"აქციას მაინც ატარებთო? იყო ასეთი კითხვები, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა, მაგრამ..."
ზუგდიდში აქციას მაინც ატარებთო? - იყო ასეთი კითხვები - დილემის წინაშე დავდექით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, იმედია, სწორად გაგვიგებთ,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მელიამ აღნიშნა, დუმილი ხელისუფლებას ხელს უწყობს, რომ არჩევნების შედეგები გადაწეროს და დღეს აქციაზე ამიტომ გამოვიდნენ.
"გამიგია, უთქვამთ, ზუგდიდში აქციას მაინც ატარებთო? იყო ასეთი კითხვები, არ დაგიმალავთ, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა, მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ დუმილი ხელისუფლებას ხელს უწყობს, რომ შედეგები გადაწეროს, ამის უფლებას არ მივცემთ და არც მივეცით! ამიტომ გამოვედით. თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმეა აქ ყოფნა, როდესაც ჯერ კიდევ ვეძებთ გარდაცვლილებს, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ოდნავ რთულიც არ არის ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ შენობაში არიან მოკალათებულები, ზუგდიდელების მიერ გამოხატული ნების მოპარვა. მაშინ, როდესაც ტრაგედია მძვინვარებს. ამ დილემის წინაშე დავდექით - რა გაგვეკეთებინა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ. იმედია, სწორად გაგვიგებთ",- განაცხადა ნიკა მელიამ.
ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიასთან, კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადაყენების მოთხოვნით აქცია იმართება. ადგილზე სამართალდამცველების მობილიზებაა. პოლიციის თანამშრომლებს შენობის შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.