"ორი პრეზიდენტი გვყავდა დევნილობაში - ზვიად გამსახურდია, რომელიც დავამხეთ და მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აბსოლუტურად არადასაბუთებული ბრალდებით ზის"
"დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში, თვითონ როგორც ინსტიტუტის წარმომადგენელი ციხეში, არის პრობლემა ქართული სახელმწიფოსთვის", - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.
მისივე განმარტებით, ქართული საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს, სურს თუ არა ერთ წრეზე სიარული, რომელიც გულისხმობს იმას, რომ "ახალმა ხელისუფლებამ უნდა სდიოს ძველ ხელისუფლებას".
"მე მიხეილ სააკაშვილთან 2016 წლის შემდეგ ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ადამიანურად მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მას, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელმაც ბევრი გააკეთა ამ ქვეყნისთვის და ასევე, ბევრი გააკეთა უკრაინისთვის. 31 წლის ხდება ჩვენი სახელმწიფო და ამ წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, ორი პრეზიდენტი გვყავდა დევნილობაში. ზვიად გამსახურდია, რომელიც დავამხეთ და ეს იყო სამხედრო გადატრიალება და მეორე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჩემთვის, მე რა იურიდიული ცოდნაც მაქვს, აბსოლუტურად არადასაბუთებული ბრალდებით ზის. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში ვერც ვერაფერი დავივიწყეთ და ვერც ვერაფერი ვისწავლეთ. დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში, როგორც ინსტიტუტის წარმომადგენელი ციხეში, არის პრობლემა ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენ ერთი და იმავე წრეზე უნდა ვიტრიალოთ? ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ახლა საით მივდივართ და რა გვინდა, რომ საქართველო იყოს 10 წლის შემდეგ. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო 10 წლის შემდეგ იგივე ქვეყანა იყოს ? დღეს საქართველოში არის პოლარიზაცია ანუ ჩვენ 1991 წელს ვართ დაბრუნებული, დღეს არის გაყოფილი საქართველო და გამარჯვებულ ნახევარს არ უნდა ხელი გაუწოდოს დამარცხებულ ნახევარს. დღეს ფაქტია, რომ 46% აქვს "ქართულ ოცნებას", 45% თუ 48%, არის მეორე 50%, რომელსაც არ მოსწონს "ქართული ოცნება", მაგრამ "ქართული ოცნება" ნაბიჯს არ დგამს, რომ ეს ყველაფერი მოაგვაროს. ჩვენ გადავწყვიტოთ, გვინდა ასეთი ქვეყანა? ეს ხელისუფლება ადრე თუ გვიან შეიცვლება და გვინდა, რომ ახალმა ხელისუფლებამ სდიოს წინა ხელისუფლებას და ერთ წრეზე ვიტრიალოთ ?,"- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.