"მე სააკაშვილის პირადი მძევალი ვიყავი"
"მაშინ რატომ არავინ ამოიღო ხმა, როცა ციხეები სავსე იყო ქალებით და ბავშვებით, როცა ქუჩაში ხოცავდნენ ახალგაზრდებს, როცა ციხიდან ყოველდღე მიცვალებულები გამოჰყავდათ?! ვინ იცის, რამდენმა ვერ გაუძლო ტანჯვას და თავი ჩამოიხრჩო. ასეთ ხელისუფლებას და ამის ჩამდენ მიხეილ სააკაშვილს იცავენ? დიახ, ის ციხეში უნდა იჯდეს!"
წინა ხელისუფლების დროს გასამართლებული და მსჯავრდადებული ნორა კვიციანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადი მძევალი იყო, საკუთარ თავზე იწვნია უსამართლობა დაკავებული ექსპრეზიდენტის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი და 6 თვე გაატარა. ის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის ნოემბერში გათავისუფლდა. მოგვიანებით პროკურატურაში შექმნილმა სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა ხელახლა გამოიძია მისი საქმე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა კვიციანის გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ის ბრალად წაყენებულ სამივე ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო. ნორა კვიციანს პოლიტპატიმრის სტატუსიც მიენიჭა.
- კოდორის ხეობა რომ დაიკარგა, ეს მიხეილ სააკაშვილის "დამსახურებაა". ამდენი წელი შევინახეთ ხეობა, დავიცავით და მან ჩააბარა.
ახლა ეს კაცი ამბობს, პუტინის პატიმარი ვარო, არადა, პუტინს თვითონ აჩუქა ეს ტერიტორია. მე, სრულიად უდანაშაულო ადამიანს, 7 წლამდე ციხე მომახდევინეს. იმ ხალხმა, ვინც დღეს მას იცავს, გამცეს პასუხი, რატომ ვიყავი დაკავებული! სააკაშვილის პირადი მძევალი ვიყავი. ახლა ყველა დაზარალებული გავერთიანდებით და მთელ ქვეყანას დავანახებთ, რამდენი დაზარალებული ჰყავს ამ კაცს.
უამრავი ადამიანია დახვრეტილი, მაგალითად, დათო ცინდელიანი. სვანეთიდან ქუთაისამდე გამოიტყუეს, მამას ხელიდან წაართვეს შვილი, ოჯახის წევრები დიდხანს ეძებდნენ, არადა, უკვე მოკლული ჰყავდათ. რკინა მიაბეს მის ცხედარს და ზღვაში გადაადგეს. შვილის საფლავიც არ აქვთ მის მშობლებს! მამამისი დარდს გადაჰყვა. მანიაკი, კრიმინალი, სადისტი ხელისუფლება გვყავდა და დღეს, როგორც იქნა, სააკაშვილი დაკავებულია. დამნაშავე ხომ უნდა დაისაჯოს! რამდენ დედას ჩააცვეს შავები!
აქციას მართავენ და იძახიან, თავისუფლება გმირსო. სააკაშვილს გმირს როგორ უწოდებენ, როცა ტერიტორიების 20% დაკარგა?! ეს კაცი არის მოღალატე! იძახდა, სოხუმი ჩვენი არ იყოო. დაკარგა კოდორის ხეობა, ცხინვალში რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, ყველამ ვნახეთ. მეომარი ბიჭები რომ მიატოვეს და თვითონ კონცერტი გამართეს რუსთაველზე, ამ ხალხზე ამბობენ, გმირები არიანო?
სამარცხვინოა, სააკაშვილს გმირი უწოდო. ძალიან მინდა, პირისპირ შევხვდე ამ ადამიანებს, მინდა მათ თვალებში ჩავხედო და მითხრან, რატომ ვიჯექი ციხეში ტყუილად? რატომ გამომატარეს ჯოჯოხეთი? ზუგდიდის ციხე იყო ჯოჯოხეთი. ამის შემდეგ "კრიტში" ვიყავი წელიწადი და ოთხი თვე, მერე ყველაზე საშიში პატიმრების ზონაში შემიყვანეს. ისეთ ადგილას მოგვახვედრეს მე და მაია თოფურია, უნდოდათ, იქ დავეხვრიტეთ. თქვენ არ იცით, რა ბრალდებებით იხდიდნენ ქალები სასჯელს, რამდენი გაუბედურებული ადამიანი იყო იქ! ერთი ქალი დაპატიმრებული იმის გამო იყო, რომ ბავშვები შიმშილით ეხოცებოდა და ტყეში წავიდა ჯართის მოსაგროვებლად. იმ ჯართის გამო მრავალშვილიან დედას 6 წელი მიუსაჯეს.
ეს იყო სადისტი პრეზიდენტი, რომელმაც სასჯელთა შეკრებითობა შექმნა იმიტომ, რომ ვერ ძღებოდა ხალხის გამწარებით და დასჯით!
