"მე-6 სართული დააშენეს და სავარაუდოდ, სიმძიმეს ვერ გაუძლო... მთელი ბათუმი ასეა, დათხრილია სადარბაზოები, მთავრობა არანაირ საჩივრებს არ ითვალისწინებს" - კვირის პალიტრა

"მე-6 სართული დააშენეს და სავარაუდოდ, სიმძიმეს ვერ გაუძლო... მთელი ბათუმი ასეა, დათხრილია სადარბაზოები, მთავრობა არანაირ საჩივრებს არ ითვალისწინებს"

რამდენიმე საათის წინ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები. მაშველებმა კორპუსის ჩამონგრევის ადგილიდან ორი არასრულწლოვანი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი ახალშობილია.

ბათუმის მერის მოადგილის ლელა სურმანიძის ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსი ავარიული არ იყო და ნგრევის მიზეზი კი ამ დროისთვის უცნობია.

როგორც სურმანიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ასევე უცნობია ინფორმაცია დაშავებულების რაოდენობის შესახებ. მისივე განცხადებით, ყველა დაზარალებული ოჯახი დღესვე ალტერნატიულ ფართში იქნება გადაყვანილი, ხოლო მომიჯნავე სადარბაზოდან მოსახლეობის ევაკუაცია ხდება. კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს ამ ეტაპზე, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კვლევები უტარდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის დირექტორმა თამარ ბახტაძემ განუცხადა, არასრულწლოვანს ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აქვს.

"არასრულწლოვანს, ამ ეტაპზე, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში კვლევები უტარდება. მას ქვედა კიდური აქვს დაზიანებული. ასევე, აქვს ზედაპირული დაზიანებები მთელს სხეულზე. მას გონება არ აქვს დაკარგული და კონტაქტურია. კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი,"- განაცხადა თამარ ბახტაძემ.

ადგილობრივები კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით რამდენიმე ვესრიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი მოქალაქის განმარტებით, კორპუსის ჩამონგრევა, სავარაუდოდ, მე-6 სართულის დაშენებამ გამოიწვია.

"როგორც აქ საუბრობდნენ, კორპუსს ზემოთ მე-6 სართული დააშენეს და სავარაუდოდ, სიმძიმეს ვერ გაუძლო. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს", -აღნიშნა ადგილზე მყოფმა პირმა.

კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, აღნიშნული კორპუსი დაზიანებული იყო.

"წინა კორპუსში ვცხოვრობ. მიზეზს ამბობენ, რომ კორპუსი დაზიანებული იყო, მეზობლები ამბობენ, რომ ქვემოთ 24-საათის განმავლობაში ვიბრაციულად თხრიან ყველაფერს. მთელი ბათუმი ასეა, დათხრილია სადარბაზოები, მთავრობა არანაირ საჩივრებს არ ითვალისწინებს. მეორე სართულზე იყო რემონტი და იქედან პირველად შევნიშნეთ ქვების ცვენა, ამის შემდეგ მთელი სადარბაზო ჩამოინგრა. მე-6-მე-7 სართულები კორპუსს დაახლოებით, 10 წლის წინ დააშენეს", - განაცხადა ადგილობრივმა.

კიდევ ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, კორპუსის მცხოვრებლები დილით გააფრთხილეს, რომ ბუნებრივი აირი დღეს ორი საათის განმავლობაში არ იქნებოდა.

"ვიცი, რომ დილით აფრთხილებდნენ გაზი არ იქნება ორი საათითო. სანამ სამსახურში წავედი ეს გავიგონე. გზაში გავიგე ეს ინფორმაცია, რომ სადარბაზო ჩამოინგრა", - განაცხადა თვითმხილველმა.

იხილეთ ვიდეო