"მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ტელევიზორი და დამატებითი ლეიბი შეუტანეს"
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ტელევიზორი და დამატებითი ლეიბი შეუტანეს.
ამის შესახებ ბასილაიამ ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა.
თუმცა, მისივე ინფორმაციით, სააკაშვილს ჯერჯერობით არ აქვს ზარების განხორციელების უფლება, რაც მისივე თქმით, პროკურატურამ აკრძალა.
"ტელევიზორი ნამდვილად აქვს, ასევე, დამატებით ლეიბი შეუტანეს. მანამდეც ყოფილა შეტანილი ლეიბი, თუმცა ის ვერ აკმაყოფილებდა ელემენტარულ, ადამიანურ მოთხოვნას, რომ ნარზე დაგებული ამ ლეიბით რკინა არ ეგრძნო.
რაც შეეხება ზარებს, ის შეზღუდულია პროკურატურის გადაწყვეტილებით, რომელიც სრულიად უკანონო გადაწყვეტილებაა. იმედი მაქვს, სასამართლო ამჯერად მაინც დადგება მოწოდების სიმაღლეზე, დროულად ჩაინიშნება პროცესი. უკვე დაგვიანდა, მაგრამ იქნებ დღეს ან ორშაბათს მაინც ჩატარდეს პროცესი, სადაც აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოხდება და ფორმალური შესაძლებლობაც კი აღარ იქნება ზარების გაუქმების", - განაცხადა ბასილაიამ.
მისივე ინფორმაციით, სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა ორშაბათს მშობელსა და შვილებს მიეცემათ. რაც შეეხება პირადი ექიმის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურში დაწერილ განცხადებას, როგორც ბასილაია ამბობს, ამ დრომდე პასუხი არ ყოფილა.
"მისი მშობელი და შვილები ითხოვენ მასთან შეხვედრას. ველოდებით, რომ ორშაბათს პაემანი შედგება. იმედია, რამე გაუგებრობა არ წარმოიშობა ორშაბათამდე", - განაცხადა ბასილაიამ.
ამასთან, ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 8-დღიანი შიმშილობის ფონზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოსალოდნელია.
"მიშა არის მორალურად მხნედ და შემართული, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის მე-8 დღეა შიმშილობს და მისი ფიზიკური მდგომარეობა დაიწყებს გაუარესებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოება გააქტიურდეს და დაიწყოს პროცესები, როგორც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ამავდროულად იმ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა - ეს არის დემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილება, საქართველოს გათავისუფლება პრორუსული და ოლიგარქიული მმართველობისგან", - განაცხადა ბასილაიამ.