"მოითხოვეთ თქვენი თანამშრომლებისგან ვაქცინაცია"
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბიზნეს სექტორს მოუწოდებს, დასაქმებულებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ, ვინაიდან, მისი განმარტებით, ვაქცინაციას პანდემიის დასრულებისა და ეკონომიკის შენარჩუნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
"დღეს მე უფრო მეტ დამსაქმებელს მოვუწოდებ, იმოქმედოს. ჩემი გზავნილია: მოითხოვეთ თქვენი თანამშრომლებისგან ვაქცინაცია. ვაქცინაციით ჩვენ საბოლოოდ დავამარცხებთ ამ პანდემიას. მის გარეშე ჩვენ გველის ქაოსის გაუთავებელი თვეები საავადმყოფოებში, ეკონომიკის დაზიანება და მღელვარება სკოლებში,"- აღნიშნა ბაიდენმა.
მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ფედერალური მოხელეებისა და კონტრაქტორებისთვის, ასევე იმ კერძო კომპანიების თანამშრომლებისთვის, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახადა. ეს ბრძანება ეხება 100 მილიონ ადამიანს, ანუ აშშ-ის სამუშაო ძალის დაახლოებით ორ მესამედს.