"მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი გისოსებს მიღმა იმყოფება და თავისუფლება შეზღუდული აქვს, ბედნიერია იმით, რომ თავის სამშობლოშია"
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს. როგორც მან რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მას თავისუფლება შეზღუდული აქვს, ბედნიერია იმით, რომ თავის სამშობლოშია.
"მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა არის ისეთი, როგორიც ალბათ, უნდა იყოს იმ ადამიანის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობს, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მორალურად ის ძალიან მხნედ არის. მე მას ვხვდებოდი ხოლმე ამ წლების განმავლობაში უნგრეთში, პოლონეთში, უკრაინაში შევხვედრივარ. დღეს მის თვალებში დავინახე და ეს მანაც მითხრა საუბარში, მიუხედავად იმისა, რომ ის გისოსებს მიღმა იმყოფება და თავისუფლება შეზღუდული აქვს, ბედნიერია იმით, რომ თავის სამშობლოშია. მე ეს მის თვალებში დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობს და ალბათ, არ არის იმ ენერგიაზე, რა ენერგიაც აქვს", - განაცხადა კირკიტაძემ.
მან მოქალაქეებს მოუწოდა, 14 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე შეიკრიბონ არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ ქვეყნის გათავისუფლებისთვის. დავით კირკიტაძის თქმით, ის მიხეილ სააკაშვილმა გაამხნევა, რომ მეორე ტურისთვის ბრძოლაში ყველაფერი გააკეთოს.
ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო, დავით კირკიტაძემ უპასუხა, რომ მისი გათავისუფლებაა მნიშვნელოვანი.
"მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, მას ჰქონდეს საშუალება, თავისი ნიჭი, ენერგია, კონტაქტები გამოიყენოს ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ამ გაჭირვებიდან ამოსაყვანად",-განაცხადა კირკიტაძემ.
"ეს ხელისუფლება ცდილობს, კონკრეტული ადამიანები მოისყიდოს თავიანთი გადაწყვეტილებებით", - ასე შეაფასა დავით კირკიტაძემ ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირები, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდისათვის, გათავისუფლდებიან ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.
დავით კირკიტაძის თქმით, დღეს პასუხისმგებლიანი მთავრობა იზრუნებდა იმაზე, რომ პური და საწვავი არ გაძვირებულიყო.
"ხომ ამბობენ, არნახული ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, დღეს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება გააკეთებდა იმას, რომ პური არ გაძვირდებოდა, მოახდენდა პურ-პროდუქტების მწარმოებელთათვის გარკვეული შეღავათის დაწესებას. დღეს პასუხისმგებლიანი მთავრობა გააკეთებდა იმას, რომ საწვავი არ გაძვირდებოდა, პირიქით, გაიაფდებოდა და აქციზს შეამცირებდა. აი, ეს სჭირდება დღეს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც უძვირდებათ პურიც, საწვავიც და აბსოლუტურად ყველაფერი. ამას არ აკეთებს ეს ხელისუფლება და ცდილობს, კონკრეტული ადამიანები მოისყიდოს თავიანთი გადაწყვეტილებებით, ეს ხომ ქართველი ხალხის სასიკეთოდ არ აისახება საბოლოოდ", - განაცხადა კირკიტაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირები, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდისათვის, გათავისუფლდებიან ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა და ამავე პერიოდით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.
"ინტერპრესნიუსი"