პოლიტიკური პარტია "ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს
"მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა სპეციალურად იმისთვის, რომ 3 ოქტომბერს რევოლუცია მოეწყო“ - განაცხადა საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ 8 ოქტომბერს "ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში.
ფრიდონ ინჯიას თქმით, თუკი სააკაშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა ციხეში ჩაჯდომა და სასჯელის მოხდა, იგი ჩამოვიდოდა თვითმფრინავით, მაგრამ ის საქართველოში შემოვიდა არალეგალური გზით.
"ვიდეო მიმართვები, რომელიც მან გაავრცელა იყო სპეციალურად გამიზნული ხალხის მობილიზაციისთვის. მას ეგონა, რომ მთელი 100 ათასობით ხალხი დაუდგებოდა გვერდში (როგორც ამას თაკო ჩარკვიანი ამბობს) და უკვე 3 რიცხვს წინასწარ აანონსებდა. ის ჩამოვიდა სპეციალურად იმისთვის , რომ რევოლუცია მოეწყო და მას არ აინტერესებდა არჩევნები სამართლიანი იქნებოდა თუ არა. "ნაციონალური მოძრაობა“ გაყალბებაზე საუბრობდა ჯერ კიდევ არჩევნების ჩატარებამდე. უფრო მეტიც, სააკაშვილი თავის ვიდეო მიმართვაში ხალხს მოუწოდებდა ჯერ არ ჩატარებულ არჩევნებზე , რომ არჩევნები უკვე გაყალბდა“ - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
როგორც ფრიდონ ინჯიამ გადაცემაში აღნიშნა, მისთვის გაუგებარია რაც ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან რუსთავში, სადაც დაკავებულია მიხეილ სააკაშვილი.
"ჩვენ თუ ვაშენებთ სამართლებრივ და კანონიერ სახელმწიფოს, ადამიანი, რომელიც შემოიპარა უკანონოდ საქართველოში და ხალხს მოუწოდებდა გამოსულიყო რუსთაველის გამზირზე და კვლავ რევოლუციური გზით ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას, ეს რომელი დემოკრატიაა“? - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
მისი თქმით, ისრაელში, რომელიც საქართველოს მსგავსად პატარა სახელმწიფოა, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს შეუძლია 3 წელი დააკავოს პირი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, ხოლო ამის ხელშემწყობები კი შეუძლია გაასამართლოს და მიუსაჯოს 5 დან 15 წლამდე პატიმრობა.
"როგორც ჩემთვის ცნობილია, სააკაშვილმა უკრაინის საზღვარიც ასევე, უკანონოდ გადმოკვეთა და ამ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია საუბარი რაიმე უკანონო და არასამართლებრივ მიდგომებზე ამ ფაქტთან დაკავშირებით“ - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
"ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას განცხადებით, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით საქართვლოს ხელისუფლებამ მიიღო უზარმაზარი ფინანსური ზარალი, რომ არაფერი ვთქვათ ოჯახის მორალურ მდგომარეობაზე, და იმაზე რომ ახალგაზრდა ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს.
ეს არის უბედურება. სად იყვნენ მაშინ, როცა სულხან მოლაშვილი იჯდა ციხეში და აწამებდნენ. რატომ არ მიდიოდა ეს ხალხი მაშინ ციხესთან? რა სულხან მოლაშვილი არ იყო ჩვენი ქვეყნის შვილი? მარტო სააკაშვილია ჩვენი ქვეყნის შვილი? ... "ჩამონათვალი ამგვარ ფაქტების, სააკაშვილის ხელისუფლების დროს სამწუხაროდ, არის ძალიან დიდი“ - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.