თვითონ ახლა სასტუმროში რომ არის, კარგია? ვისაც უნდა და როცა უნდა, რომ შედის და ნახულობს, ეს ხომ არ ხდებოდა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს?
ჩვენ იმის საშუალებაც კი არ გვქონდა, ოჯახის წევრებისთვის ერთი წინადადება მიგვეწერა და გვეთქვა, რომ ცოცხალი ვიყავით, ეს კი ციხიდან წერილს წერილზე გზავნის, ყოველდღე უამრავი მნახველი ჰყავს, ჩამოვიდა მისი მეორე ცოლი და ისიც შევიდა.
მე ვიყავი მიხეილ სააკაშვილის პირადი მძევალი. მერაბიშვილს უნდოდა ჩემი გათავისუფლება, მაგრამ მიშამ უთხრა, არავითარ შემთხვევაშიო. მთელი ხეობის მცხოვრებლები დაიკითხნენ და დადასტურდა, რომ არანაირი დანაშაული არ იყო ჩადენილი. 15 წელი შევალიე ჩემს ხეობას, დაჯილდოებულიც ვიყავი და ამ კაცმა ციხეში ჩამსვა! 18 წელს ითხოვდა პროკურორი, მაგრამ წარბიც არ შემიხრია. ვუთხარი კიდეც, თუნდაც 25 წელი იყოს, რაც გინდათ, ის მიყავით, მე ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ-მეთქი. მოსამართლემ 15 წელი მომისაჯა. უკანონო ფორმირების შექმნა, იარაღის შენახვა და თანხების მითვისება. მადლობა უფალს, ჩემი სიმართლე დავამტკიცე. სასჯელის მოხდამდე ორი თვე მქონდა დარჩენილი და არ მინდოდა შეწყალება, მაგრამ მინისტრი შემოვიდა და მითხრა, მრცხვენია, ციხეში როგორ დაგტოვოო და გამომიყვანეს.
სააკაშვილისა და მისი გუნდისგან განადგურებულიც ვარ და დაბომბილიც. ოქრუაშვილმა გასცა ბრძანება, ჩვენი სახლები დაებომბათ. ის ხალხი, ვისაც ეს დაავალეს, გაგიჟებული იყვნენ, ვის ოჯახს გვაბომბინებენო! ის მფრინავები გვემსახურებოდნენ ხეობაში და კვირაობით ჩემთან იყვნენ ხოლმე. მათ არ შეასრულეს ეს ბრძანება, ჩემი სახლი არ დაბომბეს, ამიტომ ისინი სამაგალითოდ დასაჯა სააკაშვილმა. ჩვენ ვითხოვთ ამ ყველაფრის გამოძიებას. შევიკრიბებით და მოვთხოვთ სამართალდამცავებს, დაიწყონ კოდორის ხეობის დაკარგვის დეტალების გამოძიება და დასაჯონ ის ადამიანები, ვინც ეს ხეობა დაკარგა. 15 წელი საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა იმ კუთხეში, აფხაზეთის აღიარებაც არ მოხერხდა, რადგან იმ ხეობას ჩვენ ვიცავდით, მერე კი წაგვართვეს და გამარჯვების ზეიმი ჰქონდათ, ჩვენ დავიბრუნეთ ზემო აფხაზეთიო... სად არის დღეს მათი დაბრუნებული ზემო აფხაზეთი ან ვრცელდება თუ არა დღეს იქ საქართველოს იურისდიქცია?!
მიშა რომ პოლიტპატიმარი არ არის, ამის დასამტკიცებლად ჩვენ, მის მიერ დაზარალებული ადამიანები, ქუჩაში გამოვალთ. ჩამოვა ჭუბერიდან ცინდელიანის ოჯახი, შემოგვიერთდებიან ის ბიზნესმენები, რომლებმაც მიშას რეჟიმი თავის თავზე იწვნიეს, ყველანი ერთად გამოვალთ ქუჩაში, მოვყვებით, რა გამოვიარეთ და გაგვცენ პასუხი საერთაშორისო ორგანიზაციებმა თუ უცხოელმა პარტნიორებმა, არის თუ არა ამის ჩამდენი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი.
250 ადამიანი პოლიტპატიმრად აღიარა სახელმწიფომ. წარმოიდგინეთ, რა ხელისუფლება უნდა გყავდეს, რომ ამდენი პოლიტპატიმარი იყოს ქვეყანაში!
მაშინ რატომ არავინ ამოიღო ხმა, როცა ციხეები სავსე იყო ქალებით და ბავშვებით, როცა ქუჩაში ხოცავდნენ ახალგაზრდებს, როცა ციხიდან ყოველდღე მიცვალებულები გამოჰყავდათ?! ვინ იცის, რამდენმა ვერ გაუძლო ტანჯვას და თავი ჩამოიხრჩო. ასეთ ხელისუფლებას და ამის ჩამდენ მიხეილ სააკაშვილს იცავენ? დიახ, ის ციხეში უნდა იჯდეს!