"გამოცდილი მეფრინველე მობუზულ წიწილას შეხედვითაც ატყობს, რა სჭირს..."
"თავიდან შესაფერისი ნაგებობა რომ არ გვქონდა, ძალიან ვწვალობდით, ამიტომ შემოსავალი მცირე ფერმის აშენებას მოვახმარეთ, ნაწილიც ვისესხეთ და ამოვისუნთქეთ"
პროდუქტი რომ ძვირდება და უამრავ ადამიანს სრულფასოვანი კვების საშუალება არ აქვს, არა მხოლოდ სახელმწიფოს უმოქმედობის შედეგია, არამედ - საზოგადოებისაც. დღეს ჩვენი სოფლების მოსახლეობის უმეტესობა ცხოველებისა და ფრინველების მოშენებით თავს არ იწუხებს. შეხვდებით უამრავ გადახრიოკებულ ეზოს, სადაც ცხოველ-ფრინველის ჭაჭანება არ არის, მოსახლეობა კი მეცხოველეობა-მეფრინველეობის პროდუქციის შესაძენად რაიონულ ცენტრებში, ან უარესი - დედაქალაქში დადის. ამ დარგში საოჯახო მეურნეობებისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერა უმნიშვნელოა. თანადაფინანსების პროგრამები, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს. გაიზარდა მარცვლეულის ფასი, შესაბამისად, მოიმატა ფრინველის ხორცისა და კვერცხის ფასმაც.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის მცხოვრები ვახტანგ გოხიძე დახმარებას ვერ ეღირსა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი და მის მსგავსთა მუხლჩაუხრელი შრომა და საოჯახო ფერმები ოდნავ მაინც ამსუბუქებს მეფრინველეობის პრობლემებს.
- ლამის მთელი ცხოვრება მე და მამაჩემი ფრინველს ვუვლიდით, რის გამოც ხშირად მეუბნებიან, ბიჭო, მშრომელი ადამიანი ხარ, რას გადააკვდი ამ ფრინველს, სხვა რამეშიც იშოვი ფულს და სინჯეო, მაგრამ საქმე მთლად ასე როდია. მართალია, თითო-ოროლა ქათამს შინ ნებისმიერი ჩვენგანი გაზრდის, მაგრამ მე ასეულობით ქათამი მყავს და ამდენი ფრინველის გაზრდას ვერც უსიყვარულოდ შეძლებ და ვერც - საქმის ცოდნის გარეშე.
- დღეს, სამწუხაროდ, უამრავი ოჯახია სოფლად, რომელთა ეზოში ფრინველის ჭაჭანება არ არის, მიზეზად კი ამბობენ, ქათმის გაზრდა გაჭირდა და ძალიანაც რომ ვეცადოთ, ვერ გავზრდით, წიწილა კვერცხშივე სხვადასხვა ინფექციით ავადდება და გვეხოცებაო... - წიწილის მოვლა ვინც არ იცის და არც სწავლა აინტერესებს, რასაკვირველია, ის ქათამს ვერ გაზრდის. წიწილას ისევე სათუთად რომ მოუვლი, როგორც ჩვილს, რასაკვირველია, გაიზრდება და კვერცხსაც უამრავს მოგცემს, ხოლო თუ არ მოუარე, წიწილაც დაიხოცება და პირუტყვიც. გამოცდილი მეფრინველე მობუზულ წიწილას შეხედვითაც ატყობს, რა სჭირს და დროზე მიხედავს, თორემ გართულებულ დაავადებას აღარაფერი შველის.
- წიწილა რომ არ დაეხოცოთ, რით უნდა კვებოს ხალხმა? რა თქმა უნდა, შინაურ პირობებში. - რომელი ერთი ვთქვა... მე ასეულ ფრთა წიწილას მხოლოდ დაღერღილ ხორბალს ვაჭმევ და, რა თქმა უნდა, პირველ დღეებში აუცილებელ ვიტამინებსაც ვამატებ. შინაურ პირობებში წიწილების გამოზრდა კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. კარგად მახსოვს, ჩემი უფროსი თაობა წიწილებს წვრილად დაჭრილი, ნაჯახით დაკეპილი ჭინჭრითა და მჭადის ფქვილის ნაზავით კვებავდა. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ჭინჭარი წიწილას კუჭ-ნაწლავის ინფექციას აშორებდა და აჯანსაღებდა. დარწმუნებული ვარ, ახლა წიწილებისთვის ჭინჭარს აღარავინ დაკრეფს, მაგრამ ფაქტია, რომ ის სამკურნალო საშუალებაა.
გარდა ამისა, ზოგიერთი პირველ დღეებში წიწილებს მაგრად მოხარშული, წვრილად დაჭრილი კვერცხითაც კვებავს. ამისთვის ყოველ ორ დღეში ყოველ 10 წიწილაზე 1-2 ცალია საჭირო. წიწილები უნდა იკვებონ დღეში 5-6-ჯერ, დროის თანაბარ მონაკვეთებში. რაც შეეხება მედიკამენტებს, სხვა ბევრი არაფერი აქვს ჩვენს ქვეყანას, თორემ აფთიაქებითა და ვეტაფთიაქებითაა გადავსებული.
