"მაშინ დუშაში რომ გაგორებულიყო და არზაყანი მეთამაშა, ალბათ, სხვანაირად დატრიალდებოდა ჩემი ცხოვრება. მაინც უფლის ნებაა ყველაფერი" - კვირის პალიტრა

"მაშინ დუშაში რომ გაგორებულიყო და არზაყანი მეთამაშა, ალბათ, სხვანაირად დატრიალდებოდა ჩემი ცხოვრება. მაინც უფლის ნებაა ყველაფერი"

მას პირველად 2007 წელს ვესტუმრე შინ. ნეტავ, იცოდეთ, როგორ მიმეჩქარებოდა - მაინტერესებდა, სინამდვილეში როგორი იყო ხირხალა - გიორგი შენგელაიას ძალიან პოპულარული ფილმის - "სიყვარული ყველას უნდას" უსაყვარლესი პერსონაჟის ეკრანზე გამცოცხლებელი. მაინტერესებდა, აბა, რა? - ბოლოსდაბოლოს, არათუ ჩემი საახლობლო-სამეგობრო, არამედ, ლამის, მთელი საქართველო მისი და ფილმის დანარჩენი პერსონაჟების ფრაზებით ვლაპარაკობდით. ისიც მახსოვს, ახლობლები როგორ მეხვეწებოდნენ, კვახი წაუღეო. დავაპირე კიდეც, მაგრამ მაინც მომერიდა: ხუმრობას არ გადავაჭარბო-მეთქი. თუმცა მალევე დავრწმუნდი, რომ ქადეიშვილ-ერქომაიშვილების ტკბილ, გურულ ოჯახს იუმორით ვერ გავაკვირვებდი. ჰო, მართლა, სწორედ მაშინ, სტუმრობისას შევიტყვე, რომ ბატონი ამირანი უძვირფასესი ხელოვანისა და მეცნიერის, ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი ადამიანის, აწ განსვენებული ანზორ ერქომაიშვილის სიძე იყო, დის - ქალბატონი ალდონას მეუღლე.

იმ დღეს და მას შემდეგ, სხვა შეხვედრებისას მის მოყოლილ ამბებს რომ ვიხსენებ, აღმოვაჩინე, რომ იმ ამბების გმირებიდან, თანაც - დიდი ადამიანებიდან, დღეს, ფაქტობრივად, აღარავინ არის ცოცხალი... ახლა კი, თვითონაც შეუერთდა ზეციური საქართველოს დიდებულ კრებულს... უფრო ზუსტად - შეერწყა, რადგან ის ადამიანები მისი სხეულისა და სულის ნაწილები იყვნენ, ასე მგონია...

მხოლოდ ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ, შევიტყვე, რომ ბატონი ამირანი ჩემს დაბადების დღეს ყოფილა დაბადებული, უფრო ზუსტად - მე ვყოფილვარ მის დაბადების დღეს დაბადებული - 4 მარტს. ალბათ, იმიტომაც აღმოჩნდა ჩემთვის წლების წინ მასთან პირველი შეხვედრა გამორჩეულად დასამახსოვრებელი, ალბათ, ინტუიციით ვიგრძენი სულიერი კავშირი... მართლაც საოცარი ადამიანი კი იყო, უთბილესი, ჭეშმარიტი გურული იუმორით...

მისი სპექტაკლები არ მენახა, რადგან ოზურგეთიდან იყო, ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი, მე კი იქაურ და თანაც მის სპექტაკლებს ვერც წლებით და ვერც მდებარეობით ვერ დავესწრებოდი. ასევე, იგი თეატრ "ძველი სახლის" სცენაზეც მოღვაწეობდა, მე კი მისი ღვაწლი მხოლოდ კინოთი დავაფასე - კინოთი გავიცანი.

