"მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნაა, მის პირად ექიმს ციხეში შესვლის საშუალება მიეცეს"
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნაა, მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს ციხეში მისი მონახულების საშუალება მიეცეს.
როგორც სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ციხეში მის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, ექიმს სააკაშვილის ნახვის საშუალება ისევ არ მისცენ.
"კარგად ვიცით, როგორ იქცევა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. შესაბამისად, შეიძლება საერთოდ არ მისცენ ნებართვა, თუმცა, ცხადია, ეს ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევა იქნება, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც პატიმარი შიმშილობს", - განაცხადა საძაგლიშვილმა.
მისი განმარტებით, გუშინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო.
"შეინიშნებოდა სისუსტე, მათ შორის გადაადგილებასთან დაკავშირებით ჰქონდა გარკვეულწილად პრობლემები. დღეს მოვინახულებ და მოგახსენებთ, თუ რა მდგომარეობაა", - განაცხადა საძაგლიშვილმა.
რაც შეეხება მონიტორინგის პროცესს, ადვოკატი აცხადებს, რომ მიხილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება.
"მიხეილ სააკაშვილმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და უარი თქვა სამედიცინო ჩარევაზე. მას აქვს სურვილი, რომ მის პირად ექიმს ჰქონდეს მასთან შეხვედრის შესაძლებლობა", - განაცხადა საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი. სამინისტრო ასევე თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველს მიმართავს.