტრატორი და რა გინდა სულო და გულო. შეგიძლია მოგვიყვე, როგორ მოახერხე ამდენი პროფესიის დაუფლება?
- ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ბავშვობაში, როდესაც ანიმაციებს ვუყურებდი, მათი შექმნის პროცესმა ძალიან დამაინტერესა. ვინაიდან მაშინ ანიმაციების შექმნა არ შემეძლო, ილუსტრაციების ხატვა დავიწყე. ანიმაციური პერსონაჟების ხატვაში ხელი გამეწაფა. როდესაც სკოლა დავამთავრე და სადღაც უნდა ჩამებარებინა, მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაც მაინტერესებდა, ამიტომ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში ანიმაციის ფაკულტეტზე. იქ სწავლისას, წლების განმავლობაში ანიმაციის კეთებაც ვისწავლე.
- შენი ბოლო ნამუშევარი "ბედნიერი ერი" იყო, სადაც დამატებითი ელემენტებითაც აქცენტი აშკარადაა გაკეთებული დღევანდელ დღეზე. რატომ აირჩიეთ სწორედ "ბედნიერი ერი" და როგორი იყო მისი შექმნის პროცესი?
- "ბედნიერი ერის" გაკეთების მთავარი ინსპირაცია და მოტივი ის იყო, რომ ეს ლექსი დაახლოებით 150 წლის წინაა დაწერილი, მაგრამ ახლანდელივით იკითხება, თითქოს, ახლა რომ დაწერილიყო, იგივე იქნებოდა, ასე ვთქვათ, დღევანდელობას ზუსტად "აჯდება". ფაქტობრივად, თანამედროვე მასალაა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ლექსის დაწერიდან სრული 150 წელია გასული.
"ბედნიერი ერის" კონცეფციას რაც შეეხება, სრულ სიბნელეში ერთი ადამიანის ჩასმა ქართველი საზოგადოების ორი ნაწილის განსახიერებაა - ამთგან ერთს განვითარება, საკუთარ შეცდომებზე სწავლა და წინსვლა სურს, ხოლო მეორე ამბობს: "იცი რა, ყველაფერი კარგად არის, რა გინდა, რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ, ჩვენ ვერავინ შეგვედრება და ვერავინ ვერაფერს გვასწავლის!" საზოგადოების ეს ორი ნაწილი, ადამიანის ეს ორი ტიპი ამ ერთ პიროვნებაშია გაერთიანებული. ადამიანი, რომელიც საუბრობს, ისაა, ვინც პროტესტს გამოთქვამს და სურს, განვითარდეს. ახვეული თვალები და სახვევზე გაჩენილი სისხლი კი იმას მიანიშნებს, თუ რა შედეგი მოჰყვება იმ ადამიანების ქმედებებს, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერი გვაქვს გამოსასწორებელი, ყველაფერი კარგადაა და რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ. სისხლის გაქრობა გარკვეული ჩაკეტილი წრის მანიშნებელია, - იყო სისხლი, აღარ არის და არაფერი იცვლება, ერთ წრეზე დავდივართ, რეალურად, წყალს ვნაყავთ...
- შენი ნამუშევრები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორ მოგივიდა იდეა, რომ ქართული პოეზიის თემატიკა აგერჩია და როგორც ილუსტრაციებში, ისე ანიმაციებში გამოგეყენებინა? გქონდა გათვლილი, რომ ხალხის მხრიდან ამხელა ინტერესი გაჩნდებოდა თუ ამას არ ელოდი?
- თავიდან ყველაფერი დაიწყო "სტუმარ-მასპინძლის" ანიმაციით, რომელიც იმ პერიოდში გავაკეთე, როდესაც "სტუმარ-მასპინძლის" გრაფიკულ ნოველაზე ვმუშაობდი. ამაზე დღემდე ვმუშაობ, საკმაოდ დიდი პროექტი იქნება, რადგან მთლიანი პოემის კომიქსად გაკეთება მინდა. ერთ-ერთ გვერდზე მუშაობის პროცესში უცებ ვიფიქრე, "სტუმარ-მასპინძლიდან", ჯოყოლას და ზვიადაურის შეხვედრის მომენტზე 2-წუთიანი ანიმაცია გამეკეთებინა. საერთოდ არ მოველოდი, რომ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა. სწორედ გამოხმაურების მერე მეორე ნაწილიც გავაკეთე და მთხრობელის სახით ვაჟა-ფშაველა შემოვიყვანე. კომენტარებიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ სერიოზულ მიგნებასთან მქონდა საქმე - ანიმაციაში გაცოცხლდა არა მხოლოდ ქართული პოეზია, არამედ უშუალოდ ავტორებიც. მივხვდი, რომ ვაჟა ბოლო გაჩერება არ უნდა ყოფილიყო, უნდა გამეგრძელებინა. მოვაყოლე ვაჟას მომდევნო ანიმაცია, შემდეგ გალაკტიონი, ისევ ვაჟა-ფშაველას "ის კი არ არის ბიჭობა", რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა, ახლა კი - "ბედნიერი ერი". შემდეგი ანიმაცია ტერენტი გრანელის შემოქმედებიდან იქნება.
- როცა ამა თუ იმ პროექტზე მუშაობის დაწყება გსურს, როგორ მოგდის ხოლმე იდეები, როგორ ვითარდება ეს შემოქმედებითი პროცესი, სადაც ყველაფერზე, მათ შორის აუდიოზეც თავად მუშაობ?
- ჩემი ანიმაციები მზა, გოგი ხარაბაძის აუდიოზეა ხოლმე გაკეთებული, რომელიც წლების წინაა ჩაწერილი. როდესაც ამ ხმას ვისმენ, უკვე ვხვდები, როგორი ვიზუალი უნდა ჰქონდეს, სად რა უნდა ხდებოდეს და ა.შ. "ბედნიერი ერის" შემთხვევაში მსურდა, უშუალოდ ისეთი ატმოსფერო შექმნილიყო და თავიდან ბოლომდე ისეთ კონცეფციაზე ყოფილიყო აგებული, როგორიც მე მინდოდა, შესაბამისად, ამ შემთხვევაში გახმოვანებაც ამიტომ იყო ჩემი. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ნამუშევრები