მახსოვს, გაოცებულმა მითხრა, ვერაფრით წარმოვიდგენდი, კახელი ხირხალა ასეთი პოპულარული თუ გახდებოდაო და გამიმჟღავნა: "ხირხალას როლს თავიდან არასერიოზულად მოვეკიდე. გიორგი შენგელაიამ ფილმ "სიყვარული ყველას უნდას" სცენარი რომ წამაკითხა, დიდად არ დავინტერესებულვარ. როლზე რომ დამამტკიცეს, ვკითხე, როგორი გმირი გინდა, ბატონო გიორგი, რომ ვითამაშო-მეთქი? - ერთი, მუშაობით დარეტიანებული, დაქლიავებული კახელი გლეხი უნდა იყოო, - მიპასუხა".

ყველაფერი ოზურგეთით დაიწყო

პირველად სიკო დოლიძის 1969 წელს გადაღებულ ფილმში - "სემირამიდას ბაღებში" ითამაშა, რასაც ეპიზოდური როლი მოჰყვა ფილმში "შეხვედრა წარსულთან". მაშინ თეატრალური ინსტიტუტი უკვე დამთავრებული ჰქონდა, ოზურგეთის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო და 160 როლი მაინც ჰქონდა ნათამაშები. დანანებით მითხრა, ეს თეატრი ერთ-ერთი უძლიერესი იყო, საოცარი სპექტაკლები იდგმებოდა, წარმატებული გასტროლებით აცნობდა ყველას თავის შემოქმედებას, იმ მსახიობებს კი დღევანდელი თაობა არც იცნობს და, მერე და მერე უფრო ვეღარ გაიცნობს, რადგან თეატრს დახურვას უპირებენო (2007 წლის მიწურული იყო და, არა მარტო ოზურგეთის, არამედ საქართველოს თეატრების უმრავლესობას უპირებდნენ დახურვას, რადგან თვითდაფინანსებაზე გადაჰყავდათ, ამგვარად ვერ გაიტანდნენ თავს და დაიხურებოდნენ - ი.ხ.). საბედნიეროდ, ეს ისტორიული, საუკუნე-ნახევარს გადაცილებული თეატრი გადარჩა. მას დღეს საქართველოს დამსახურებული არტისტისა და ხელოვნების ქურუმის ჯილდოს მფლობელის, ქართველი ხალხის საყვარელი არტისტის ამირან ქადეიშვილის ვარსკვლავიც ამშვენებს და საგრიმიოროც - ბატონი ამირანი, თურმე, შესანიშნავად ხატავდა, ასევე, შესანიშნავ პარიკებს ქმნიდა და, გარდა ამისა, იგი გრიმის ერთ-ერთი გამორჩეული დიდოსტატი გახლდათ.

იმ ძველ დროს, თეატრის პარალელურად, იყო კინოც - ძვირფასი ფილმები და გმირები, რომლებმაც მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა.

- თუ გახსოვთ ფილმი "ციმბირელი პაპა", იქ ვთამაშობდი დოდო აბაშიძის გმირის ადიუტანტს, ჩეჩენ ქურა მუჰამედს. რეჟისორი იყო გიორგი (ტიტო) კალატოზიშვილი, მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის, მიხეილ კალატოზიშვილის ვაჟიო, - მიამბობდა ბატონი ამირანი და მოგონებები ერთდროულად ახალისებდა კიდეც და - ასევდიანებდა... - თითქმის დამამტკიცეს მთავარ როლზე ფილმში "ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება" - მსახიობ სვეტლანა ტომას გმირის ძმა უნდა მეთამაშა და... ფილტვების ანთება დამემართა. მერე რეჟისორ მაკაროვის - ჭაბუა ამირეჯიბის დისშვილის ფილმში უნდა მეთამაშა აფხაზი და... აფხაზებმა გააპროტესტეს - ეს როლი აფხაზმა უნდა ითამაშოსო. სამწუხაროდ, მაკაროვმა ვერაფერი გააწყო... საქართველოში დამამტკიცეს არზაყანის როლზე "მთვარის მოტაცებაში" - მაშინ ოთარ მეღვინეთუხუცესი მიხეილ თუმანიშვილმა მიიწვია თეატრში, "იულიუს კეისარს" დგამდა. მერე სპექტაკლი არ შედგა და არზაყანის როლს კვლავ ოთარი დაუბრუნდა. რეჟისორმა მთლად აღარ გამიმეტა და თადაშ თარბას როლი მათამაშა. მაშინ, დაახლოებით, 26-28 წლის ვიყავი.

