ეკონომიკის სიახლეები - კვირის პალიტრა

ეკონომიკის სიახლეები

არ არის გამორიცხული, სსფ-ის ყოფილ ხელმძღვანელს სექსუალური ძალადობის ბრალდება მოუხსნან

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ მეთაურთან, დომინიკ სტროს-კანთან დაკავშირებული სკანდალური ამბავი ფაქტობრივად დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას RBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, სტროს-კანი პოლიციამ ნიუ-იორკში სასტუმროს მომსახურე პერსონალზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავა. პოლიციამ დაადგინა, რომ "დაზარალებული" დაკითხვებზე გამუდმებით ცრუობდა.

გაზეთი New York Times-ი ქალაქის პოლიციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 32 წლის ქალს ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე სატელეფონო საუბარი ჰქონდა უცნობ მამაკაცთან. ისინი სტროს-კანის ბრალდებით მიღებულ სარგებელზე საუბრობდნენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "დაზარალებული~ ქალის თანამოსაუბრე აშშ-ის მოქალაქე იყო, რომელიც პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვის ბრალდებით უკვე დააკავა. პოლიციელთა გასაკვირად, ბოლო ორი წლის განმავლობაში სასტუმროს მოსამსახურის ანგარიშზე 100 ათასი აშშ დოლარია გადარიცხული; ქალი ირწმუნებოდა, რომ მხოლოდ ერთი მობილური ტელეფონი აქვს, თუმცა გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ ხუთ მობილურ ტელეფონზე სასაუბროდ სოლიდურ თანხებს ხარჯავდა.

საინტერესო დეტალები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გამომძიებლებმა ქალის ბიოგრაფიის შესწავლა დაიწყეს. RBC-ს ცნობით, გამოძიების ქალს სტროს-კანთან სექსუალური კავშირი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი.

საინტერესოა, რომ ყველა ეს დეტალი პრესისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სტროს-კანი სსფ-ის მმართველის პოსტზე საფრანგეთის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა კრისტინ ლაგარდმა შეცვალა.

კვლევა: საქართველოს მოსახლეობის 25% სოციალური ქსელების მომხმარებელია

თბილისი (GBC) - მარკეტინგული კომპანია "ეისითის" (ACT) კვლევით, საქართველოს მოსახლეობის 25% სოციალური ქსელების მომხმარებელია.

კომპანიის კვლევის მიხედვით, სოციალური ქსელების მომხმარებელია თბილისის მოსახლეობის 41% და რეგიონების 20%.

რაც შეეხება იმას, რომელ ქსელს ანიჭებს საქართველოს მოსახლეობა უპირატესობას, პირველ ადგილზე 66%-ით (რეგიონები 79%, თბილისი - 48%) რუსულენოვანი ondnoklassniki.ru-ა, მეორე ადგილზე facebook.com 31%-ით (რეგიონები - 18%, თბილისი - 51%) მოხვდა. ქართული სოციალური ქსელების მომხმარებელი მოსახლეობის მხოლოდ 2%-ია (რეგიონები - 3%, თბილისი - 1%), მაილ.რუ - 0,4% (თბილისი 1%, რეგიონები - 0).

Aჩთ-ის კვლევაში მითითებულია, რომ საქართველოში ჯერაც რუსული ქსელი ondnoklassniki.ru ლიდერობს, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში სურათი შეიცვალა - 2009 წლის მონაცემებით 91% მოიხმარდა ondnoklassniki.ru-ს, 14% დაინტერესებული იყო Myspace-ით, ხოლოfacebook.com-ის მომხმარებელთა რაოდენობა მხოლოდ 6% იყო.

ACT-მ 2011 წლის იანვარში თბილისისა და რეგიონების 1000 ზრდასრული რესპონდენტი გამოჰკითხა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 3,5%-ს.

მსოფლიოში სოციალურ ქსელებს შორის Fაცებოოკ-ი ერთპიროვნული ლიდერია. მის მომხმარებელთა რაოდენობა მსოფლიო მოსახლეობის 21,75%-ია. ქსელში 695 847 120 კაცია ჩართული.

