"მარტო დაჭერა, გამწარება და გულისტკივილი არაფერს მოგვიტანს, იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება მე ვიყო პატიმარი"
"თავისუფლება უნდა ყველას, მე ვარ მომხრე იმისა, რომ ყველა ადამიანი გათავისუფლდეს და საყვარელ ოჯახს დაუბრუნდეს, - ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განუცხადა. მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს არ უნდა ეხებოდეს, არამედ ის ადამიანებიც უნდა გათავისუფლდნენ, ვისაც სახლში ოჯახები ელოდებიან.
"ხელის მოწერა ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარია ის, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მინდა სიკეთე, კარგი. მარტო მიხეილ სააკაშვილზე არ არის აქ საუბარი, აქ საუბარია ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც ელოდებიან სახლში მშობლები, დედმამიშვილები",-განაცხადა მეუფე მიქაელმა.
მისი თქმით, ადამიანებმა მიმტევებლობით უნდა იცხოვრონ.
"მარტო დაჭერა, გამწარება და გულისტკივილი არაფერს მოგვიტანს, იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება მე ვიყო პატიმარი და ხვალ შენ. შერიგებას რა სჯობს, 100 პარტიაა და 100 ნაწილად გაიყოს საქართველო?! "- განაცხადა მეუფე მიქაელმა.
მისი განმარტებით, საზოგადოების შერიგება და ერთიანობა ეკლესიაში ხდება.
"უნდა დავუჯეროთ პატრიარქს იმიტომ, რომ ღმერთმა ასე ბრძანა. ის არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი",-აღნიშნა მეუფე მიქაელმა.
"სუს-ის ფაილები არ მაინტერესებს და რა გავაკეთო? შეიძლება 5 პროცენტი სიმართლე იყოს და 95 პროცენტი "მიკერებული". ეკლესიასაც უსმენენ და ყველაფერს", - ამის შესახებ მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს ე.წ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი განმარტებით, სასულიერო პირები ეკლესია-მონასტრებს აშენებენ და ლოცულობენ.
"ჩვენ ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, თუ ერთმანეთს დავუდგებით გვერდში კარგი იქნება, თუ ერთმანეთს გავლანძღავთ და ცუდს ვიკადრებთ, ვინც ცუდს იკადრებს, ის პასუხს აგებს",- აღნიშნა მეუფე მიქაელმა.
ცნობისთვის, გავრცელდა ჩანაწერები, რომლის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სავარაუდოდ, სასულიერო პირებს, ჟურნალისტებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს უსმენს.