ხშირად მიწვევდნენ ფილმებში, უმრავლესობა რევოლუციურ-კომუნისტური თემატიკის იყო, თუმცა მახსოვს, 1976 თუ 1978 წლებში არმაზ ბურნაძემ გადაიღო ფსიქოლოგიური ფილმი "იტალიამდე არც ისე შორია" და მართალია, ომის თემა იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო როლი მქონდა, ფორე მოსულიშვილის მსგავს გმირს ვასახიერებდი და ჩემი პარტნიორი იყო ზაზა ლებანიძე. მაშინ მოსკოვი იბარებდა ჩვენს ფილმებს და საკავშირო კინემატოგრაფის წარმომადგენელიც რომ ჩამოვიდა თბილისში ამ ფილმის სანახავად, ჩემი წინა როლები აჩვენეს და იკითხა: ამ კაცს რა "ხიშნიკებს" და რევოლუციონერებს ათამაშებთ, სხვანაირი როლები შეურჩიეთო... ამას მოჰყვა "გაქცევა განთიადისას", "კავკასიელი ტყვე", მოსკოვში გადაღებული ფილმი "სახლი ლესნაიაზე". იქ უდიდეს მსახიობებთან მომიწია ურთიერთობამ...

მისი გამოგონილი და დაუვიწყარი კვახის ამბავი

"რა სჯობდა კახი კავსაძესთან და გივი ბერიკაშვილთან ერთად ყოფნას! სხვათა შორის, "სიყვარული ყველას უნდაში" კვახის ამბავი ჩემი მოგონილია, სცენარში არ ყოფილა", - მითხრა სიცილით და განაგრძო: - მახსოვს, ამ ეპიზოდის სამი თუ ხუთი დუბლი გადავიღეთ და ბოლო დუბლის გადაღებისას გიორგი შენგელაიას ვუთხარი, - ნიკოლაევიჩ, ეს ისეთი "ნაგლია" (ხირხალას ვგულისხმობდი), არც ამ კვახს დატოვებს აქ-მეთქი, - დავავლე კვახს ხელი და წამოვიღე. ისე, ამ ბოლო დუბლზე უკვე მართლა მთვრალი ვიყავი - განწყობის შესაქმნელად გზადაგზა სულ ვსვამდით... მახსოვს კიდევ, გადაღებების დროს თელავში შემოწმებაზე ჩამოვიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, გიორგი შენგელაიას ძმაკაცი. ერთ საღამოს რესტორანში დაგვპატიჟა, მაგრად ვიქეიფეთ. მეორე დილით გადაღებისთვის მოვემზადე, ხირხალას კოსტიუმი ჩავიცვი და ჩავედი "ინტურისტის" (იქ ვცხოვრობდით) ფოიეში, გარეთ, შავ "ვოლგაში" გიორგის ძმაკაცი იჯდა. დამინახა და დამიძახა, წამობრძანდითო. - არა, გმადლობ, გადაღებაზე მივდივარ-მეთქი, - ვუპასუხე. - მეც იქ მოვდივარ, ჩემი მანქანით წაგიყვანთო. ჩავუჯექი და... თავი კოლმეურნეობის თავმჯდომარის ოჯახში, გაშლილ სუფრასთან ამოვყავი. შევცბი: გიორგი გაგიჟდება-მეთქი. - გიორგიმ იცის და აქ მოვაო, - დამამშვიდა. სიმწრით ვერც დავლიე, სოფელში გადაღებაც ჩაიშალა, არც გიორგი მოსულა და დარცხვენილი დავბრუნდი სასტუმროში. მომცვივდნენ გადამღები ჯგუფის წევრები, - ეს რა გვიქენი, რა გაგვიკეთეო! ვიფიქრე, ის დროა, ჩავიცვა, დავიხურო და შინ დავბრუნდე-მეთქი. ავედი სასტუმროს კიბეზე და შემხვდა გიორგი. თვალი ვერ გავუსწორე: ბოდიშს გიხდი-მეთქი! უცებ მომხვია ხელი და დამამშვიდა: მაგარი სიცხე იყო და მეც არ შემეძლო გადაღებაო...

