"ჩვენ შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი საჯარო მუქარა ბატონი სააკაშვილის მიმართ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი საჯარო მუქარა ბატონი სააკაშვილის მიმართ"

ჩვენ ველით, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი საქმე საქართველოში გამოძიებული იქნება ევროპული მართლმსაჯულების სისტემის პრინციპების შესაბამისად, - ამის შესახებ ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ევროპარლამენტარები პრემიერ -მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.

"სამწუხაროდ, ჩვენ შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი საჯარო მუქარა ბატონი სააკაშვილის მიმართ დამატებით ბრალდებებთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ ის "წესიერად" არ მოიქცევა.

ეს აჩვენებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია, რაც სავალალოა და შეუთავსებელია ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან.

ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ არ შეუძლია გადალახოს მართლმსაჯულების პოლიტიზირების ცდუნება, რაც არ შეესაბამება კანონის უზენაესობის პრინციპებს და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებს.

ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, მთავრობის ოფიციალური პირისგან ამგვარი განცხადების გაკეთების შედეგად, მისი დაუყოვნებლივ გადადგომა მოჰყვებოდა. პრემიერ-მინისტრისა და მმართველი "ქართული ოცნების" პარტიის ლიდერების პირადი თავდასხმები ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და "ვარდების რევოლუციის" მიღწევებზე უბრალოდ ამაზრზენია.

დემოკრატიის სიმწიფე და ევროპული ტიპის კანონის უზენაესობის სისტემა ევროპული ინტეგრაციის წინაპირობაა. "ქართული ოცნება" ისევ და ისევ ვერ ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ ამ პირობების შესრულება", - აცხადებენ ევროპარლამენტარები.

"ინტერპრესნიუსი"