საქართველოში რუსული ხორბლის იმპორტი განახლდება

თბილისი (GBC) - რუსული ემბარგოთი გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში პირველი პარტია რუსული ხორბალი ერთ კვირაში შემოვა.

ეს შესაძლებლობა ქართველ ტრეიდერებს მას შემდეგ მიეცათ, რაც რუსეთმა 1-ელი ივლისიდან ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა მოხსნა. რუსეთის მთავრობის მიერ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ქართველმა ტრეიდერებმა რუსულ მხარესთან მოლაპარაკება განაახლეს და ამ დროისთვის 20-30 ათასი ტონა ხორბლის იმპორტზე ხელშეკრულებები უკვე დადებულია.

ხორბლისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავა ვარაუდობს, რომ მსოფლიოში წელს ხორბლის უკეთესი მოსავალია, რაც შარშანდელთან შედარებით ხორბალზე ფასის შემცირებას შეუწყობს ხელს, ამას კი ემატება რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე ემბარგოს მოხსნაც, რაც ამ შანსს კიდევ უფრო ზრდის. ამას ემატება საქართველოში მოყვანილი ხორბლის მოსავლის სახარბიელო პროგნოზი. სილაგავა ამბობს, რომ ხორბლის ნათესი 40 ათას ჰექტარზეა (კერძო ნაწილის გამოკლებით), ჰექტარზე კი 3 ტონა ხორბლის მიღებას ვარაუდობენ, რაც მთლიანობაში 120-150 ათას ტონას (70% სასურსათო) უდრის.

სილაგავას თქმით, ბაზარზე ხორბლის ფასები საქართველოშიც დაიწყებს შემცირებას - 1 ტონა ხორბლის ფასი ფოთამდე, სავარაუდოდ, 300-320 აშშ დოლარის ფარგლებში შენარჩუნდება, 1 ტომარა ფქვილზე კი ამ დროისთვის ფასი 43 ლარია, რაც შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს.

მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის ფოთამდე მოტანილი 1 ტონა ხორბლის ფასი 385 აშშ დოლარი (ამას ემატება განბაჟების 18%, ტონა ხორბლის ტრანსპორტირება 20 აშშ დოლარი და სხვა ხარჯები) იყო, 1 ტომარა ფქვილი კი ბაზარზე ხარისხის შესაბამისად 48-50 ლარი ღირდა.

საქართველო ყოველწლიურად 800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ემბარგოს გამოცხადებამდე, საქართველოში მოხმარებული ხორბლის 75% სწორედ რუსეთიდან შემოტანილზე მოდიოდა, 12% ადგილობრივ ხორბალზე, დანარჩენი კი - ყაზახეთსა და უკრაინაზე. საქართველოში მოყვანილი ხორბლის მოსავლის პროგნოზის შესაბამისად, მისი წილი 20%-მდე გაიზრდება.

"სილქნეტი" ინტერნეტპროვაიდერების ბაზრის 43,6%-ს აკონტროლებს

თბილისი (GBC) - ინტერნეტპროვაიდერი "სილქნეტი" (silknet.com - ყოფილი "გაერთიანებული ტელეკომი") ინტერნეტმომსახურების ბაზარზე ლიდერის პოზიციას იმყარებს.

top.ge-ის 2 ივლისის რეიტინგის შედეგებით, კომპანია ბაზრის 43,6%-ს აკონტროლებს, 2 ივნისის მდგომარეობით კი მისი წილი 43%-ს შეადგენდა.

ასევე top.ge-ს მონაცემებით, "კავკაზუს ონლაინის" წილი 2 ივნისის მონაცემებით 35,23%-ია, ხოლო 2 ივნისისთვის - 35,82% იყო.

"სილქნეტის" წილი ბაზარზე გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის 41,06%-ს არ აღემატებოდა, შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ წილის 2,54%-ით გაზრდა მოახერხა, სამაგიეროდ, ამავე პერიოდში მომხმარებელთა რაოდენობა "კავკაზუს ონლაინს" 3,63%-ით შეუმცირდა.

top.ge-ის მონაცემებით, მესამე პოზიცია კომპანია "ეგრისს" უკავია 11,24%-იანი წილით, ხოლო შარშან ამ პერიოდისთვის მისი წილი 9,96%-ს შეადგენდა.

