"შე­მიძ­ლია სუნ­თქვა"; "დედას ჰყავდა ხელში 20 დღის შვილი, ქმარი და მეორე ბავშვი მანქანაში იყვნენ" - კვირის პალიტრა

"შე­მიძ­ლია სუნ­თქვა"; "დედას ჰყავდა ხელში 20 დღის შვილი, ქმარი და მეორე ბავშვი მანქანაში იყვნენ"

ბათუმში, ადგილზე მყოფმა მაშველებმა კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ხმა გაიგონეს. ამჟამინდელი მონაცემებით, ნანგრევებში 2 ადამიანია მოყოლილი.

"შემიძლია სუნთქვა", - მიაწვდინა მაშველებს ხმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც ნანგრევებშია. თვითმხილველთა თქმით, მაშველები ცდილობენ გაამხნევონ ეს ადამიანები, პარალელურად კი მიმდინარეობს სამაშველო მოქმედებები.

"მალე მოვალთ შენამდე, მალე... წყალი ხომ არ უნდა, ჰკითხეთ", - ისმის მაშველების ხმა გავრცელებულ ვიდეოში.

გრძელდება ნანგრევებში მოყოლილი სხვა ადამიანების სამძებრო სამუშაოებიც. ამის გარდა, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი.

"გვერდით სადარბაზოში ვცხოვრობ, შემომესმა უზარმაზარი აფეთქებასავით ხმა, გამოვვარდი და ვნახე რომ მთელი სადარბაზო იყო ჩამოშლილი. გვერდით იდგა მანქანა, მანქანის გარეთ დედას ჰყავდა ხელში 20 დღის მეძუძური შვილი, ქმარი და წლის და სამი თვის ბავშვი მანქანაში იყვნენ. მეუღლე გადარჩა იმით, რომ მის მხარეს არ დაეცა სინკარები. ბავშვს დაუზიანდა ფეხი, შოკურ მდგომარეობაში იყო, ძლივს გადმოიყვანა მანქანიდან სასწრაფომ. მიზეზი ზუსტად არავინ იცის. ამბობენ, კორპუსი დაზიანებული იყოო. იმდენს თხრიან აქაურობს, გამოუთხარეს ძირი, მთელი ბათუმი ასეა გადათხრილი. მეორე სართულზე იყო რემონტი, იქიდან შეუმჩნევით თავდაპირველად ქვების ცვენა", - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა ტელეკომპანია "მთავართან".