კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა, მისი შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი მისი შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩარკვიანმა განუცხადა, მას არაერთი მტკიცებულება მოეპოვება, რომელიც შვილის გარდაცვალების მიზეზებთან კავშირშია. მისივე თქმით, მტკიცებულებებს შორის არის კლინიკიდან შვილის მიერ გამოგზავნილი როგორც აუდიო ფაილები, ასევე წერილები.
გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, რომ ყველას, ვისაც კი მისი შვილის გარდაცვალებასთან კავშირი აქვს, წინ "დიდი სიურპრიზი" ელოდება. ის ხვალ, გენერალურ პროკურატურაში ირაკლი შოთაძეს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
"საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ხვალ ბატონი ირაკლი შოთაძის სახელზე განცხადება შემაქვს, სადაც ვითხოვ 20 წლის ბიჭის, სპორტსმენის, ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას. ობიექტურმა გამოძიებამ ჭეშმარიტება უნდა დაადგინოს, თუ რა მიზეზით მოხდა ჩემი შვილის გარდაცვალება, უამრავი მტკიცებულება და ფაქტი მაქვს, რომელიც პროკურატურაში ჩემი და ოჯახის წევრების დაკითხვის დროს წარდგენილი იქნება. გამოძიებას ყველანაირად შევუწყობ ხელს, რათა ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინოს ჩემი შვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. როცა დავიკითხები, პროკურატურამ მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და დაუყოვნებლივ ცნოს ჩემი ოჯახი დაზარალებულად.
ადვოკატთა ჯგუფია ჩემი შვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ჩართული, ისინი გუნდური პრინციპით მუშაობენ, განვიხილავთ ყველა დეტალს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში იქნება ჩასმული, მუშაობენ ასევე დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი ექიმები, რომლებიც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სწორ დასკვნებს გამოიტანენ. როცა პროკურატურაში ჩემი ოჯახის წევრებს გამოკითხავენ, ამ მტკიცებულებებს წარვადგენთ, მედიის წარმომადგენლებსაც მოგაწვდით. ვინაიდან, ამ ეტაპზე დაკითხული არ ვართ, მტკიცებულებების შინაარსზე ვერ ვისაუბრებ, მე გახლავართ მოქმედი ადვოკატი, ჰაერზე სიტყვებს არასდროს ვამბობ.
ზოგიერთებს ძალიან დიდ სიურპრიზს ვუმზადებ, ისე, რომ წარმოდგენაც არ აქვთ, თუ რა სიურპრიზი ელოდებათ, მათ შორის მათ, ვისაც ჩემი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამე წვლილი აქვთ შეტანილი. კონკრეტიკისგან თავს ვიკავებ, სამართლებრივი ჭრილიდან არ გამოვიდვარ, თუმცა, ყველა გაიგებს, რა მოხდა", - აცხადებს ჩარკვიანი.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი ეჭვები ექიმების მხრიდან ვახტანგ ჩარკვიანის მიმართ დაგვიანებულ, ან არასათანადო მკურნალობას, გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ "ყველა მიმართულებით მუშაობენ, მათ შორის, ამ მიმართულებითაც".
"ვმუშაობთ, როგორც სამედიცინო მიმართულებით, ასევე სამართლებრივი კუთხით. სისხლის სამართლის კოდექსში მოიპოვება შესაბამისი მუხლები, რომ ვინც დამნაშავეა, პასუხი აგოს. არსებობს უამრავი ჩანაწერი, უამრავი ფაილი, როგორც აუდიო ჩანაწერი, ასევე მიმოწერებიც. მათ შორის, ჩემი შვილის მიერ გამოგზავნილი შეტყობინებები", - განაცხადა ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.