ხალისიანი დღეები გვქონდა "პირველი მერცხალის" გადაღებისასაც. მახსოვს, დოდო აბაშიძე ამწარებდა ხოლმე მხატვარ კარიკატურისტ გიგლა ფირცხალავას. გიგლა ახალი ჩამოსული იყო მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატიდან და ჩამოტანილი ჰქონდა ჯინსის შარვალი და ქურთუკი - მაშინ ჯინსის ჩასაცმელზე მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა. გიგლასაც თავი მოჰქონდა ახალი სამოსით. ღამით დოდო შეიპარა მის ოთახში და ჯიბესთან დიდი ნაჭერი ამოაჭრა, დილით კი ვირთხებს დააბრალა, იმათ შეჭამესო. გაგიჟდა გიგლა: თუ ვირთხები იყო სახლში, რას წამომიყვანეო. მერე ლორთქიამ - გურამ ლორთქიფანიძემ ოთხივე "კალპაკი" ამოუძრო მანქანაზე. მაგრად აწვალებდნენ საწყალ გიგლას... სამაგიეროდ, ჩვენ ბორია პაიჭაძე გვიშრობდა სისხლს - როგორც ნამდვილ ფეხბურთელებს, ისე გვწვრთნიდა. ცდილობდა, სულ რეჟიმში ვყოლოდით. 40 გრადუს სიცხეში ყოველდღიურად, 4 საათს გვარბენინებდა, თუმცა ბორიას რეჟიმის მიუხედავად, ყოველ ღამეს ვქეიფობდით და მაგარ დროს ვატარებდით - ახალგაზრდები ვიყავით და ვუძლებდით. საერთოდ, გადაღებებზე, სადაც უნდა ვყოფილიყავით, დღეში 10 კაცი მაინც გვაკითხავდა და საქეიფოდ გვეპატიჟებოდა. ხშირად ვიმალებოდით კიდეც...

ძალიან საინტერესო იყო ფიაგდოლის ხეობაში გატარებული დღეები - "კავკასიელი ტყვეს" იღებდნენ, ფილმი "ფატიმაც" იქ გადაუღიათ. თურმე, მე-18 საუკუნეში იმ ხეობაში შავი ჭირის ეპიდემია ყოფილა და ყველა ამოწყვეტილა - მაშინდელი ჩონჩხები და ტანსაცმელი ვნახე, ვიცი, რომ ახლაც არის აკლდამებში. მიუვალ ადგილებში ვიღებდით, მე და გივი ჩუგუაშვილი ვიყავით მთავარ როლებში. ეპიზოდი იყო ასეთი: მთის კენწეროზე ვარ, ცხენზე ვზივარ (გადაღებაზე სულ დოღის ცხენებს იყენებდნენ) და რუსს ვუმიზნებ იარაღს. გავისროლე თუ არა, მოსწყდა ჩემი ცხენი ადგილს, ცოტაზე წამიყოლა და მერე გადმომაგდო. სულპატარა ადგილი იყო, მოლიანი და, ბედად, სწორედ იქ ჩავვარდი. მაშინვე წამოვხტი ფეხზე და ვხედავ, ზემოდან ყვირილით მორბიან გადამღები ჯგუფის წევრები, - დაწექი, დაწექიო! დავიბენი. ვერ გავიგე, რა უნდოდათ - არაფერი მტკიოდა და არ დავშავებულვარ. მერე ამიხსნეს, ასეთ დროს, თურმე, დიდი შანსია, ადამიანი შოკში ჩავარდეს. თუკი დავწვებოდი, შეიძლება შოკს ავცდენოდი. კიდევ კარგი, გადავრჩი, თუმცა... დავჯარიმდი: წესი არის კინოში - თუ ცხენი გადმოგაგდებს, ე.ი. ცუდი მხედარი ხარ და ნახევარი ლიტრი არაყი უნდა მიუტანო "კანიუშნის" უფროსს...

