"ნაცმოძრაობის" 14 ოქტომბრის აქცია არ იქნება ისეთი მასშტაბური, რომ ამან ქვეყანა შეაზანზაროს"
ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ 14 ოქტომბერს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციაზე მხოლოდ პარტიული აქტივი მობილიზდება და აქცია ისეთი მასშტაბური არ იქნება, რომ "ქვეყანა შეაზანზაროს".
როგორც ძაბირაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, არ აქვს მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტში პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანები ჩაერთვებიან.
"ველოდები, რომ აქციაზე იქნება პარტიული აქტივი, რის მობილიზებასაც შეძლებს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა". მეეჭვება, რომ ამ აქციაში პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანები ჩაერთონ. ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს გუშინ თაკო ჩარკვიანის მიერ ჩატარებული აქცია, სადაც ნეიტრალური ადამიანების რაოდენობა ფაქტობრივად მინიმუმი იყო. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ ზოგადად, საზოგადოება და არა "ნაციონალური მოძრაობის" ორბიტაზე მყოფი ადამიანები, ამ პროცესს არ აღიქვამს ისე ტრაგიკულად, როგორც უნდათ, რომ წარმოაჩინონ. შესაბამისად, ველოდები, რომ იქნება აქცია, მაგრამ არა ისეთი მასშტაბური, რომ ამან ქვეყანა შეაზანზაროს. უფრო თეატრალიზებული იქნება. არ ვიცი, რას აპირებენ, მაგრამ სხვადასხვა ქალაქიდან მსვლელობები იქნება. ალბათ 10 ათასი ადამიანის ფარგლებში იქნება, უფრო მეტს ნამდვილად არ ველოდები",- განაცხადა ძაბირაძემ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისადმი საზოგადოების მხარდაჭერას, კითხვაზე, რა წვლილი აქვს ამ პროცესში "ქართული ოცნებას", ძაბირაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს "საფრთხობელად იყენებს".
მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი წარმატებით გამოიყენა იმისთვის, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა".
"ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დიდი ელექტორატი ჰყავს, არავისთვის საიდუმლო არ არის. ეს ის ხალხია, ვინც სააკაშვილის გათავისუფლებასაც ითხოვს, იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი მნიშვნელოვნად, 90%-ით მაინც სააკაშვილისადმი მხარდაჭერითაა განპირობებული. ამ შემთხვევაში სააკაშვილს გაცილებით მეტი გავლენა აქვს, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ელიტას მთლიანობაში, სააკაშვილის გარეშე.
რაც შეეხება იმას, დაუშვა თუ არა "ქართულმა ოცნებამ" შეცდომები, "ქართულმა ოცნებამ" ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, არა მარტო ამ, არამედ ბევრი სხვა მიმართულებით. "ქართულმა ოცნებამ" არც უარი თქვა სამართლიანობის აღდგენაზე და არც ბოლომდე მიიყვანა საქმე. სადღაც შუაში გაიჩხირა და ამის შედეგია სააკაშვილისთვის ბრალს წაყენება და ის, რომ სასამართლოს 7 წელი მოუნდა. "ქართულმა ოცნებამ" სააკაშვილი პოლიტიკურად უფრო გამოიყენა, ვიდრე სამართლებრივად. ის, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებას დღემდე ინარჩუნებს, იმის დამსახურებაა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურად და იდეოლოგიურად კუთხეში კი არ მიაყენა ან კი არ გარიყა, არამედ დანარჩენი მოსახლეობისთვის საფრთხობელად დატოვა. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - დღესაც საუბარი მიდის იმაზე, რომ ვინც "ქართული ოცნების" წინააღმდეგია ან არ მოსწონს, ცდილობენ, ყველას "ნაციონალური მოძრაობის" სახელი მიაკერონ. "ნაციონალურ მოძრაობას" სტაბილური მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ არ აქვს რესურსი, რომ მხარდამჭერთა ეს რაოდენობა გაიზრდება,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსა. აქცია თავისუფლების მოედანზე 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე უნდა გაიმართოს.