"საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი... მძიმე სიტუაციაა ნამდვილად" - კვირის პალიტრა

"საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი... მძიმე სიტუაციაა ნამდვილად"

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში, შემთხვევის ადგილას განუცხადა.

"რაც მოხდა ყველამ ვნახეთ, მძიმე სიტუაციაა ნამდვილად. რამდენიმესადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ ნგრევა რამ გამოიწვია. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით, 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოქცეული",- განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი მაშველებთან ტელეფონით კონტაქტობს.

"კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი, ტელეფონით გვესაუბრება. ისინი ვერ გვიხსნიან რომელ სართულზე არიან, სულ დაბლა არიან ჩავარდნილები თუ მაღლა. ვესაუბრებით ტელეფონით. ასეულობით მაშველია ჩართული. საშუალება არ არის, რომ იქ ბევრი ადამიანი ავიდეს და 100-მა და 200- მა ადამიანმა ერთდროულად იმუშაოს, თუმცა, ერთმანეთს ვცვლით. ტექნიკა არის ჩართული. მობილიზებულია როგორც შსს-ს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მუნიციპალური სამსახურები. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში სწრაფად მუშაობა ვერ გამოდის ფიზიკურად, შეიძლება უფრო დავაშავოთ და უფრო ცუდი მოხდეს. მაღალ დონეზე მუშაობენ ჩვენი მაშველები, რომ სინკარია თუ ბეტონის ნანგრევები, გადმოვალაგოთ და ქვეშ მოყოლილი ადამიანები უფრო არ დავაშავოთ", - განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თუ დადგინდება, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია, ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის შესაბამისად დაისჯება.

"იყო რამდენიმე ვერსია. მათ შორის განიხილებოდა გაზის აფეთქების ვერსია. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება იყოს საყრდენი კედლის გამოცლა მიზეზი, თუმცა ამას წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადგინდება, რომ მიზეზი ესაა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის საქმე აღძრული", - განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის.

"მიყვანილია ხალხი და მიმდინარეობს გამოკითხვა", - განაცხადა გომელაურმა და დასძინა, რომ გამოკითხვაზეა იმ ფართის მეპატრონეც, რომლის საკუთრებაშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

იხილეთ ვიდეო