1 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბაზარზე "მაგთიკომის" წილი. მიმდინარე წლის 2 ივლისის მონაცემებით, მისი საბაზრო წილი 3,43%-ია, შარშან კი ეს მაჩვენებელი 3,85% იყო. კომპანია მომხმარებლებს მობილური ინტერნეტის გარდა, ინტერნეტმომსახურებას "მაგთი ფიქსის" ბრენდითაც სთავაზობს. კომპანია ბაზრის წილის ფლობის მაჩვენებლით მეოთხე ადგილზეა.

მეხუთე ადგილზე ბაზრის შედარებით ახალი მოთამაშე, კომპანია "სიჯისია" (cgc), მისი წილი 2,41%-ს შეადგენს. შარშან კი კომპანიის წილი 2,09%-ს შეადგენდა. ამავე პერიოდში 0,9-დან 1,25%-მდე არის გაზრდილი კიდევ ერთი ახალი კომპანიის, "მაქსიმალის" საბაზრო წილი.

"მაგთიკომის" კონკურენტი "ჯეოსელის" წილი ინტერნეტმომსახურების ბაზარზე 1 წელში თითქმის უცვლელია და 0,26%-ს შეადგენს.

ინტერნეტპროვაიდერს შორის ფიგურირებს ფიჭური კავშირგაბმულობის მესამე ოპერატორი "ბილაინი" - მისი წილი ბაზარზე 2 ივლისისთვის 0,13%-ია.

top.ge-ის რეიტინგი 18 პროვაიდერის საბაზრო წილების შესახებ ინფორმაციას ასახავს.

"ბიჯი კაპიტალს" "მტკვარიჰესის" მშენებლობის საპროექტო ვადებში დასრულება ეეჭვება

თბილისი (GBC) - "საქართველოს ბანკის" საინვესტიციო ბანკის "ბიჯი კაპიტალი" ანალიტიკოსები "მტკვარიჰესის" 2013 წლისთვის დასრულებას ეჭვობენ. "მტკვარიჰესს" "კავკასიის ენერგია და ინფრასტრუქტურა" აშენებს.

"უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) მიერ გამოყოფილი 58 მლნ აშშ დოლარი 46-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტისთვის, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 90 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, საკმარისია, მაგრამ მისი დასრულების დრო ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამჟამად ძნელია თქმა, მოახერხებს თუ არა კომპანია პროექტის 2013 წლისთვის დასრულებას", - აღნიშნავს "ბიჯი კაპიტალის" სააქციო კაპიტალის ბაზრის ანალიტიკოსი გიორგი ირემაშვილი.

ამ დასკვნის გაკეთების უფლებას იძლევა "კავკასიის ენერგია და ინფრასტრუქტურის" (CEI) კვარტალური ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში შემოვლითი არხის მშენებლობა დაიწყო.

2011 წლის პირველ კვარტალში შემოსავლებმა დაახლოებით 1800 აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც EBITDA უარყოფითი იყო და 282000 აშშ დოლარით განისაზღვრა, ხოლო წმინდა მოგება - 66 000 აშშ დოლარით.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ ვინაიდან პროექტი ჯერ არ დასრულებულა, ფინანსური მაჩვენებლები უმნიშვნელოა.

ამასვე აღნიშნავს CEI-ის გენერალური დირექტორი არჩილ მამათელაშვილი, რომლის განმარტებით, ფინანსური მაჩვენებლები მხოლოდ პროექტის ამოქმედების შემდეგ გახდება მნიშვნელოვანი, ამ დროისთვის კომპანია შემოსავლებს აქტივების სხვადასხვა მიმართულებით დაბანდებით იღებს.

მისი განცხადებით, პროექტის 2013 წლისთვის დასრულება კომპანიის სურვილია და შესაბამისად, ასეც იგეგმება, თუმცა ლიცენზიით გაწერილი ვადა 2015 წელია.