"მეუღლეც საკმაოდ წარმატებული ადამიანი იყო. სამწუხაროდ, ოჯახის შენარჩუნება მაინც ვერ შევძელით" - კვირის პალიტრა

"მეუღლეც საკმაოდ წარმატებული ადამიანი იყო. სამწუხაროდ, ოჯახის შენარჩუნება მაინც ვერ შევძელით"

"როცა შენს ქვეყანას ამხელა პრობლემები აქვს, მისგან გამიჯნული ვერ იქნები", - ამბობს მწერალი თეონა დოლენჯაშვილი, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ძალიან მწვავე, კრიტიკული გამოსვლებით იცნობს. როგორია ამ წარმატებული და მომხიბვლელი ქალის მიერ განვლილი გზა? - ამის თაობაზე მწერალი თავად გვიყვება.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ძალიან ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, ნამდვილი ინტროვერტი: ჩემს სამყაროში ვცხოვრობდი და თანატოლებთან ურთიერთობას დიდად ვერ ვაწყობდი... ხშირად, ფიზიკის ან მათემატიკის წიგნის ქვეშ წიგნს ამოვდებდი და ასე ვკითხულობდი. რა თქმა უნდა, ჩემს მშობლებს ძალიან აშფოთებდა ის ამბავი, რომ წიგნების მეტი არაფერი მაინტერესებდა, მაგრამ რას იზამდნენ? წარმოსახვაც ხელს მიწყობდა - რეალურ და ლიტერატურულ სამყაროს შორის ზღვარი წაშლილი მქონდა და ამ სამყაროში სხვა ბავშვებსაც ვითრევდი. მათ ვუყვებოდი ყველაფერს, რასაც ვკითხულობდი და ისინიც ლიტერატურით "იწამლებოდნენ"...

"წერა გვიან დავიწყე, როცა 26-27 წლის ვიყავი და ცხოვრებაში რაღაც გამოვიარე, ტკივილი და დარდი გამოვცადე. დრამატურგიას ისე ვერ შექმნი, თუ ცხოვრებისეული დრამები თავად არ გამოგივლია. პროზაიკოსისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ქარტეხილების გამოვლის შემდეგ წერის სურვილი თავისთავად გაჩნდა და ჟურნალისტიკიდან პროზაში გადავინაცვლე..."

"ახლა ვფიქრობ, რომ 20-22 წელი არ არის ის ასაკი, როცა შეიძლება ოჯახი შექმნა და შვილი გააჩინო. მე კი სწორედ ამ ასაკში დავოჯახდი, ყველაფერი საკმაოდ სპონტანურად მოხდა. ჩემი უფროსი შვილი - ლუკაც სწორედ ამ ასაკში შემეძინა. ეს ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღე იყო, მაგრამ დედა რომ არა, ვერაფერს შევძლებდი..."

"ჩემი მეუღლეც საკმაოდ წარმატებული ადამიანი იყო. სამწუხაროდ, ოჯახის შენარჩუნება მაინც ვერ შევძელით. დღეს ერთად არ ვართ, მაგრამ ნორმალური ურთიერთობა შევინარჩუნეთ. ის ძალიან კარგი მამაა, რის გამოც ძალიან ვაფასებ..."

"არ შეიძლება საკუთარ ოთახში იყო ჩაკეტილი და პოლიტიკა არ მეხებაო, ამბობდე. ვფიქრობ, რომ ამ პროცესში მწერლობა და მწერლები ძალიან დიდ როლს უნდა ასრულებდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე პარტიის ლოგოები დავიჭიროთ ხელში და პარლამენტში ჩამოვსხდეთ. როგორც ოთარ ჭილაძე ამბობდა, "მწერალი ყველაზე დიდ პოლიტიკას ქმნის". სწორედ კულტურამ და განათლებამ უნდა შეცვალოს ჩვენი ქვეყნის ცხოვრება, მისი მომავალი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 7 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე