"იქნება მძიმე ავადობა, ძალიან მძიმე შედეგებით" - კვირის პალიტრა

"იქნება მძიმე ავადობა, ძალიან მძიმე შედეგებით"

"მომავალი კვირიდან დაიწყება ბუსტერის გაკეთება. ეს ეხებათ "სინოვაკით", "სინოფარმით" და "ფაიზერით" აცრილებს. მეორე ვაქცინიდან ექვსი თვის შემდეგ ყველას შეეძლება ბუსტერის დოზის გაკეთება"

ეპიდემიური თვალსაზრისით როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე, რას ველით და რა პროგნოზი კეთდება? "კვირის პალიტრას" ესაუბრება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

- ახლახან ჩამოხვედით გერმანიიდან. მოგვიყევით თქვენი ვიზიტის მიზეზზე.

- სამი დღით ვიყავით ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტში. ჩვენ 2013 წლიდან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ამჟამად იქ კონფერენცია ტარდებოდა, ძირითადად, ონლაინ, მაგრამ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. მოვისმინეთ მონაწილე ქვეყნების მოხსენებები, "კოვიდის" საინტერესო შემთხვევების აღწერა, მოვახსენეთ გამომწვევი ვირუსის სეკვენირების შედეგები და რამდენიმე საინტერესო შემთხვევა, რომლებიც გვქონდა საქართველოში.

- რომელი იყო ჩვენთან ყველაზე საინტერესო შემთხვევა, რომელიც ასე დიდ ასპარეზზე განხილვის საგანი გახდა? - ერთ-ერთი საინტერესო შემთხვევა იყო იმუნოსუპრესიულ (იმუნური სისტემის ჩამხშობი) პაციენტში, რომელსაც "კოვიდის" სამი ეპიზოდი ჰქონდა.

- სამჯერ კი არ დაემართა, ერთხელ დაემართა და სამჯერ გაურთულდა? - შეიძლება ასეც ითქვას. ბევრ საინტერესო შემთხვევაზე ვისაუბრეთ, რომლებიც არა მარტო "კოვიდს", სხვა გადამდებ დაავადებებსაც ეხებოდა.

- დღევანდელ ჩვენს კოვიდსიტუაციას როგორ შეაფასებთ? - დღევანდელი კოვიდსიტუაცია დამაფიქრებელია. კლება შეჩერდა და გამოჩნდა ნიშნები, რომ ისევ დაიწყო ყოველდღიური შემთხვევების მატება.

- რას ნიშნავს ეს, მეოთხე ტალღა დასრულდა და მეხუთე იწყება? - ეს და შემდეგი კვირები გვაჩვენებს, რა ხდება. მოლოდინი დამაიმედებელი არ არის. ბევრ ქვეყანაში არის მონაცემები, რომ დაახლოებით ორთვიანი ციკლები ჩამოყალიბდა - რადგან დელტა ვარიანტი განსაკუთრებით გადამდებია (უახლოვდება წითელას), ტალღებს შორის პერიოდი შემცირდა. იმის გამო, რომ ჩვენთან ვაქცინირებული ცოტაა, დაავადების შემთხვევების მატებას მძიმე შედეგები მოჰყვება. ჩვენი გათვლებით, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი იმუნურია, ანუ ან გადატანილი აქვს ვირუსი, ან აცრილია, შესაბამისად, ძალიან ბევრი - მოსახლეობის თითქმის ნახევარია ის, ვისაც შეიძლება "კოვიდი" დაემართოს. შესაბამისად, ისეთივე ძლიერი შეიძლება იყოს მეხუთე ტალღაც.

- რუსეთსა და თურქეთში უკვე გამოჩნდა მიუ შტამი. ჩვენთან ხომ არ შემოუღწევია? - არა. ჩვენთან, ფაქტობრივად, სულ დელტა ვარიანტია.

- ბატონმა ამირან გამყრელიძემ ტვინდემია ახსენა. რას ნიშნავს ეს? - გრიპიც და "კოვიდიც" ერთად შეიძლება დაგემართოს. ქართულად რომ ვთქვათ, ტყუპად, ანუ ტყუპი ეპიდემია იქნება. შარშან, საბედნიეროდ, გრიპის ძალიან მსუბუქი სეზონი გვქონდა. წლევანდელი პროგნოზით, ასეთივე მშვიდ სეზონს არ ველოდებით. ეს ნიშნავს, რომ ორივე ერთად იქნება.

- ჯერ ხომ გრიპის ვირუსი არ გამოვლენილა? - ჩვენთან ეს დაახლოებით ნოემბრიდან დაიწყება, მაგრამ არის სამხრეთ ნახევარსფეროს მაგალითი - იქ ხომ ზამთარი ახლა მთავრდება. ბევრი მაგალითია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ზამთარში ჩნდება არა მარტო გრიპი, არამედ სხვა დაავადებებიც, რომლებსაც გრიპის მაგვარ დაავადებებს ვუწოდებთ. მათ შორის გრიპი ყველაზე მძიმეა.

- როგორ მოვემზადოთ ამისთვის? - ვაქცინები ნაყიდია. მაღალი რისკის ჯგუფს სახელმწიფო აცრის. ესეც რესპირატორული ვირუსია. შესაბამისად, პირბადე დაგვჭირდება. რატომ არ იყო შარშან გრიპი? იმიტომ, რომ ყველა პირბადით დადიოდა და პირბადე გრიპისგან უკეთესად იცავს, ვიდრე "კოვიდისგან".

- წელსაც ხომ ივლიან პირბადით... - შარშან გაცილებით მეტი დადიოდა, წელს ძალიან შემცირდა პირბადის ხმარება. გრიპის ვაქცინით საქართველოში ყოველწლიურად იცრებიან. შარშან 300 ათასამდე ადამიანი აიცრა. წელს მაღალი რისკის ადამიანებისთვის 200 ათასი დოზა სახელმწიფომ უფასოდ შემოიტანა. მომავალი კვირიდან უკვე აიცრება სამედიცინო პერსონალი, აიცრებიან ორსულები, დიალიზზე მყოფნი, მერე - სხვა ჯგუფები.

- კოვიდაცრების კლებას რას უკავშირებთ? - როცა შემთხვევა ბევრი იყო, ბევრიც იცრებოდა, დაიკლო შემთხვევების რაოდენობამ და შემცირდა აცრის მსურველთა რიცხვიც. სოფლის ყველა ამბულატორიაში შეიძლება აცრა, მაგრამ სოფლებში აქტიურობა ძალიან დაბალია. დავდიოდით რაიონულ ცენტრებში, ახლა ვიწყებთ სოფლებში სიარულს, რომ როგორმე იქაც გააქტიურდეს მოსახლეობა. განსაკუთრებით გვაწუხებს ის, რომ 60 წელს გადაცილებულები ყველაზე დიდ რისკ-ჯგუფს ქმნიან, ძირითადად, სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში მთავრდება შემთხვევები ფატალურად და გვინდა, ეს ადამიანები აიცრან.

- "ჯონსონის" შემოტანა იგეგმება? - "ასტრაზენეკა" და "ჯონსონი" ერთნაირი ტიპის ვაქცინებია! ქვეყანაში "ასტრაზენეკაზე" მოთხოვნა თითქმის არ არის, ამიტომ "ჯონსონისგანაც" თავს ვიკავებთ. გვაქვს, რაც ყველაზე მოთხოვნადია - "ფაიზერი", "სინოვაკი" და "სინოფარმი". მე "ასტრაზენეკათი" ავიცერი და ძალიან კმაყოფილი ვარ.

- ახლა ლაპარაკია ბუსტერზე. ბუსტერის დოზა "ფაიზერს" უფრო ადრე სჭირდება? - ჩვენმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მინისტრის ბრძანებით ეს გადაწყვეტილება გაფორმდება და მომავალი კვირიდან დაიწყება ბუსტერის დოზების გაკეთება. ეს ეხებათ "სინოვაკით", "სინოფარმით" და "ფაიზერით" აცრილებს. მეორე ვაქცინიდან ექვსი თვის შემდეგ ყველას შეეძლება ბუსტერის დოზის გაკეთება.

- ვთქვათ, "სინოვაკით" ვარ აცრილი, ბუსტერის გაკეთება "ფაიზერით" შეიძლება?

- ბუსტერის შეცვლა შეიძლება, მაგრამ პირველ და მეორე დოზად ერთი და იგივე ვაქცინა უნდა გაკეთდეს, თუ, რა თქმა უნდა, სამედიცინო უკუჩვენება არ არის.

- "კოვიდის" გამო უკვე რამდენიმე საბავშვო ბაღი დაიხურა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში... - როცა ქვეყანაში ასეთი ავადობაა, იქ ბავშვებიც ავადდებიან, ბევრი მათგანის მშობლები, ბებია-ბაბუები აცრილები არ არიან და ისინი ბავშვებს აავადებენ.

- როგორი ხანგრძლივობის მეხუთე ტალღას ველოდებით? - ძალიან მძიმე პროგნოზები გვაქვს. იქნება მძიმე ავადობა, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე შედეგებით.

- პიკზე შემთხვევების როგორ მატებას ელოდებით? - მატება სერიოზული იქნება. სხვა ქვეყნების მაგალითებით ვიცით, რომ შემთხვევათა რაოდენობა კი იმატებს, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი დაბალია, რადგან იქ მოსახლეობის უმრავლესობა აცრილია. ჩვენთან დაახლოებით იგივე შეიძლება განმეორდეს, რაც აგვისტოში იყო.

- ბაზარზე კოვიდსაწინააღმდეგო ახალ მედიკამენტებს ელოდებიან. - გაჩნდა იმედისმომცემი მედიკამენტები. ბევრი კომპანია მუშაობს, სამი მათგანი ბოლო კვლევებს ატარებს და კარგ შედეგსაც ელის. იმედი გვაქვს, ეს მედიკამენტებიც შეამცირებს სიკვდილიანობას, მაგრამ მათ ნუ დაველოდებით. ყველა უნდა ავიცრათ!

"იქნება მძიმე ავადობა, ძალიან მძიმე შედეგებით"