იმ პერიოდში კიდევ ერთხელ გადავურჩი სიკვდილს: რესტორნიდან ჩეჩენმა გამიყვანა - თურმე, მის საცოლესთან მიცეკვია და უნდა მოვეკალი, მაგრამ ერთმა ოსის ბიჭმა, სუხიშვილების მოცეკვავემ და ქართველებზე შეყვარებულმა ვახარ გაბარაევმა გადამარჩინა...

მას შემდეგ ამირან ქადეიშვილი კიდევ რამდენჯერმე გადაიღეს კინოში, კლიპებში, ითამაშა სპექტაკლებში, მაგრამ... ძალიან ნანობდა, რომ წლებით ადრე, გარკვეული მიზეზების გამო, რამდენიმე თეატრალურ როლზე თქვა უარი. მითხრა კიდეც, შემოქმედებითი თვითმკვლელობა ჩავიდინეო. ძალიან ენატრებოდა თეატრი, სცენა... - მესიზმრება ხოლმე, სცენაზე ვდგავარ და ვთამაშობ. ამასობაში კი წლებმა გაირბინა და აწი ვის რაში ვჭირდები. ჩვენთან კინო აღარ არის, მოკვდა, ახლანდელი თაობა კი მე არ მიცნობსო. ჩავეკითხე, ცხოვრების ბორბალი უკან რომ დააბრუნოთ, რას იზამდით-მეთქი? - ეეჰ! სულ სხვანაირად წარვმართავდი ცხოვრებას. აუცილებლად თბილისის თეატრებში ვიმუშავებდი. ჩვენს დროში პერიფერიაში, რაც გინდა დიდი მსახიობი იყო, მაინც გადაყრილია შენი შესრულებული როლები, მიუხედავად იმისა, რომ თეატრში სულ მთავარ როლში ვიყავი, კინოში ასე არ გამიმართლა. აი, მაშინ დუშაში რომ გაგორებულიყო და არზაყანი მეთამაშა, ალბათ, სულ სხვანაირად დატრიალდებოდა ჩემი ცხოვრება. მაინც უფლის ნებაა ყველაფერი - რასაც დაგიწერს, ის ახდებაო.

და მაინც, ბოლო პერიოდში კვლავ იყო კინოროლი, ამჯერად პოპულარულ ტელესერიალში "ჩემი ცოლის დაქალები", ერთ-ერთი გმირის - ბაქარის ბაბუის როლს ასრულებდა, თუმცა ამჯერად ჯანმრთელობამ უმტყუნა - ჯერ ინსულტი დაემართა, შემდეგ - კოვიდი, ამიტომ სერიალის ბოლო ორ სეზონში ვეღარ მოხვდა.

ჩვენი საყვარელი მსახიობი, 85 წლის ამირან ქადეიშვილი 2021 წლის 6 ოქტომბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, თბილისის ნოდარ ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში გარდაიცვალა.

კიდევ ერთმა ძვირფასმა ადამიანმა გადაინაცვლა სამუდამო სასუფეველში.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ქართულ კინოსა და თეატრს და სრულიად საქართველოს!

(სპეციალურად საიტისთვის)