"იმ ღამის სარდაფი ჩემი შიშია, რომელიც თვალებში ჩამრჩა. ოჯახის მეგობარმა ვიღაც გამოაგზავნა, მელისა სოხუმშია და ცოცხალი თუ გადარჩა, მიაკითხეო"
სიმბოლურად, ამ წერილის წერა 29 სექტემბერს დავიწყე და დიდხანს ვფიქრობდი ყოველ სიტყვაზე, რომლითაც ის ტკივილი უნდა გადმოცემულიყო, რომელსაც სახელად ამქვეყნიური ჯოჯოხეთი შეიძლება ეწოდოს და ასევე, იმედიც, რომელსაც აფხაზეთის დედასაქართველოზე შემოერთებას ნიშნავს... მინდა გიამბოთ სოხუმის დაცემის დროს სამჯერ გადარჩენილ ადამიანზე - მელისა გელაძეზე...
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
მელისა 16 წლისა იყო, როცა ბებიის სახლში პირველად შეხედა სიკვდილს თვალებში. 19 სექტემბერი იდგა. ახალგაზრდა კაცი შევიდა სოხუმურ ეზოში. მელისამ დაინახა ფეხაკრეფით მომავალი "ლიმონკიანი" მეზობელი და მიხვდა, რა მოხდებოდა წუთების მერე, ამიტომ სასწრაფოდ სახლის იმ ნაწილისკენ წავიდა, საიდანაც სარდაფში ჩააღწია და უცებ გრგვინვა გაისმა... სამი დღე და ღამე ტიროდა ისტერიულად, ჩუმად, ღაპაღუპით ჩამოსული ცრემლებით პატარა, ცისფერთვალება გოგო. რას ტიროდა? უფრო იმას ალბათ, რომ იმ ადამიანმა შეაგდო ბომბი სახლში, რომელთანაც ერთად გაიზარდა, ერთად დადიოდნენ ზღვაზე, ერთად შეექცეოდნენ ნაყინს და მხოლოდ ერთი ღობე ჰყოფდა მათ სახლებს...
"იმ ღამის სარდაფი ჩემი შიშია, რომელიც თვალებში ჩამრჩა. 22-ში ოჯახის მეგობარმა ვიღაც გამოაგზავნა, მელისა სოხუმშია და ცოცხალი თუ გადარჩა, მიაკითხეო. ნანგრევებიდან გამოსულს გამიძღვა ის კაცი აეროპორტისკენ. თითქმის სამი საათი ვიარე შენობების კედლებზე აკრულმა. არავინ იცოდა, კედლიდან კედლამდე მივაღწევდით თუ არა. ვაბიჯებდი ცხედრებს... გვამებზე გადაბიჯებას თუ შემოვლას ალბათ, სიცოცხლის სურვილით შეპყრობილი ვახერხებდი, სხვა ახსნა ვერ მოვძებნე..."
"აეროპორტში სამი თვითმფრინავი იდგა. ერთი აივსო და გაფრინდა, მეორეს ტრაპი ხალხით გაჭედილიყო და ჩემი სხეულიც შევაკვეხე ხალხის მასაში. ორი სამხედრო იდგა კართან და ბორტზე მხოლოდ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებსა და დაჭრილებს უშვებდნენ. ჩემი ადგილი იმ თვითმფრინავში არ აღმოჩდა. ასანთის ღერიც აღარ შეეტევაო და ტრაპზე გაშეშებული დავრჩი სხვებთან ერთად..."
"სატვირთო თვითმფრინავისკენ გადაგვიყვანეს. არავის მოუვიდა აზრად, რომ ტრაპი მიეტანათ და ვიღაც მაღალი, ახალგაზრდა კაცი მხრებზე გვისვამდა, ვიღაც ბორტიდან ხელს ჩამოყოფდა და აგვისროდნენ მაღლა. მუცლებით ვეჯახებოდით კედელს, ალბათ ბევრს ძვლებიც დაებზარა, მაგრამ მაშინ ერთი იყო მიზანი: დროზე გავცლოდით იქაურობას. გვერდზე გადახრილი მოფრინავდა სოხუმიდან თბილისისკენ თვითმფრინავი..."
რატომ არ კმარა ამ სამყაროს ის ნაწილი, რომელიც გვიბოძა ღმერთმა? ეს პასუხგაუცემელი კითხვაა და ლელა ანჯაფარიძის გულიდან წამოსული სიტყვებით მინდა დავასრულო...
"ნურასდროს ნუ ვიტყვით:
სოხუმი დაეცა...
უბრალოდ, ცოტა ხნით
შევიდა ზღვაში...
სოხუმი პატარა
ბავშვივით გაგვექცა...
ბავშვი კი ყოველთვის
ბრუნდება სახლში..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 7 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.
როლანდ ხოჯანაშვილი