"გასაუბრება უშუალოდ წულუკიანმა ჩამიტარა" - კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებული ადამიანები მინისტრს კადრების პოლიტიკური ნიშნით გაშვებაში ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

"გასაუბრება უშუალოდ წულუკიანმა ჩამიტარა" - კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებული ადამიანები მინისტრს კადრების პოლიტიკური ნიშნით გაშვებაში ადანაშაულებენ

კულტურის სამინისტროში თეა წულუკიანის მისვლის შემდეგ ჩატარებული რეორგანიზაციის გამო რამდენიმე ადამიანი საქალაქო სასამართლოში ჩივის. მათი ნაწილი დაობს, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან გათავისუფლებულები. ერთ-ერთი მათგანი ნინო ახალაიაა, რომელიც საკუთარ ისტორიას გვიყვება. ის კულტურის სამინისტროში (მაშინ - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო) 2008 წლიდან მუშაობს და სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა დეპარტამენტი და პოზიცია აქვს გამოცვლილი. პრობლემა აქამდე არასდროს შექმნია, თუმცა ახლა სამსახურის დაკარგვას იმას უკავშირებს, რომ 2021 წლის იანვრის თვეში მისი ძმა - მანუჩარ ახალაია ოპოზიციურ პარტიას - "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გარკვეულ აქტივობაშიც ჩაერთო.

ნინო ახალაია იხსენებს ხელისუფლების შეცვლის პერიოდს - 2012 წლის ოქტომბერს და აღნიშნავს, რომ იმ დროს ჩვეულებრივად გაგრძელდა სამუშაო პროცესი და თითქოს, განსაკუთრებული დაინტერესება მისი პოლიტიკური სიმპათიებით არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ თავიდან, ერთხელ ე.წ. "ოდეერთან" მოუწია შეხვედრა.

"მე მაშინ ჩავთვალე, რომ "ოდეერთან" ეს გამოძახება ჩემს გვარს უკავშირდებოდა. ასეც აღმოჩნდა - პირველი კითხვა, რაც დამისვეს, იყო ის, თუ რა მაკავშირებდა ჩემი გვარის წარმომადგენლებთან წინა ხელისუფლების პერიოდში. მე ვუთხარი, რომ მხოლოდ გვარი მაკავშირებდა. სავარაუდოდ, მათ ინფორმაცია ამის შესახებ უკვე ჰქონდათ, რის გამოც სამინისტროში ჩემს საქმიანობას მომავალშიც ხელი არ შეშლია. პირიქით, რეგიონში ხშირად ვხელმძღვანელობდი სახელმწიფო დონის მნიშვნელოვან ღონისძიებებს", - აღნიშნავს ნინო.

ის ამბობს, რომ კულტურის სამინისტროში რამდენიმე თვის წინ ჩატარებული რეორგანიზაციის პროცესში ბევრი დარღვევის დანახვაა შესაძლებელი და სწორედ ამ გარემოებებზე და იმაზე გვიყვება, თუ როგორ მოხდა მისი სამსახურიდან გაშვება.

"კულტურის სამინისტროდან თეა წულუკიანის ბრძანებით, 2021 წლის 1-ლი ივლისიდან გამათავისუფლეს. ბრძანებას საფუძვლად დაედო რეორგანიზაცია, რომელიც ისედაც იყო გათვალისწინებული, მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყო.

როდესაც წულუკიანი მოვიდა, დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობდით. ბოლო პერიოდში ორგანიზებას ვუწევდი კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობას. წულუკიანის მოსვლის პერიოდში ახალი მარშრუტებისთვის სერტიფიკატების მინიჭების თაობაზე შემდგომი სამუშაო შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი. მაშინვე შევეცადეთ მის საქმის კურსში ჩაყენებას, გავამზადეთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც მან მოიწონა და დაადასტურა. ესეც მაფიქრებინებდა, რომ ჩვეულებრივად ვაგრძელებდით მუშაობას, არაფერი ცუდის მოლოდინი არ მქონდა.

დანიშვნის პერიოდში, წულუკიანმა თავისი პოზიცია მაშინვე დააფიქსირა და თქვა, რომ კულტურის სამინისტროში მოსვლის შემდეგ ადამიანების პოლიტიკური სიმპათიებითა და პოზიციებით დაინტერესდებოდა. როდესაც ამ განცხადებამ საზოგადოების დიდ ნაწილში პროტესტი გამოიწვია, მან შეარბილა და აღნიშნა, რომ ეს არ შეეხებოდა შემოქმედებით ადამიანებს, არამედ მხოლოდ სამინისტროს აპარატის თანამშრომლებს. ასევე საყურადღებოა მის მიერ სამთავრობო ცვლილებების განხორციელების დროს, ჯერ კიდევ კულტურის მინისტრობამდე გაკეთებული განცხადება: ის რაღაც ეტაპზე არ გამორიცხავდა პოლიტიკიდან ჩამოშორებას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაქრებოდა პოლიტიკური ველიდან. წულუკიანის ეს განცხადებები უკვე სერიოზულ ეჭვს მიჩენდა... გააგრძელეთ კითხვა