რუსეთის საგარეო საქმე სამინისტრო ჟენევის დისკუსიის 54-ე რაუნდს ეხმაურება
რუსეთის საგარეო საქმე სამინისტრო ჟენევის დისკუსიის 54-ე რაუნდს ეხმაურება, რომელიც ჟენევაში 12-13 ოქტომბერს გაიმართა.
უწყების განცხადებით, დამტკიცდა საერთო აზრი ჟენევის დისკუსიების უალტერნატივობის შესახებ, როგორც მრავალმხრივი უნიკალური პლატფორმისა, რომელიც საშუალებას იძლევა მუდმივი პირდაპირი და ინკლუზიური დიალოგისთვის თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის.
„რუსეთისა და მისი აფხაზი და სამხრეთოსური მოკავშირეების მტკიცებით, ჟენევის ფორმატის მთავარ პრიორიტეტად რჩება საკითხების კომპლექსი, რომლებიც დაკავშირებულია სამხრეთ კავკასიაში მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან. ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, აუცილებელია ფოკუსირება ერთი მხრივ, იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმების დადებაზე საქართველოსთან და მეორე მხრივ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ამ ამოცანის იმპერატიულობა იზრდება დასავლეთის აქტიური ძალისხმევის ფონზე, თბილისის ნატოში მიზიდვასთან დაკავშირებით, რასაც მოწმობს უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგულარული სამხედრო სწავლებები, მათ შორის ალიანსის ცოტახნისწინანდელი მრავალეროვნული მანევრი - „მტკიცე სული - 2021“.
ჟენევის დისკუსიის მონაწილეთა უმეტესობის შეფასებით, საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის პირას ვითარება რჩება შედარებით სტაბილური. რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რუსული მხარის შეთავაზებაა დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით. ამაში მოსკოვს აქტიურად უჭერენ მხარს სოხუმი და ცხინვალი.
რუსეთის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს დესტრუქციული ხაზის კონტრპროდუქტიულობაზე. კონფრონტაციული პოზიციის დაკავებით და ტენდენციური დოკუმენტების გატანით საერთაშორისო ფორმატებში, რომლებშიც არ მონაწილეობენ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ქართული მხარე ამით თავად ბლოკავს მთელ რიგ საკითხებს ჟენევის მოედანზე. უპირველეს ყოვლისა, საუბარია თბილისის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად განსახილველად გამოტანილ რეალობას მოწყვეტილ რეზოლუციაზე გადაადგილებულ პირთა და დევნილთა შესახებ. მსოფლიო საზოგადოებისთვის საკუთარი ცალმხრივი და უკიდურესად პოლიტიკური თვალსაზრისის მოხვევა გაეროს ტრიბუნიდან, რომლისადმი წვდომაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ აქვს, შეუძლებელს ხდის დიალოგს ამ პრობლემის ირგვლივ ჟენევის დისკუსიების ეგიდით“ , - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"