ასე რომ, სურვილის შემთხვევაში ადამიანს სოფელში თითო-ოროლა ფრინველის გაზრდა არ უნდა გაუჭირდეს, ისევ თავის საკეთილდღეოდ, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის.
რაც შეეხება ჩანასახშივე წიწილის დაავადებას, რა თქმა უნდა, ასეც ხდება, მაგრამ აქაც ცოდნაა საჭირო. თუ კრუხს ჯანმრთელ კვერცხზე დასვამ, წიწილა როგორ დაავადდება?! სურვილის შემთხვევაში ისეთ ინკუბატორებსაც იპოვი, სადაც დაავადებულ წიწილას არ შემოგასაღებენ. მე თითო-ოროლა ფრინველის ანაბრად არასოდეს ვყოფილვარ, ყოველთვის ბევრი მყავდა და მყავს, რაშიც მამაჩემიც მეხმარება და ძალ-ღონეს არ იშურებს.
ორი კაცის შრომამ მეფრინველეობა ჩვენი ოჯახის საარსებო წყაროდ აქცია. მართალია, ამით ვერ ვმდიდრდები, მაგრამ არც გვიჭირს, არავისზე დამოკიდებული არ ვართ და არც ნატურალური ხორცის ნაკლებობას განვიცდით.
- მიღებული შემოსავლით მცირე ფერმაც აგიშენებიათ. - თავიდან შესაფერისი ნაგებობა რომ არ გვქონდა, ძალიან ვწვალობდით, ამიტომ შემოსავალი მცირე ფერმის აშენებას მოვახმარეთ, ნაწილიც ვისესხეთ და ამოვისუნთქეთ.
ფერმის აშენების შემდეგ მეხორცული ფრინველის რაოდენობა გავზარდეთ. ფერმა დიდი არ არის, მაგრამ 600 ფრთა "ბროლიას" მაინც ვზრდით. ქათმის რეალიზაცია არ გვიჭირს, მასზე დიდი მოთხოვნაა. სახელმწიფო რომ დაგვხმარებოდა და თანადაფინანსება გაეწია, უფრო ბევრსაც გავზრდიდით; ჩვენთვისაც კარგი იქნებოდა და სხვისთვისაც, მაგრამ ამას ვერაფრით მივაღწიეთ, არ გამოჩნდა მეფრინველეობის დახმარების პროგრამა. ამიტომ გაფართოებაზე ხელი ჩავიქნიეთ. ამ ეტაპზე 1000 ფრთა ჩვენებური, ქართული, ჯანსაღი კვერცხის მდებელი ქათამი მყავს. მინდოდა კვერცხის წარმოება დამეწყო, მაგრამ იძულებული ვარ, გავყიდო.
- 1000 ფრთა ქათამი ბევრია ქართული ბაზრისთვის, რომელიც ისედაც მცირდება. - ეს რომ ვიცოდი, სწორედ ამიტომ მოვაშენე ქართული ქათამი. ამდენი წიწილა არ არის იოლი გასაზრდელი, მაგრამ შევძელი. ლამის ღამეებს ვათევდი, რომ არ დაავადებულიყვნენ. სულ ნატურალურ პროდუქციაზე გავზარდე. ქიმიური დანამატებით გაჯერებული საკვების მომხრე არ ვარ. მე თუ არ მინდა, ჩემმა ოჯახმა ასეთი საკვები მიიღოს, სხვისი ოჯახებისთვის ეს რატომ უნდა მინდოდეს?! რაღა თქმა უნდა, კვერცხიც ნატურალური მექნებოდა, მაგრამ აღარ გამოდის, არადა, გული მწყდება, ჩემი სახსრებით კი სრულფასოვან ფერმას ვერ ავაშენებ. ხალხი მთხოვს, ოღონდ ეგ ქათმები არ გაყიდო, პირობას გაძლევთ, კვერცხი გაუყიდავი არ დაგრჩებაო.
სწორედ ამიტომ ვემდური სახელმწიფოს - მე და ჩემისთანებს, ვისაც საქმე უყვარს, ვერ და არ ეხმარება. ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩვენში სწორედ სახელმწიფოს დახმარებით აშენებული რამდენიმე გიგანტური ფერმა არსებობს, მაგრამ არა მგონია, მათ ჩვენს მდგომარეობას უშველონ. ფაქტია, რომ ყველაფერი ძვირდება, არადა, სახელმწიფოს რომ მოენდომებინა და მეფრინველეობის განვითარების პროგრამას ემოქმედა, ამ დარგში არაერთი ადამიანი შექმნიდა დამატებით პროდუქციას.