"დივანზე ვიჯექი, ყავას ვსვამდი და უცებ ყველაფერი ჩამოინგრაო..." - რას ჰყვება ბათუმში, კორპუსის ნგრევას გადარჩენილი მამაკაცის და
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ გადარჩენილის, ზვიად თავდგირიძის და, მაია თავდგირიძე Ambebi.ge-სთან ამბობს, რომ მისი ძმის მდგომარეობა ახლა უკეთესია.
"იხსენებს, დივანზე ვიჯექი, ყავას ვსვამდი და უცებ ყველაფერი ჩამოინგრაო. ახლა უკეთესად არის. 11 საათი გაატარა ნანგრევებში, ვერტიკალურ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, მისთვისაც რთულია ამ ყველაფრის გახსენება და ვცდილობთ, ამ თემაზე ჯერ არ ვესაუბროთ.
ეს იყო კოშმარული დღე არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ბათუმისთვის და მთელი საქართველოსთვის. საშინელებაა, როცა ყველაფერი გენგრევა და რაც მთავარია, როცა ოჯახის წევრი გყავს შიგნით, რომელიც არ იცი, რა მდგომარეობაშია და საერთოდ, გამოვა თუ არა ცოცხალი.
სხვა მეზობლებისგან განსხვავებით, ჩვენი მდგომარეობა ოდნავ უკეთესი იყო იმით, რომ 40 წუთში უკვე მაშველებმა იცოდნენ, თუ სად იყო, მთელი დღის განმავლობაში იყო კონტაქტური და მთელი დღის განმავლობაში ვიღებდით ინფორმაციას მაშველებისგან, რომ იყო ცოცხალი.
ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ჰყავს ცოლ-შვილი, ტყუპი შვილი და მათ ზუსტად ათი წუთით გამოასწრეს", - ამბობს მაია თავდგირიძე.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილთა შორის ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც გადარჩა.
37 წლის მამაკაცი აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, აკაკი ბერიძის შვილიშვილია.
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.